14:52 - 21 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-08-21 13:43:36, 261 ნახვა

პოლიტიკა
გაეროს უშიშროების საბჭო რუსეთს ჯარების გაყვანისა და ოკუპაციის დასრულებისკენ მოუწოდებს

2026 წლის 20 აგვისტოს, გაეროს უშიშროების საბჭომ დახურულ სხდომაზე, რუსეთ-საქართველოს ომის მე-18 წლისთავთან დაკავშირებით, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარება და რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის საკითხი განიხილა.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სხდომაზე გაეროს გენერალური მდივნის თანაშემწემ, მოჰამედ ხალედ ხიარიმ საბჭოს წევრებს ადგილზე არსებული უსაფრთხოების მდგომარეობისა და ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების პროცესის შესახებ განახლებული მოხსენება წარუდგინა.

სხდომის დასრულების შემდეგ, უშიშროების საბჭოს წევრი ქვეყნების — გაერთიანებული სამეფოს, საფრანგეთის, ლატვიის, დანიისა და საბერძნეთის, ასევე მომავალი წევრების, ავსტრიისა და პორტუგალიის წარმომადგენლები ერთობლივი განცხადებით წარდგნენ.

პარტნიორმა ქვეყნებმა მტკიცე მხარდაჭერა გამოუცხადეს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში და მკაცრად დაგმეს რუსეთის 2008 წლის სამხედრო აგრესია, განგრძობადი უკანონო ოკუპაცია და ანექსიისკენ გადადგმული ნაბიჯები, მათ შორის 2026 წლის 9 მაისს რუსეთსა და ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმს შორის გაფორმებული ე.წ. „მოკავშირეობის თანამშრომლობის გაღრმავების“ შეთანხმება.

ერთობლივ განცხადებაში დასავლელმა პარტნიორებმა მიესალმნენ ნაურუს რესპუბლიკის გადაწყვეტილებას „აფხაზეთისა“ და „სამხრეთ ოსეთის“ აღიარების უკან გაწვევის შესახებ და სხვა ქვეყნებსაც მოუწოდეს, მიბაძონ ამ მაგალითს. ამასთან, ხაზგასმით აღინიშნა, რომ რუსეთი კვლავ არ ასრულებს ევროკავშირის შუამავლობით 2008 წლის 12 აგვისტოს დადებულ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას, უარს ამბობს ჯარების გაყვანაზე და აგრძელებს რეგიონის მილიტარიზაციას.

განცხადების ავტორებმა დაგმეს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებების მძიმე დარღვევები, ხაზი გაუსვეს დევნილთა საკუთარ სახლებში ღირსეული დაბრუნების აუცილებლობას, მხარი დაუჭირეს ჟენევისა და ერგნეთის მოლაპარაკებებს და გალის შეხვედრების დაუყოვნებლივ აღდგენა მოითხოვეს. საბოლოოდ, ქვეყნებმა კიდევ ერთხელ მოუწოდეს რუსეთის ფედერაციას, დაუყოვნებლივ გაიყვანოს თავისი შეიარაღებული ძალები საქართველოს ტერიტორიიდან, უკან წაიღოს ოკუპირებული რეგიონების აღიარება და დაუშვას საერთაშორისო ჰუმანიტარული ორგანიზაციები აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში.

 





ავტორი: გიორგი ბაზაევი, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2010 წლიდან


სოციალური ქსელები
გაეროს უშიშროების საბჭო რუსეთს ჯარების გაყვანისა და ოკუპაციის დასრულებისკენ მოუწოდებს
რუსთაველის რეაბილიტაციის გამო კალაძე მოსახლეობას ორთვიანი მოთმინებისკენ მოუწოდებს
ალასკაში ჩარტერული თვითმფრინავის ჩამოვარდნის შედეგად ბორტზე მყოფი 8 პირი დაიღუპა
საწვავის დეფიციტის ფონზე ოკუპირებულ აფხაზეთში რუსეთიდან ბენზინის პარტია შედის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics