|
2026-06-11 17:18:37, 340 ნახვა
პოლიტიკა
შსს: დარიალზე რჩება 17 პირი, უკრაინულ მხარესთან მათ სამშობლოში დაბრუნებაზე ვმუშაობთ
შინაგან საქმეთა სამინისტრო განცხადებით ეხმაურება ადვოკატ დარია სამოდუროვას მიერ სოციალურ სოციალურ ქსელში რუსეთ-საქართველოს საზღვარზე, დარიალის ნეიტრალურ ზონაში მყოფ უკრაინის მოქალაქეებზე 10 ივნისს გავრცელებულ ინფორმაციას. უწყების ცნობით, სასაზღვრო გამტარი პუნქტის, დარიალის ე.წ. ნეიტრალურ ზონაში ამ დროისათვის რჩება 17 პირი, რომელთა შორის არ არიან ქალები და ბავშვები. შსს წერს, რომ მათ არ აქვთ "საზღვრის კვეთისთვის საჭირო ვალიდური დოკუმენტები", ამის გამო, არ უშვებენ ქვეყანაში. მათივე ცნობით, მუშაობენ უკრაინულ მხარესა და საერთაშორისო ორგანიზაციებთან, მათი სამშობლოში დასაბრუნებლად. "ე.წ. ნეიტრალურ ზონაში მყოფი პირები აცხადებენ, რომ არიან უკრაინის მოქალაქეები, თუმცა არ გააჩნიათ საზღვრის კვეთისთვის საჭირო ვალიდური დოკუმენტები და ვერ აკმაყოფილებენ საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე დაშვების კრიტერიუმებს, ამასთან, სახელმწიფო უსაფრთხოების ინტერესებიდან გამომდინარე, აღნიშნულ პირებს არ ეძლევათ ქვეყანაში შემოსვლის შესაძლებლობა, რადგან მათ აქვთ კრიმინალური წარსული და გასამართლებულები არიან მძიმე ან განსაკუთრებით მძიმე დანაშაულებისთვის. როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, სასაზღვრო გამტარ პუნქტ "დარიალთან" მყოფი უკრაინის მოქალაქეების დიდმა ნაწილმა, რომლებმაც სამშობლოში ნებაყოფლობით დაბრუნების სურვილი გამოთქვეს, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და უკრაინულ მხარეს შორის ხანგრძლივი და მრავალმხრივი მოლაპარაკებების შედეგად, მესამე ქვეყნის გავლით საქართველო უკვე დატოვა. "დარიალის" ე.წ. ნეიტრალურ ზონაში ამ დროისათვის მყოფი 17 პირის სამშობლოში ორგანიზებულ, უსაფრთხო და ნებაყოფლობით დაბრუნებაზე ქართული მხარე ინტენსიურად განაგრძობს მოლაპარაკებებს უკრაინულ მხარესთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო გამოხატავს მუდმივ მზადყოფნას, განახორციელოს მის კომპეტენციას მიკუთვნებული ყველა შესაბამისი ღონისძიება და ხელი შეუწყოს უკრაინულ მხარეს, საქართველოს სახელმწიფო საზღვართან მყოფი პირების სამშობლოში დაბრუნების პროცესში. ამასთან, ხაზგასმით ვაცხადებთ, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო, საქართველოში შესაბამისი ქვეყნის საელჩოსა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან კოორდინაციით ე.წ. „ნეიტრალურ ზონაში" მყოფი პირების პირველადი საჭიროებებით უზრუნველყოფას ახორციელებს". - წერს შსს. 10 ივნისს ადვოკატმა დარია სამოდუროვამ სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა, სადაც წერდა, რომ რუსეთ-საქართველოს საზღვარზე მყოფი უკრაინის მოქალაქეები შველას ითხოვს. სამოდუროვას განცხადებით, ისინი 1 წელია "სარდაფში იმყოფებიან". დარია სამოდუროვა საუბრობდა გასული წლის ზაფხულში რუსეთ-საქართველოს საზღვარზე ნეიტრალურ ზონაში მყოფ უკრაინის მოქალაქეებზე, რომელთა ნაწილი 2025 წლის აგვისტოში სამშობლოში დააბრუნეს, შსს-ს 22 აგვისტოს განცხადებით, რამდენიმე პირი კვლავ რჩებოდა ტერიტორიაზე. ტაბულა აღნიშნულის გადასამოწმებლად შინაგან საქმეთა სამინისტროს დაუკავშირდა. უწყებამ 11 ივნისს საჯარო განცხადება გაავრცელა. "უკრაინის 19 მოქალაქე შველას ითხოვს! მე დამიკავშირდნენ უკრაინის მოქალაქეები, რომლებიც უკანონოდ ჰყავთ გამოკეტილი დარიალის საბაჟო გამშვები პუნქტის სარდაფში. აქ საუბარი არ გვაქვს ერთ - ორ დღეზე. აქ საუბარია 1 წელიწადზე. ამჟამად სარდაფში იმყოფება 19 ადამიანი. შემაშფოთებელია ის პირობები რა პირობებში იმყოფებიან ეს პირები. ნესტიანი სარდაფი, რომელსაც არ აქვს ფანჯარა და სავენტილაციო სისტემა, არ აქვს სველი წერტილი და საკუჭნაო. შსს საკვებით და მედიკამენტებით არ უზრუნველყოფს იქ მყოფ პირებს, არ მიწოდებათ სამედიცინო დახმარება. არ აწვდიან ჰიგიენის და პირადი ჰიგიენის ნივთებს. სარდაფში მძვინვარებს ანტისანიტარია. როგორ აღმოჩნდნენ უკრაინის მოქალაქეები დარიალის ნესტიან სარდაფში? ძირითადად ეს არიან პირები ვინც იძულებით, რუსულმა სამხედროებმა გაიტაცეს ჯერ უკრაინის ტერიტორიიდან, ხოლო შემდეგ იძულებით გააძევეს რუსეთიდან, საქართველოში. საქართველოს საზღვრზე, პასპორტ კონტროლის გავლისას ყოველგვარი ახსნა-განმარტების გარეშე, საქართველოს შსს-ს თანამშრომლებმა მოახდინეს ამ პირების სარდაფში მოთავსება. არის თუ არა ეს თავისუფლების უკანონოდ აღკვეთა? არის. ამ პირებს შეზღუდული აქვთ თავისუფლად გადაადგილების უფლება. არ არსებობს გადაწყვეტილება საქართველოში შემოშვებაზე უარის თქმის შესახებ, არ არსებობს სასამართლოს განჩინება/ბრძანება სარდაფში ადამიანების განთავსების შესახებ, არ არსებობს კანონით გათვალიწინებული საფუძველი, რომელიც ახსნიდა ამ პირების არაადამიანურ პირობებში მოთავსებას. არ არსებობს კონკრეტული თარიღი, ამ პირებმა არ იციან როდის დასრულდება მათი ჯოჯოხეთში ყოფნა. ყველაზე ტრაგიკული ის არის რომ რუსეთიდან გაძევებული უკრაინის მოქალაქეების ნესტიან სარდაფში მოთავსების პრაქტიკა 3 წლის წინ დაინერგა. შსს-ს მიერ არაადამიანურ პირობებში ადამიანების უკანონოდ მოთავსების თაობაზე ინფორმირებულია ყველა უწყება, მათ შორის სახალხო დამცველის აპარატიც. როგორც ჩანს, ეს მძიმე დანაშაული ნორმად არის ქცეული. აქ საუბარია ადამიანის ფუნდამენტური უფლებების ხელყოფაზე". - წერს ადვოკატი. რუსეთი საქართველოს საზღვარზე უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე გასამართლებულ უკრაინის მოქალაქეებს გზავნის. უმეტეს შემთხვევაში ბრალდებულები სასჯელს რუსეთის კოლონიებში იხდიდნენ, სადაც ისინი საკუთარი ნების წინააღმდეგ ოკუპირებული ტერიტორიებიდან გადაიყვანეს.
შსს: რუსთავში ჩხუბისას კაცი წაიქცა, დაზიანება მიიღო, გარდაიცვალა - დაკავებულია 5 პირი
Freedom House: აშშ-სთან ურთიერთობის გადატვირთვა პატიმრების გათავისუფლების გარეშე არ მოხდება
დონალდ ტრამპი - აშშ დღეს ღამით ძალიან ძლიერად დაარტყამს ირანს
შსს: დარიალზე რჩება 17 პირი, უკრაინულ მხარესთან მათ სამშობლოში დაბრუნებაზე ვმუშაობთ
|
რედაქტორის რჩევით
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთში უკრაინის წინააღმდეგ საბრძოლველად მსურველთა რიცხვი ერთ წელიწადში 20%-ით შემცირდა
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)