2026-06-12 13:20:21, 283 ნახვა
პოლიტიკა
შიო III საქართველოში დიდი ბრიტანეთის ელჩს შეხვდა
საპატრიარქოს ცნობით, გაერთიანებული სამეფოს ელჩი საქართველოში, გარეთ უორდი 11 ივნისს, საქართველოს კათოლიკოს-პატრაირქ შიო III-ს შეხვდა.
მათივე ცნობით, შეხვედრა "გულთბილ და მეგობრულ ვითარებაში წარიმართა".
შეხვედრას ესწრებოდნენ: საქართველოს საპატრიარქოს საგარეო განყოფილების თავმჯდომარე, ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტი გერასიმე (შარაშენიძე), სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მდივანი, დეკანოზი მიქაელ ბოტკოველი, თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის რექტორი, პროტოპრესვიტერი გიორგი ზვიადაძე, საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი, დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე და ამავე სამსახურის წარმომადგენლები.
"შეხვედრა გულთბილ და მეგობრულ ვითარებაში წარიმართა.
მისმა უწმინდესობამ მადლობა გადაუხადა სტუმარს მობრძანებისთვის და განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა იმ ფაქტზე, რომ ელჩი თავისუფლად ფლობს ქართულ ენას, რაც, მისი თქმით, საქართველოსა და ქართული კულტურისადმი განსაკუთრებული პატივისცემისა და სიყვარულის გამოხატულებაა.
კათოლიკოს-პატრიარქმა ასევე ისაუბრა ოჯახური, ზნეობრივი და სულიერი ღირებულებების მნიშვნელობაზე, ახალგაზრდების აღზრდისა და განათლების საკითხებზე. მისმა უწმინდესობამ აღნიშნა, რომ აფასებს ელჩის ახალგაზრდობისა და განათლების სფეროსადმი განსაკუთრებულ დამოკიდებულებას და მიესალმება იმ საქმიანობას, რომელსაც გაერთიანებული სამეფო ამ მიმართულებით ქართველებისთვის ახორციელებს.
თავის მხრივ, ელჩმა მადლობა გადაუხადა მის უწმინდესობას მიღებისა და გულთბილი მასპინძლობისთვის და აღნიშნა, თუ რაოდენ მნიშვნელოვანი როლი აქვს საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას საქართველოს საზოგადოებრივ ცხოვრებაში. მან კიდევ ერთხელ გამოხატა სამძიმარი ნეტარხსენებულ კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის გარდაცვალების გამო და გაიხსენა მისი უდიდესი ავტორიტეტი.
სტუმარმა მის უწმინდესობას გადასცა დიდი ბრიტანეთის მეფე ჩარლზ III-ისა და ანგლიკანური ეკლესიის მეთაურის მილოცვა კათოლიკოს-პატრიარქად აღსაყდრებასთან დაკავშირებით.
შეხვედრაზე ისაუბრეს აგრეთვე მსოფლიოში მიმდინარე მნიშვნელოვან პროცესებსა და თანამედროვე სამყაროს წინაშე მდგარ გამოწვევებზე. აღინიშნა, რომ ევროპული ცივილიზაციის განვითარებაში განსაკუთრებული ადგილი უკავია ქრისტიანულ ღირებულებებს, რომელთა დაცვა და შენარჩუნება დღესაც აუცილებელია. მისმა უწმინდესობამ აღნიშნა, რომ თანამედროვე საზოგადოებაში ეკლესიას მნიშვნელოვანი მისია აკისრია სულიერი და ზნეობრივი პასუხისმგებლობის გაძლიერების მხრივ, განსაკუთრებით - ახალგაზრდების აღზრდისა და საზოგადოების ჯანსაღი განვითარების მიმართულებით.
განათლების სფეროზე საუბრისას კათოლიკოს-პატრიარქმა აღნიშნა, რომ საქართველოს საჯარო სკოლებში ბოლო პერიოდში სახელმწიფოსა და ეკლესიის თანამშრომლობით დაინერგა და აქტიურად მიმდინარეობს „ღირებულებითი განათლების“ პროგრამა, რომელიც გარკვეულწილად ბრიტანეთის საგანმანათლებლო გამოცდილების პრაქტიკასაც ეყრდნობა. მან ხაზი გაუსვა, რომ ამ პროგრამის ფარგლებში სკოლებში სასულიერო პირების მონაწილეობით მიმდინარე საგანმანათლებლო საქმიანობა მიზნად ისახავს ახალგაზრდების ზნეობრივ და მოქალაქეობრივ აღზრდას, მათში ეროვნული და სულიერი ღირებულებების ჩამოყალიბებასა და განმტკიცებას.
საუბარი ასევე შეეხო გელათის სამონასტრო კომპლექსის სარეაბილიტაციო სამუშაოებს. მისმა უწმინდესობამ მადლობა გადაუხადა ელჩს და დიდი ბრიტანეთის სამეფოს იმ მხარდაჭერისთვის, რომელსაც ბრიტანელი მეცნიერები და სპეციალისტები ამ პროცესში მონაწილეობით გამოხატავენ. თავის მხრივ, ელჩმა კიდევ ერთხელ დაადასტურა მზაობა, მომავალშიც გაგრძელდეს თანამშრომლობა კულტურული მემკვიდრეობის დაცვის მიმართულებით.
მისმა უწმინდესობამ აღნიშნა, რომ მიმდინარე წელს საქართველო აღნიშნავს ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წლის იუბილეს და ამ თარიღთან დაკავშირებით დაგეგმილ ღონისძიებებზეც ისაუბრა.
შეხვედრის დასასრულს მხარეებმა ერთმანეთს სამახსოვრო საჩუქრები გადასცეს", - აღნიშნულია საპატრიარქოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ავტორი: ექსპრესნიუსი,