|
2020-10-05 16:53:55, 2058 ნახვა
სპორტი
საქართველო-ბელარუსის მატჩი მაყურებლის გარეშე გაიმართება
ევრო 2020-ის საკვალიფიკაციო ეტაპის ნახევარფინალურ მატჩი საქართველოსა და ბელარუსს შორის უმაყურებლოდ ჩატარდება. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია ავრცელებს. მათივე ცნობით, ათასობით გულშემატკივრის თავშეყრა ერთ სივრცეში, განსაკუთრებულ ეპიდემიოლოგიურ რისკებთან არის დაკავშირებული, რის გამოც აღნიშნული გადაწყვეტილების მიღება მოუხდათ. „5 ოქტომბერს, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს მორიგი სხდომა გაიმართა. საბჭოს წევრებმა საქართველო - ბელარუსს შორის გასამართ ევრო 2020-ის საკვალიფიკაციო ეტაპის ნახევარფინალურ მატჩზე გულშემატკივართა დასწრების საკითხზე იმსჯელეს. სხდომას საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ლევან კობიაშვილი ესწრებოდა. მოგეხსენებათ, რომ უეფას აღმასრულებელი კომიტეტის გადაწყვეტილებით, მიმდინარე წლის ოქტომბრიდან ორგანიზაციის წევრი ქვეყნები თავად იღებენ გადაწყვეტილებას ქვეყანაში არსებული ეპიდვითარების გათვალისწინებით უეფას ეგიდით გასამართ სანაკრებო და საკლუბო მატჩებზე გულშემატკივართა შეზღუდული რაოდენობით დასწრების შესახებ. თბილისის „დინამო არენას“ ტევადობიდან გამომდინარე, სტადიონზე მაყურებლის საერთო რაოდენობის 30%-იც კი, დაახლოებით 16 000 გულშემატკივარს შეადგენს. როგორც საბჭოს სხდომაზე აღინიშნა, ათასობით გულშემატკივრის თავშეყრა ერთ სივრცეში, განსაკუთრებულ ეპიდემიოლოგიურ რისკებთან არის დაკავშირებული, შესაბამისად, ეპიდემიოლოგების, ჯანდაცვის სპეციალისტების რეკომენდაციით, მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, რომ 8 ოქტომბერს თბილისის „დინამო არენაზე“ საქართველოსა და ბელარუსის ეროვნულ ნაკრებთა მატჩი გაიმართება მაყურებლის გარეშე. შეგახსენებთ, რომ საქართველოს ეროვნული ნაკრები ევრო 2020-ის საკვალიფიკაციო ეტაპის ნახევარფინალურ შეხვედრაში ბელარუსს დაუპირისპირდება. მატჩი 8 ოქტომბერს 20:00 საათზე თბილისის „დინამო არენაზე“ გაიმართება. საქართველოს ფეხბურთის ფედერაციისთვის პრიორიტეტულია თითოეული გულშემატკივრის, ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობა, ამიტომ, მოვუწოდებთ საქართველოს ეროვნული ნაკრების ქომაგებს, ამ ისტორიული შეხვედრისას სახლიდან უგულშემატკივრონ საყვარელ გუნდს. მატჩის პირდაპირ რეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ“, - აღნიშნულია განცხადებაში.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
კიევზე რუსული ავიაციის მიერ განხორციელებული იერიშის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 30-მდე გაიზარდა, დაიჭრა 90
კიევზე რუსული საჰაერო დარტყმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 13-მდე გაიზარდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)