18:34 - 01 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-07-01 17:08:14, 284 ნახვა

IPI მოუწოდებს საქართველოს პროკურატურას, შეწყვიტოს ფორმულას წინააღმდეგ მიმდინარე გამოძიება

საერთაშორისო პრესის ინსტიტუტი (IPI) აცხადებს, რომ საქართველოში დამოუკიდებელი და კრიტიკული ტელემაუწყებლების მიმართ სამართლებრივი და მარეგულირებელი ზეწოლა კიდევ უფრო გაძლიერდა და ხელისუფლებას მოუწოდებს, შეწყვიტოს მედიის თავისუფლების შემზღუდავი პრაქტიკა.

IPI-ის შეფასებით, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მიერ კრიტიკული ტელეკომპანიების - TV Pirveli-სა და "ფორმულა"-ს დაჯარიმება დამოუკიდებელ მედიაზე ზეწოლის მორიგი მაგალითია.

ორგანიზაცია წერს, რომ 25 ივნისს საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიამ TV Pirveli 2 500 ლარით დააჯარიმა სარედაქციო სტანდარტებისა და მიუკერძოებლობის პრინციპების სავარაუდო დარღვევის საფუძველზე. სანქციის მიზეზად დასახელდა, მათ შორის, ეთერში გამოყენებული ტერმინები - „სინდისის პატიმრები“ ანტისამთავრობო აქციების დროს დაკავებულების მიმართ და „ოლიგარქი“ მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის აღწერისას.

IPI ასევე აღნიშნავს, რომ 21 მაისს ანალოგიური ოდენობის ჯარიმა დაეკისრა "ფორმულა"-საც. ორგანიზაციის ცნობით, მაუწყებელი დასანქცირდა ხელისუფლების ლეგიტიმურობის შესახებ გაკეთებული შეფასებებისა და სხვა ტერმინოლოგიის გამოყენების გამო.

IPI წერს, რომ ორივე საქმე ეფუძნება 2025 წელს შეცვლილ „მაუწყებლობის შესახებ“ კანონს, რომელმაც საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიას მიანიჭა უფლებამოსილება, ჟურნალისტური თვითრეგულირების სფეროში არსებული საკითხები თავად გააკონტროლოს და სანქციები გამოიყენოს. ორგანიზაციის შეფასებით, განმეორებითი დარღვევის შემთხვევაში კომისიას მაუწყებლის ლიცენზიის გაუქმების პროცესის დაწყებაც შეუძლია.

გარდა მარეგულირებელი სანქციებისა, IPI შეშფოთებას გამოთქვამს Formula TV-ის წინააღმდეგ დაწყებული სისხლის სამართლის გამოძიების გამოც. ორგანიზაცია აღნიშნავს, რომ 17 ივნისს საქართველოს პროკურატურამ ტელეკომპანიის წინააღმდეგ გამოძიება „ცრუ დასმენის“ მუხლით დაიწყო, რაც, "ფორმულა"-ს იურისტების შეფასებით, საქართველოში დამოუკიდებელი მაუწყებლის წინააღმდეგ მსგავსი ტიპის პირველი სისხლის სამართლის საქმეა.

IPI მოუწოდებს საქართველოს პროკურატურას, შეწყვიტოს "ფორმულა"-ს წინააღმდეგ მიმდინარე გამოძიება, გაითვალისწინოს ჟურნალისტური მასალის მაღალი საზოგადოებრივი ინტერესი და პატივი სცეს ჟურნალისტური წყაროების კონფიდენციალურობას.

ორგანიზაცია ასევე მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, შეწყვიტოს კრიტიკული მაუწყებლების მიმართ დისკრიმინაციული და არაპროპორციული სანქციების გამოყენება, პატივი სცეს გამოხატვის თავისუფლებასა და საჯარო დებატებს.

განცხადება გამოქვეყნებულია Media Freedom Rapid Response (MFRR)-ის ფარგლებში, რომელიც ევროპაში მედიის თავისუფლების დარღვევების მონიტორინგსა და მათზე რეაგირებას ახორციელებს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
სააპელაციომ თორნიკე თოშხუასა და მინდია შერვაშიძეს სასჯელი შეუმცირა
გიგა ავალიანის მკვლელობის საქმეზე შს მინისტრის ყოფილი მოადგილის, მერაბ მალანიას შვილი დააკავეს
IPI მოუწოდებს საქართველოს პროკურატურას, შეწყვიტოს ფორმულას წინააღმდეგ მიმდინარე გამოძიება
ანტვერპენში ხანძრის შედეგად სულ მცირე 5 ადამიანი გარდაიცვალა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics