|
2026-06-16 18:06:23, 259 ნახვა
საზოგადოება
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახლო აღმოსავლეთის შეთანხმება: გავლენა საქართველოს ეკონომიკაზე. რამდენიმეკვირიანი სპეკულაციების შემდეგ, აშშ და ირანი სამხედრო ოპერაციების ფორმალურად დასრულებაზე, ნაღმებისგან გაწმენდის შემდეგ ჰორმუზის სრუტის გახსნასა და აშშ-ის საზღვაო ბლოკადის მოხსნაზე შეთანხმდნენ. ოფიციალური ხელმოწერის ცერემონია პარასკევს, შვეიცარიაში გაიმართება. თუმცა, ბევრი მნიშვნელოვანი საკითხი კვლავ მოუგვარებელი რჩება. მაგალითად, მემორანდუმი არ მოიცავს შეთანხმებას ბირთვულ პროგრამასთან დაკავშირებით და სანაცვლოდ ტექნიკურ დონეზე მოლაპარაკებებისთვის დამატებით 60-დღიან პერიოდს ითვალისწინებს. გაურკვეველია, რა შედეგები შეიძლება მოჰყვეს ამ ვადაში შეთანხმების მიუღწევლობას. ასევე ბუნდოვანია, როდის და რა პირობებით აღდგება საზღვაო გადაზიდვები, მოიხსნება თუ არა სანქციები და როგორ აისახება ეს შეთანხმება უფრო ფართო კონფლიქტზე, მათ შორის ლიბანთან დაკავშირებულ ვითარებაზე. ჯერჯერობით, ბაზრების რეაქცია შეთანხმებაზე მოლოდინების შესაბამისი იყო: შემცირდა ნავთობის ფასი, საფონდო ბირჟის მერყეობა, აშშ-ის ობლიგაციების შემოსავლიანობა და დოლარის კურსი, ხოლო აქციებისა და ოქროს ფასები გაიზარდა. დიახ, დეესკალაციის ფონზე ოქროს გაძვირება ახლა უკვე „პროგნოზირებადი“ რეაქციაა, რადგან უსაფრთხო აქტივებზე მოთხოვნის ზრდის ტენდენცია, როგორც ჩანს, ბოლო პერიოდში ინფლაციასთან დაკავშირებულმა მღელვარებამ გადაფარა. თუმცა, მიუხედავად იმისა, რომ ეს ცვლილებები მოსალოდნელი იყო, მათი მასშტაბი გარკვეულ კითხვებს ბადებს. მაგალითად, ნავთობი, რომლის ფასზეც მიმდინარე მოვლენებს ყველაზე მკვეთრი გავლენა აქვს, სამშაბათს დილისთვის დაახლოებით 4.5%-ითაა გაიაფებული, რაც წინა ეპიზოდებთან შედარებით საკმაოდ მოკრძალებული ცვლილებაა. ჩვენი შეფასებით, ეს ორი ფაქტორით აიხსნება: ა) კონფლიქტის დასრულება გლობალური ბაზრების მოლოდინებში დიდწილად უკვე ასახული იყო - მაგალითისათვის, მარტი-აპრილის პიკურ დონესთან შედარებით, ნავთობის ფასები ისედაც შემცირებული იყო. ინვესტორებისთვის გაურკვეველი მხოლოდ შეთანხმების დრო რჩებოდა. შესაბამისად, ბაზრების შედარებით ზომიერი რეაქცია ლოგიკურია, რადგან მოულოდნელი იყო არა შედეგი, არამედ მისი ზუსტი ვადა. ბ) ბაზარი კვლავ ფრთხილად უყურებს იმ საკითხებს, რომლებიც მოუგვარებელი დარჩა. საბოლოო ჯამში, ეს არ არის საბოლოო შეთანხმება, არამედ შეთანხმება საბოლოო შეთანხმების მისაღწევად. მიუხედავად იმისა, რომ ეს მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯია, ჯერ კიდევ გასარკვევია, დასრულდა თუ არა კონფლიქტი საბოლოოდ და შესრულდება თუ არა აღებული ვალდებულებები, მათ შორის გაიხსნება თუ არა ჰორმუზის სრუტე, განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, რომ წინა პერიოდებში შეთანხმებები საკმაოდ მყიფე გამოდგა. მსგავსი მიდგომა ვრცელდება ჩვენს პროგნოზებზეც. თიბისი კაპიტალის საბაზო სცენარი, რომელიც 2026 წელს 7.4%-იან ეკონომიკურ ზრდას ითვალისწინებს, შედარებით ხანმოკლე კონფლიქტსა და დამატებითი მნიშვნელოვანი გვერდითი ეფექტების არარსებობას მოიაზრებდა. შესაბამისად, თუ შეთანხმებული პირობები შენარჩუნდება და სხვა მიმართულებებითაც პროგრესი დაფიქსირდება, პროგნოზები არსებითად უცვლელი რჩება.
აშშ დოლარის კუთხით, უცვლელია მოსაზრება, რომ დოლარის გამყარების მხარდამჭერი ფაქტორები მეტწილად დროებითია, ხოლო საშუალო და გრძელვადიან პერსპექტივაში სტრუქტურული გამოწვევები დომინირებს. დოლარის პოზიციების გლობალურ გამყარებას აშშ-ში საპროცენტო განაკვეთების მოსალოდნელი მატება და საპროცენტო დიფერენციალის გაფართოება უწყობდა ხელს, რაც, თავის მხრივ, ინფლაციური მოლოდინების ზრდასა და ეკონომიკის სიძლიერის ფონზე მონეტარული პოლიტიკის გამკაცრების კუთხით მეტ მოქნილობას უკავშირდება. თუ ირანთან შეთანხმების ფონზე ეს მოლოდინები გადაიხედება, ესკალაციის შემდგომ დოლარის გამყარებული პოზიციებიც, სავარაუდოდ, შესუსტდება. აღსანიშნავია, რომ, 15 ივნისის მდგომარეობით, ბაზარი წლის ბოლოსთვის ფედერალური სარეზერვო სისტემის განაკვეთის უკვე უცვლელად შენარჩუნებას ელის, მაშინ როდესაც, გასული კვირის ბოლოს, განაკვეთის 0.25 პროცენტული პუნქტით გაზრდას მცირედით მაღალი ალბათობა ჰქონდა. აქედან გამომდინარე, მოსალოდნელია, რომ წლის დარჩენილ პერიოდში ევრო კვლავ გამყარდება, მით უფრო იმის გათვალისწინებით, რომ დოლართან მიმართებით ჯერ კიდევ წონასწარულზე სუსტი რჩება. რას ნიშნავს ეს ოპტიმალური სავალუტო სტრატეგიის კუთხით? შედარებით მეტი სესხის აღებას დოლარში, თუმცა მოკლევადიანი პოზიციების მიმართ კვლავ სიფრთხილის შენარჩუნებით: საბოლოო შეთანხმება ჯერ გაფორმებული არ არის და რიგ გეოპოლიტიკურ სცენარებში დოლარის მნიშვნელოვანი გამყარება კვლავ შესაძლებელია. კონკრეტულად რამდენად მეტი უნდა ვისესხოთ დოლარში? ინდივიდუალური, კომპანიაზე მორგებული შეფასება, რასაკვირველია, ყველაზე ზუსტია, თუმცა ორიენტირად მარტის „ერთგვერდიანი შეჯამება“ და მაისის „მკითხველის კომენტარებზე პასუხები“ გამოდგება. იხილეთ პუბლიკაციის სრული ვერსია შემდეგ ბმულზე: https://tbccapital.ge/ge/publications/all-publications/singleview/30007554-macro-update-georgia
დიდი შვიდეულის ლიდერები შეთანხმდნენ, რომ ნავთობისა და გაზის საშუალებით რუსეთზე ზეწოლას გააძლიერებენ
ტრამპმა ირანთან შეთანხმების გამო რუსული ნავთობის წინააღმდეგ სანქციების აღდგენის შესახებ განაცხადა
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
Marneuli News: დაცვის თანამშრომელი, რომელიც 11 აპრილს სამსახურებრივი უფლებამოსილების შესრულებისას სცემეს, გარდაიცვალა
|
რედაქტორის რჩევით
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
ომი უკრაინაში
კიევში მასშტაბური თავდასხმა: ოთხი ადამიანი დაიღუპა, 25 კი დაშავდა
სიბიჰა კიევ-პეჩერის ლავრის დაბომბვაზე - პუტინი საუკუნოდ დაწყევლილი უნდა იყოს და ის წააგებს ამ ომს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
მთავარი თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)