23:59 - 23 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-07-23 22:22:33, 284 ნახვა

პოლიტიკა
EU-ის სანქციების 21-ე პაკეტში ყულევის ქარხანა და ქართული კრიპტოპლატფორმებიც მოხვდა

ევროკავშირის საბჭომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების 21-ე პაკეტი დაამტკიცა, რომელიც ენერგეტიკას, ფინანსურ მომსახურებასა და კრიპტო სექტორს ეხება. ეს არის ბოლო ოთხი წლის განმავლობაში ინდივიდუალური სანქციების ყველაზე დიდი ჯგუფი, რომელიც ჯამში 218 სუბიექტს (48 ფიზიკურ და 170 იურიდიულ პირს) მოიცავს.

ახალი პაკეტის ფარგლებში ევროკავშირი ტრანზაქციების აკრძალვას დაუწესებს ქართულ ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას, რომელიც რუსულ ნედლ ნავთობს ყულევში ამუშავებს — აღნიშნული გადაწყვეტილება ძალაში ექვს თვეში შევა.

„გარდა ამისა, პაკეტი ქმნის შესაძლებლობას აიკრძალოს ტრანზაქციები სიაში შეყვანილ ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებთან რუსეთსა და მესამე ქვეყნებში, რომლებიც ამუშავებენ ან ასუფთავებენ რუსულ ნედლ ნავთობს და ნავთობპროდუქტებს“, — ნათქვამია ევროკავშირის ოფიციალურ განცხადებაში.

სანქციების ფარგლებში, ტრანზაქციების აკრძალვა ასევე გავრცელდა კრიპტოვალუტებთან დაკავშირებულ 14 მომსახურების პლატფორმაზე, რომლებიც ბაზირებულია საქართველოში, პანამაში, არაბთა გაერთიანებულ საამიროებში, მარშალის კუნძულებზე, ყირგიზეთსა და ბელარუსში. პირველად, ევროკავშირს შემოაქვს მესამე ქვეყნებისთვის კრიპტო-აქტივების მომსახურების სრული აკრძალვის შესაძლებლობაც, იმ პლატფორმების წინააღმდეგ, რომლებიც რუსეთს სანქციების გვერდის ავლით ეხმარებიან.

ფინანსურ სექტორში აქტივები გაეყინა 94 ბანკსა და მსხვილ ინსტიტუტს, ხოლო ტრანზაქციების აკრძალვა გავრცელდა კიდევ 33 რუსულ საკრედიტო დაწესებულებაზე, 2 პორტსა და 4 აეროპორტზე. სანქციები დაუწესდა ჩრდილოვანი ფლოტის 41 ხომალდსაც, რომლებიც რუსულ ნავთობსა თუ სამხედრო ტვირთებს გადაზიდავენ.

გარდა ამისა, შეზღუდვები შეეხო რუსეთის სამხედრო-სამრეწველო კომპლექსში ჩართულ 56 პირსა და კომპანიას (მათ შორის დრონების მწარმოებლებს) და 51 სუბიექტს მესამე ქვეყნებიდან (ჩინეთი, თურქეთი, ინდოეთი და სხვ.). პაკეტი ასევე ითვალისწინებს საექსპორტო-საიმპორტო შეზღუდვების გაფართოებას, რუსი მებრძოლებისთვის ვიზების სრული აკრძალვის საფუძვლებს და ანალოგიურ სავაჭრო ზომებს ბელარუსის მიმართ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
EU-ის სანქციების 21-ე პაკეტში ყულევის ქარხანა და ქართული კრიპტოპლატფორმებიც მოხვდა
ფედოროვი ვიცე-პრემიერობაზე უარს ამბობს და თავდაცვის სამინისტროში დაბრუნებას ითხოვს
სასამართლომ გრიგოლ ლილუაშვილის ნათესავს, ანდრია ლილუაშვილს 12 წლით პატიმრობა მიუსაჯა
ნეტა ჩემი შვილი მომკვდარიყო და ის ბავშვი ყოფილიყო ცოცხალი - დაკავებული ნიკა კაპანაძის დედა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics