|
2026-03-14 14:18:12, 3078 ნახვა
პოლიტიკა
საია აცხადებს, რომ ქვეყანაში მდგომარეობიდან გამომდინარე კრიზისულ სამუშაო რეჟიმზე გადადის
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (საია) აცხადებს, რომ ქვეყანაში არსებული მდგომარეობის გათვალისწინებით საია დროებით გადადის კრიზისულ სამუშაო რეჟიმზე და სამართლებრივ დახმარებას მხოლოდ სტრატეგიული სამართალწარმოების მიმართულებით განაგრძობს. ორგანიზაცია წერს, რომ 2024 წლიდან მიღებულმა საკანონმდებლო ცვლილებებმა და რეპრესიულმა გარემომ გავლენა მოახდინა საიას საქმიანობაზე - დროებით მოუხდა არაერთი მნიშვნელოვანი მიმართულების შეზღუდვა, მათ შორის, დაზიანდა ის პროგრამები, რომლებიც მოქალაქეებისთვის უფასო სამართლებრივ დახმარებას უზრუნველყოფდა. „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (საია), 31 წელზე მეტია, საქართველოს კონსტიტუციურ ინტერესებს ადამიანის უფლებებისა და სამართლის უზენაესობის დაცვის გზით ემსახურება. დაარსებიდან დღემდე, საიას უფლებადამცველებმა 1.3 მილიონზე მეტი უფასო იურიდიული დახმარება და კონსულტაცია გასწიეს. უფასო სამართლებრივ დახმარებას ორგანიზაცია ადამიანებს საქართველოს 9 რეგიონში უწევდა: თბილისში, ქუთაისში, ბათუმში, ოზურგეთში, ზუგდიდში, გორში, დუშეთში, რუსთავსა და თელავში. სწორედ ამ მხარდაჭერის შედეგად, ათასობით მოქალაქემ შეძლო საკუთარი უფლებების ეფექტიანად დაცვა როგორც ქვეყნის შიგნით, ისე საერთაშორისო სასამართლო ორგანოებში. დღეს სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიის განმავლობაში ერთ-ერთ ყველაზე რთულ გარემოში მუშაობენ. 2024 წლიდან მიღებულმა არაკონსტიტუციურმა საკანონმდებლო ცვლილებებმა, რომლებიც საქართველოში სამოქალაქო საზოგადოების შეზღუდვასა და/ან მის სრულად ელიმინაციაზეა მიმართული, მნიშვნელოვნად შეავიწროვა უფლებადაცვითი საქმიანობის სივრცე. გარდა ამისა, რეპრესიულმა გარემომ სამოქალაქო ორგანიზაციების მნიშვნელოვანი ნაწილი აიძულა, სრულად შეეწყვიტა ან მკვეთრად შეემცირებინა საქმიანობა, ხოლო სისხლისსამართლებრივი დევნის რეალურმა რისკმა მათ მუშაობაზე მუდმივი ზეწოლის რეჟიმი დაამკვიდრა. არსებულმა გარემომ გავლენა მოახდინა საიას საქმიანობაზეც. ორგანიზაციას დროებით მოუხდა არაერთი მნიშვნელოვანი მიმართულების შეზღუდვა, მათ შორის, დაზიანდა ის პროგრამები, რომლებიც მოქალაქეებისთვის უფასო სამართლებრივ დახმარებას უზრუნველყოფდა, რაც, ფაქტობრივად, ნიშნავს, რომ ათასობით მოქალაქე ვეღარ მიიღებს იმ მხარდაჭერას, რომელსაც წლიურად ყოველდღიური უფასო პირადი, სატელეფონო თუ ონლაინ კონსულტაციებით, დოკუმენტების მომზადებითა და საპროცესო წარმომადგენლობით იღებდა. ადამიანის უფლებების უმძიმესი მდგომარეობის პირობებში, საია დროებით გადადის კრიზისულ სამუშაო რეჟიმზე და სამართლებრივ დახმარებას მხოლოდ სტრატეგიული სამართალწარმოების მიმართულებით განაგრძობს. 31-წლიანი გამოცდილებითა და საზოგადოების წინაშე აღებული პასუხისმგებლობით, საია ასევე აგრძელებს ადამიანის უფლებების მდგომარეობის მონიტორინგს, დარღვევების დოკუმენტირებას და მათზე საჯარო, მკაფიო და დასაბუთებულ რეაგირებას“, - წერს საია.
მარნეულში 6 ადამიანი ტორტით მოიწამლა, მოკვლევა დაწყებულია
ხალხის ტოტალური კონტროლისთვის არ იქნება აუცილებელი მოქალაქის მიმართვა, რეჟიმი თავად მოძებნის კრიტიკოსებს
დეკანოიძე - საკვებ პროდუქტებზე ფასები დაავიწყდათ, სამაგიეროდ, მდინარაძის ფუნქციისთვის კიდევ უფრო მეტი ჩვენი ფული დაიხარჯება
თიბისი კაპიტალმა მსხვილი ბიზნესისთვის სასესხო პორტფელის სავალუტო სტრუქტურის შესახებ რეკომენდაციები გამოაქვეყნა - მკითხველის კომენტარებზე პასუხებთან ერთად
|
რედაქტორის რჩევით
ოცნების რეჟიმმა მხარი არ დაუჭირა იმ ადამიანის გასამართლებას, ვინც 412 ქართველის მოკლა და ანწუხელიძე აწამა
„ქართული ოცნების“ ღია ნაცისტური ჰომოფობიუფრი კამპანია, ტყუილები, მითები და დაშინება, ეკლესიის ჩართულობით
ომი უკრაინაში
რუსეთის ძალებმა დნეპრისა და ოდესის საცხოვრებელ შენობებს იერიში მიიტანეს, რის შედეგადაც 20 ადამიანი დაშავდა
რუსეთმა ლიმანის „ცეცხლოვანი კერის“ აღების შესახებ წელს მეორედ გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ ღია ნაცისტური ჰომოფობიუფრი კამპანია, ტყუილები, მითები და დაშინება, ეკლესიის ჩართულობით
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)