2026-08-19 12:49:48, 251 ნახვა
პოლიტიკა
ივანიშვილის მარიონეტი მაჭავარიანი წერს, რომ ყველაფერი გააკეთეს მედიის, არასამთავრობოების გასაქრობად, მიიღეს შესაბამისი კანონები
აგენტურული ოპოზიციისგან, მათთან აფილირებული მდიდარი NGO-ებისგან და მათი ულტრამემარცხენე, ფსევდოლიბერალი აქტივისტებისგან ხშირად გვინახავს თავდასხმა საზოგადოების უდიდეს უმრავლესობაზე, რასაც, თავისთავად, კიდევ უფრო გაუზრდია პოლარიზაციის ხარისხი ჩვენს ქვეყანაში, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრი ლევან მაჭავარიანი სოციალურ ქსელში წერს.
მისი თქმით, „ამ აქტორების მხრიდან ძალიან ბევრჯერ ჰქონია ადგილი გარე მითითებით ტყუილებზე დაფუძნებული ნარატივის გავრცელებას და ისეთი აღქმების შექმნის მცდელობას, თითქოს თეთრი შავია, რაც მოსახლეობის აბსოლუტურ უმრავლესობას არ მიუღია, რის გამოც დამუნათების, ზიზღის, ბულინგისა და შეურაცხყოფის კარგად ორგანიზებული კამპანიის მსხვერპლი მყისიერად გამხდარა“.
„ამის თვალსაჩინო მაგალითია გამჭვირვალობის ქართული კანონი. მხოლოდ იმისათვის, რომ ნინო ლომჯარიას, ეკა გიგაურის, ბაია პატარაიასა და კოლექტიური „სოროსისტების“ დაფინანსების წყაროები არ გამხდარიყო საჯარო, კელი დეგნანის თაოსნობით, აგენტურული ოპოზიციის უკლებლივ ყველა პარტიამ და მათმა ულტრამემარცხენე, ფსევდოლიბერალმა აქტივისტებმა „აფერისტული“ კამპანია – სახელწოდებით „რუსული კანონი“ – მოზღვავებული ენერგიით, დაუნდობელი აგრესიითა და უკიდურესი ზიზღით აწარმოეს. ამ აღვირახსნილმა კამპანიამ საზოგადოების გარკვეული ნაწილი მართლაც შეიყვანა შეცდომაში, ხოლო ვინც ვერ მოატყუეს და „ბედავდა“ კითხვის დასმას, თუ რატომ იყო NGO-ების ფინანსების გასაჯაროება რუსული, პასუხად „იმიტომ“-ს და, ამ „იმიტომ“-თან ერთად, უამრავ შეურაცხყოფას იღებდა. ყველაზე უფრო ფაშისტური მეთოდებით უკრძალავდნენ მოქალაქეებს კანონის წაკითხვას და ამ კანონის შინაარსში შესვლას. ძალიან ბევრი ადამიანი აქციაზე მხოლოდ „სელფის“ გადასაღებად გადიოდა, რომ რუსთაველიდან ფოტოს დადებით თავიდან „რუსეთუმეს“ იარლიყის მიწებება, დამცირება და შეურაცხყოფა აერიდებინა. დარწმუნებული ვარ, ამ პოსტის წაკითხვისას ბევრს გაგახსენდებათ საკუთარ თავზე გამოცდილი ეს ფსიქოლოგიური ტერორი
სოციალურ ქსელებში ყველაზე ხშირად გავრცელებულ რამდენიმე ქარდს შევეხები, რომ ამ კამპანიის აბსურდულობის მასშტაბი გაგახსენოთ. კანონის მიღების შემთხვევაში: გავიღვიძებდით „ჩელიაბინსკში“; ავკრძალავდით ოპოზიციურ მედიასაშუალებებს; ავკრძალავდით NGO ორგანიზაციებს; ემიგრაციაში მყოფი ქართველები ოჯახებს ფულს ვეღარ გადმოურიცხავდნენ; სტუდენტები დაფინანსებით ვეღარ ისარგებლებდნენ; ფერმერებს აეკრძალებოდათ გრანტების მიღება; როგორ შეიძლებოდა ეჭვქვეშ დაგვეყენებინა USAID-ისა და NED-ის დაფინანსება?! გავიდა ორი წელი: არ გაგვღვიძებია „ჩელიაბინსკში“; არ აკრძალულა ოპოზიციური მედიასაშუალებები; არ აკრძალულა NGO ორგანიზაციები; ემიგრანტებს არ შექმნიათ გადმორიცხვის პრობლემა; სტუდენტებს არ შექმნიათ დაფინანსებით უცხოეთში სწავლის პრობლემა; ფერმერები იღებენ გრანტებს და აგრძელებენ მიწაზე მუშაობას; ხოლო რაც შეეხება USAID-სა და NED-ს, აშშ-ის დღევანდელმა ადმინისტრაციამ ორივე ეს ორგანიზაცია კრიმინალებად გამოაცხადა, ფაქტებით დაადასტურა, რომ ისინი არაჯანსაღ პროცესებს, ქაოსსა და რევოლუციებს არა მარტო საქართველოში, არამედ მსოფლიოს ძალიან ბევრ ქვეყანაში აფინანსებდნენ და დახურა ორივე ორგანიზაცია. მოკლედ რომ ვთქვათ, ამ 2 წელში არ დადასტურდა, რომ თეთრი შავია. სამაგიეროდ, დადასტურდა ის, რომ აგენტურული ოპოზიციური პარტიები და მათი ულტრამემარცხენე, ფსევდოლიბერალი აქტივისტები მზად არიან, გადაგიარონ, დაგამცირონ და ფსიქოლოგიურად გაგანადგურონ, თუ უარს იტყვით, რომ ბრმად, ფიქრისა და ანალიზის გარეშე, მათ მიერ შეთხზული ზღაპარი დაიჯეროთ. ახლა, რითიც დავიწყე, იმას მივუბრუნდეთ. მხოლოდ საუბარი პოლარიზაციას არ შეამცირებს. კონკრეტული ნაბიჯებია საჭირო. აუცილებელია, რომ აგენტურულმა ოპოზიციურმა პარტიებმა, მდიდარმა NGO-ებმა და თქვენმა ულტრამემარცხენე, ფსევდოლიბერალმა აქტივისტებმა ბოდიში მოუხადოთ ჩვენი საზოგადოების აბსოლუტურ უმრავლესობას იმ შეურაცხყოფისთვის, ზიზღისთვის, აგრესიისთვის, ბულინგისთვის, რუსული იარლიყის მიწებებისთვის, რაც კამპანია „რუსული კანონის“ ფარგლებში მათ აკადრეთ. ბოდიშის შემდეგ კი აუცილებელია, რომ საბოლოოდ ჩამოშორდეთ ქართულ პოლიტიკას. ვთვლი, რომ ვალდებულები ვართ, საზოგადოებას გავახსენოთ ბოლო წლების მსგავსი ისტორიები, იმისათვის, რომ ფხიზლად ვიყოთ ქართველები და არასდროს აღარ მივცეთ საშუალება აგენტებსა და ულტრამემარცხენე ფსევდოლიბერალებს, რომ ფსიქოლოგიური ტერორის ქვეშ ამყოფონ ჩვენი მოქალაქეები“, – წერს ლევან მაჭავარიანი.
ავტორი: ექსპრესნიუსი,
|
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არქივი 2009 წლიდან
303,563 | უნიკალური ვიზიტორი დღეს 27,104 |
Powered By 
|