|
2019-12-11 21:55:53, 2202 ნახვა
ეკონომიკა
ნათია თურნავა - მგზავრთნაკადის ზრდა და მათთვის უსაფრთხო და მაქსიმალურად კომფორტული პირობების შექმნა მნიშვნელოვანია
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში საქართველოს აეროპორტებში არსებული მდგომარეობისა და სამომავლო პროექტების შესახებ პრეზენტაცია გაიმართა. მინისტრმა ნათია თურნავამ „საქართველოს აეროპორტების გაერთიანების" ხელმძღვანელებისგან მოისმინა დეტალური ინფორმაცია მგზავრთნაკადის სტატისტიკის, მიმდინარე და დაგეგმილი პროექტების, მათ შორის, საქართველოს ავიაბაზარზე ახალი ავიაკომპანიების შემოსვლის, ფრენების უსაფრთხოების ამაღლებისა და მგზავრობის პირობების გაუმჯობესების კუთხით გადადგმული ნაბიჯების შესახებ. პრეზენტაცია კომპანიის გენერალურმა დირექტორმა გიორგი ჩოგოვაძემ წარმოადგინა. მისი თქმით, საქართველოს ხუთივე აეროპორტის - სამი საერთაშორისოს და ორი ადგილობრივის - განვითარებისთვის 2019 წელს მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები იქნა მიღებული. მან განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა აეროპორტებში მგზავრთნაკადის სტატისტიკაზე. გიორგი ჩოგოვაძის ინფორმაციით, საქართველოს აეროპორტების გაერთიანების პროგნოზით, თბილისის აეროპორტში წლის დასაწყისში არსებული მოლოდინით, როდესაც რუსეთის მიმართულებით ფრენები სრულდებოდა, ნოემბერში 13-პროცენტიანი ზრდა უნდა ყოფილიყო, რეალურად კი თბილისის შემთხვევაში გვაქვს 18-პროცენტიანი კლება. ბათუმის აეროპორტში საპროგნოზო 15-პროცენტიანი ზრდის ნაცვლად, მხოლოდ 7-პროცენტიანი ზრდა დაფიქსირდა. ერთადერთი საერთაშორისო აეროპორტი, სადაც არსებული მაჩვენებლები მოლოდინებზე მეტია, ქუთაისის აეროპორტია. 2019 წლის დასაწყისში, ნოემბრის თვეში 42 პროცენტიანი ზრდის მოლოდინი იყო, რეალურმა ზრდამ კი 50 პროცენტი შეადგინა. საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ხელმძღვანელის შეფასებით, ამის მიზეზია ქუთაისში ახალი დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანიის Ryanair - ის შემოსვლა და Wizz air-ის მიერ ახალი მიმართულებების დამატება. გიორგი ჩოგოვაძის განცხადებით, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში დასასრულს უახლოვდება სარეკონსტრუქციო სამუშაოები, რის შედეგადაც აეროპორტის გამტარუნარიანობა 4-ჯერ გაიზრდება და საათში 1200 მგზავრის შეუფერხებლად გატარებას შეძლებს. ახალი აეროპორტის საშუალო წლიური გამტარუნარიანობა 2 მლნ მგზავრს შეადგენს. მისი თქმით, ქუთაისის აეროპორტის ახალი ტერმინალის მშენებლობა პროექტით გათვალისწინებულ ვადებში დასრულება და პირველ მგზავრებს 2020 წლის შემოდგომაზე მიიღებს. "ჩვენ სამოქალაქო ავიაციის სფეროში ვაგრძელებთ „ღია ცის" პოლიტიკას, რაც უზრუნველყოფს ახალი ავიაკომპანიების შემოსვლას და ახალი პირდაპირი მიმართულებების განვითარებას. ეს ასევე არის გაზრდილი მგზავრთნაკადი, რომელთა დიდი ნაწილიც ტურისტული მიზნებით ჩამოდის საქართველოში. ამდენად, მგზავრთნაკადის ზრდა და მათთვის უსაფრთხო და მაქსიმალურად კომფორტული პირობების შექმნა მნიშვნელოვანია ტურიზმისა და ქვეყნის ეკონომიკის სხვა სექტორების განვითარებისთვის," - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ. ამავე დროს, მინისტრის თქმით, აუცილებელია, ქუთაისის აეროპორტში სარეკონსტრუქციო სამუშაოების პარალელურად მგზავრთა მომსახურების ხარისხის გაუმჯობესება. ნათია თურნავამ საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ხელმძღვანელობას როგორც ქუთაისში, ასევე საქართველოს სხვა აეროპორტებში მიმდინარე და დაგეგმილი პროექტების განხორციელებაზე მკაცრი მონიტორინგი დაავალა.
არდა გიულერი 2025/26 წლების უეფას ჩემპიონთა ლიგის აღმოჩენად დასახელდა
ხვიჩა კვარაცხელია ჩემპიონთა ლიგის 2025/2026 წლების სეზონის საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა
Bloomberg: ევროკავშირი რუსული ნავთობის ფასის ლიმიტის გაყინვას განიხილავს
საქართველოს პროკურატურამ ჯაშუშობის საქმეზე დაკავებულ ორ პირს ბრალი წაუყენა
|
რედაქტორის რჩევით
ვინ დააშინა პოლიციის ნაცემი პაპუნა ლოცულაშვილის ოჯახი - რატომ ითხოვს ძმა საზოგადოებრივი ინტერესის მინელებას
რა არის სუპერ ელ-ნინიო (Super El Niño) და დაატყდა თუ არა საქართველოს და მსოფლიოს უჩვეულო კლიმატი
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)