21:13 - 23 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-06-23 19:37:10, 262 ნახვა

პოლიტიკა
სახახო დამცველმა ივანიშვილის რეჟიმის მიღებული დრაკონული და ადამიანის უფლებების შემზღუდავი კანონები გააკრიტიკა

სახალხო დამცველმა ლევან იოსელიანმა პლენარულ სხდომაზე სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების მიმართულებით კანონმდებლობის გამკაცრებასა და ახალი, მზღუდავი რეგულაციების სიმრავლეზე და მათ შორის, შეკრების გამართვის ადგილთან და ფორმასთან დაკავშირებით დამატებითი შეზღუდვების დაწესებაზე ისაუბრა. აღნიშნა, რომ უფლების საკანონმდებლო დაცვის გარანტიების შესუსტებას თან სდევდა არაპროპორციული სახდელების დაწესება შეკრების თავისუფლებით სარგებლობასთან დაკავშირებული სამართალდარღვევებისთვის.

ამ თვალსაზრისით, განსაკუთრებით შემაშფოთებელია შეკრების მონაწილეთა ცალკეული მშვიდობიანი ქმედებების უალტერნატივოდ დაქვემდებარება ადმინისტრაციული პატიმრობისთვის, ისევე როგორც მათი განმეორებით ჩადენისთვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დაწესება.

საყურადღებოა, რომ შეკრების ჩატარების შესახებ წინასწარი გაფრთხილების ვალდებულება გავრცელდა იმ შემთხვევებზეც, როდესაც შეკრება „ხალხის სავალ ადგილას“ ან „ხალხის მოძრაობას აფერხებს“, ხოლო საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიენიჭა სავალდებულო მითითების გაცემის უფლებამოსილება, რაც ქმნის ნებართვითი სისტემის დანერგვის რისკს. შეკრების თავისუფლების მზღუდავი რიგი საკანონმდებლო ნორმები სახალხო დამცველმა საქართველოს  საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრა.

აღსანიშნავია, რომ საანგარიშო პერიოდში შეკრების თავისუფლების მზღუდავი საკანონმდებლო ცვლილებები პრაქტიკაში აქტიურად გამოიყენებოდა, რაც ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 174¹-ე მუხლის საფუძველზე გამოვლენილი სამართალდარღვევის ფაქტების განსაკუთრებული სიმრავლით დასტურდება - 2024 წლის პირველი ნოემბრიდან 2025 წლის 31 ოქტომბრის ჩათვლით აღნიშნული მუხლით გათვალისწინებული სამართალდარღვევის 8200 შემთხვევას ჰქონდა ადგილი.

2025 წელს ერთ-ერთ ყველაზე მწვავე პრობლემად გამოიკვეთა საჯარო მოხელეთა თანამდებობებიდან გათავისუფლების ფაქტები, რაც, სავარაუდოდ, მათ მიერ საჯაროდ გამოხატულ პოლიტიკურ და სამოქალაქო პოზიციებს უკავშირდებოდა.

თანასწორობის პრინციპის მნიშვნელობიდან გამომდინარე დაუშვებელი და უკანონოა საჯარო მოხელეთა გათავისუფლება მათ მიერ ღიად გამოხატული სამოქალაქო პოზიციისა თუ მოსაზრებების გამო, ან მათთვის რაიმე სახის მითითების მიცემა დაკავებული პოზიციის საკუთარი სურვილით დატოვებასთან დაკავშირებით.

გამოხატვის თავისუფლება ვრცელდება სამუშაო ადგილზე, ხოლო ნებისმიერი საკადრო გადაწყვეტილება უნდა მიესადაგებოდეს ამ უფლების დაცვის კონსტიტუციურ გარანტიებს და არ უნდა ატარებდეს თვითნებურ ხასიათს.

გამოხატვის თავისუფლებით სრულფასოვნად სარგებლობაზე უარყოფითი გავლენა მოახდინა ასევე „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში შეტანილმა ცვლილებებმა, რომლითაც შეიზღუდა სასამართლო სხდომების საჯაროობის პრინციპი და, შესაბამისად, მართლმსაჯულების საქვეყნოობისა და გამჭვირვალობის მანამდე არსებული პრაქტიკა.

საკანონმდებლო ცვლილებებით შემოტანილი მოდელით, სასამართლოს შენობაში, სასამართლო სხდომის დარბაზსა და სასამართლოს ეზოში დაუშვებელია ფოტო, კინო, ვიდეოგადაღება, ტრანსლაცია და აუდიო ჩაწერა, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ამას სასამართლო ან სასამართლოს მიერ უფლებამოსილი პირი ახორციელებს.

მოცემულ შემთხვევაში, კომპენსირების მექანიზმად შეიძლება მივიჩნიოთ სასამართლოსთვის დაკისრებული პირდაპირი ინსტიტუციური ვალდებულება, თავად უზრუნველყოს პროცესის სრული აუდიო-ვიდეო ჩაწერა და მოთხოვნისთანავე გახადოს იგი ხელმისაწვდომი მხარეებისთვის.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
სახალხო დამცველმა ისაუბრა დაკავებულების გაშიშვლების, მათ შორის არასრულწლოვანთა ცემის, გაუპატიურების მუქარაზე პოლიციის მხრიდან
ყაზახეთმა და ევროკავშირმა ბრიუსელში არაერთ სტრატეგიულ დოკუმენტს მოაწერეს ხელი
სახახო დამცველმა ივანიშვილის რეჟიმის მიღებული დრაკონული და ადამიანის უფლებების შემზღუდავი კანონები გააკრიტიკა
საქართველოს ბანკის ბიზნეს 360˚-ის ფარგლებში, ქოფირაითინგის ვორკშოპი გაიმართება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics