19:37 - 03 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-08-03 17:56:03, 284 ნახვა

რეჟიმი აპირებს, პუტინის მსგავსად ე.წ ეროვნული იდენტობის დაცვის საბაბით მორიგი რეპრესიული კანონი მიიღოს

ნამდვილად არის რეაგირება საჭირო კოორდინირებულ შეტევაზე ჩვენი ეროვნული იდენტობის წინააღმდეგ. ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ იმისათვის, რომ არ დავუშვათ ხელოვნურად სიძულვილის თავსმოხვევა ჩვენი საზოგადოებისთვის, - ამის შესახებ "ოცნების" რეჟიმის პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა. 

მისივე თქმით, ამ ადამიანებს აქვთ კონკრეტული დაკვეთა - სცადონ ეროვნული იდენტობის შესუსტება, რისთვისაც ყველაფერს აკეთებენ, თუმცა ხელისუფლებამ ყველა ზომა უნდა მიიღოს მსგავსი ქმედებების წინააღმდეგ. 

„ჩვენ ამ კანონპროექტზე ჯერ არ გვიმსჯელია, რაც შემიძლია გითხრათ - ნამდვილად არის რეაგირება საჭირო კოორდინირებულ შეტევაზე ჩვენი ეროვნული იდენტობის წინააღმდეგ. ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ იმისათვის, რომ არ დავუშვათ ხელოვნურად სიძულვილის თავსმოხვევა ჩვენი საზოგადოებისთვის, ამისათვის იქნა შესაბამისი კანონები მიღებული და ესეც კი გააპროტესტეს. კანონი, რომელიც ემსახურება სიძულვილის თავიდან არიდებას ჩვენი საზოგადოებისთვის, ესეც კი ღიად გააპროტესტეს, აქაც კი არ მოერიდნენ ღიად იმის თქმას, რომ სიძულვილს ისინი თესავენ. ვინც გააპროტესტა ამ კანონის მიღება, სწორედ ისინი ქვეყნის გარედან და ქვეყნის შიგნიდან ხელოვნურად თესავენ სიძულვილს და აგრესიას ჩვენს საზოგადოებაში. 

რაც შეეხება კონკრეტულად წმინდანების, საზოგადო მოღვაწეების, ჩვენი დიდი მეფეების შეურაცხყოფას, ესეც არის ჩვეულებრივი დაკვეთილი კოორდინირებული ქმედებათა ჯაჭვი. ესენი არ არიან უბრალოდ მაგალითად უნიჭო ადამიანები, ესენი არიან ადამიანები, რომლებიც ასრულებენ კონკრეტულ დაკვეთას და ამ დაკვეთის არსი არის მარტივი - მათ უნდა სცადონ, ჩვენი ეროვნული იდენტობის რაღაცნაირად შესუსტება და ამისათვის აკეთებენ ამ ყველაფერს. ჩვენ ყველა ზომა უნდა მივიღოთ რომ დავუპირისპირდეთ ამ ყველაფერს, თუ იქნება ამისათვის საჭირო კანონის მიღება, ამაზეც შეგვიძლია მსჯელობა,"- აღნიშნა კობახიძემ.

რეჟიმის ხელშეწყობით შეიქმნა კიდევ ერთი საინიციატივო ჯგუფი, რომელიც ქართული ოცნებისგან მოითხოვს იმ კანონების მოწესრიგებას, რომლებიც შეეხება ეკლესიის, სიწმინდეების, ისტორიული გმირებისა და ეროვნული ფასეულობების დაცვას. ჯგუფის წევრები არიან მსახიობი გიორგი შანიძე, რეჟისორი გიორგი სიხარულიძე და ბათუმის თეატრის დირექტორი კოტე მჟავია. მათ ბრიფინგი გამართეს საქართველოს ჟურნალისტთა ფედერაციის ოფისში.

გიორგი შანიძის განცხადებით, იმისთვის, რომ ვითარება კიდევ უფრო მეტად არ გამწვავდეს და "ქართველმა ხალხმა მოთმინება არ დაკარგოს", აუცილებელია არსებული პრობლემების სამართლებრივი, მშვიდობიანი გზით გადაწყვეტა. შესაბამისად, იწყებენ საკონსულტაციო პროცესს, რათა მომზადდეს შესაბამისი საკანონმდებლო ინიციატივა და მოუწოდებენ ქართულ ოცნებას, აქტიურად ჩაერთონ ამ პროცესში.

"თითოეული ადამიანის გამოხატვის თავისუფლება უმნიშვნელოვანესი ღირებულებაა, თუმცა, ეს უფლება არ შეიძლება იქცეს ინსტრუმენტად იმ სიწმინდეების და ფუნდამენტური ფასეულობების შეურაცხყოფისთვის, რომლებიც ქვეყნის ისტორიულ, კულტურულ და სულიერ საფუძველს წარმოადგენს. ეს ტენდენცია საფრთხეს უქმნის საზოგადოებრივ თანხმობას, ეროვნულ ერთობას და სამოქალაქო მშვიდობას.

ფაქტია, რომ გარედან მიღებული დავალების შესაბამისად, ამ ადამიანებმა მოახერხეს და საქმე ლამის ღია სამოქალაქო დაპირისპირებამდე მიიყვანეს - დაპირისპირებამდე ქართველ ერსა და გარედან დაფინანსებულ დესტრუქციულ, მართულ ჯგუფებს შორის. თუკი საქმე პროცესების ესკალაციამდე მივა, სწორედ ეს მცირე ჯგუფი აღმოჩნდება ყველაზე მეტად დაზარალებული, რადგან ქართველი ხალხი ქართული იდენტობისა და ქართული ღირებულებების გვერდით დგას.

ამიტომ, იმისთვის, რომ ვითარება კიდევ უფრო მეტად არ გამწვავდეს და არ მივიდეს იმ მდგომარეობამდე, როდესაც ბრძენმა ქართველმა ხალხმაც კი შეიძლება დაკარგოს მოთმინება, აუცილებელია პასუხისმგებლიანი ნაბიჯების გადადგმა და არსებული პრობლემების სამართლებრივი, მშვიდობიანი გზით გადაწყვეტა.

სწორედ ამიტომ, ჩვენ ვიწყებთ საკონსულტაციო პროცესს იურისტების, სამართლის სპეციალისტების, ისტორიკოსების, ხელოვნებისა და სპორტის სფეროების წარმომადგენლების და სხვა ყველა დაინტერესებული საზოგადოებრივი ჯგუფის მონაწილეობით, რათა მომზადდეს შესაბამისი საკანონმდებლო ინიციატივა. მივმართავთ საქართველოს ხელისუფლებას, პარლამენტს და შესაბამის სახელმწიფო უწყებებს: აქტიურად ჩაერთონ აღნიშნულ პროცესში. [...]

საქართველოს ისტორიული, სულიერი და კულტურული მემკვიდრეობის დაცვა არა მხოლოდ კონკრეტული საზოგადოების ნაწილის, არამედ, მთელი ქვეყნის საერთო პასუხისმგებლობაა. სწორედ ამ პასუხისმგებლობის გათვალისწინებით ვიწყებთ მუშაობას შესაბამისი სამართლებრივი მექანიზმების შემუშავებაზე, რათა ჩვენი ეროვნული ფასეულობები სათანადოდ იყოს დაცული და ღირსეულად გადაეცეს მომავალ თაობებს." - განაცხადა გიორგი შანიძემ.

შეგახსენებთ, რომ 27 ივლისში საქართველოში ჩეჩნური ტიპის არაფორმალურ მორალის პოლიციის შექმნა დაანონსდა. MMA-ის მებრძოლმა გიორგი ქართველიშვილმა, განაცხადა, რომ მათი საინიციატივო ჯგუფი "ქართული ღირებულებების, ფასეულობებისა და ტრადიციების დასაცავად," სახალხო მოძრაობას აფუძნებს. აგრეთვე აღნიშნეს, რომ მზად არიან პასუხი აგონ თითოეულ ქმედებაზე და საჭიროების შემთხვევაში ციხეშიც კი წავიდნენ.

კობახიძე ივანიშვილის სათაყვანო რუსეთი

იეჰოვას მოწმეები და ლგბტქ+ თემი. კრემლი ამ ბუნდოვან ცნებებს იყენებს ძალადობრივი რეპრესიებისა და კონტროლის გასამყარებლად. 

ვლადიმერ პუტინის რეჟიმმა რელიგია და ე.წ. „ტრადიციული ფასეულობები“ გეოპოლიტიკური და შიდაპოლიტიკური ბრძოლის მთავარ იარაღად აქცია. მოსკოვის საპატრიარქოსთან მჭიდრო ალიანსით, კრემლი ამ იდეოლოგიას იყენებს როგორც საკუთარი მოსახლეობის დასამორჩილებლად, ისე დასავლეთთან ცივილიზაციური დაპირისპირების გასამართლებლად.

1. მართლმადიდებლობა, როგორც რეჟიმის იდეოლოგიური საყრდენი

რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია, პატრიარქ კირილეს ხელმძღვანელობით, კრემლის პროპაგანდისტულ მანქანად იქცა. ეკლესია არა მხოლოდ ამართლებს პუტინის აგრესიულ საგარეო პოლიტიკას, არამედ მას „წმინდა ომის“ კატეგორიაში განიხილავს. უკრაინაში შეჭრა და გენოციდური ომი შეფასებულია, როგორც ბრძოლა „მეტაფიზიკური ბოროტების“ წინააღმდეგ, რაც მორწმუნე ჯარისკაცების მობილიზაციასა და მათ რელიგიურ ფანატიზმს უწყობს ხელს.

2. „სულიერი სუვერენიტეტი“ და შიდა რეპრესიები

კრემლმა შემოიტანა „სულიერი და მორალური უსაფრთხოების“ ცნება, რაც ნებისმიერი განსხვავებული აზრის ჩახშობის სამართლებრივი საფუძველი გახდა. „იდენტობის დაცვის“ საბაბით, სახელმწიფო ატარებს მასობრივ დარბევებსა და რეპრესიებს:

  • არატრადიციული რელიგიები: იეჰოვას მოწმეები და სხვა დამოუკიდებელი ქრისტიანული ჯგუფები კანონგარეშედ გამოცხადდნენ და „ექსტრემისტების“ იარლიყით ციხეებში იმყოფებიან.
  • ლგბტქ+ თემის დემონიზაცია: ე.წ. „საერთაშორისო ლგბტ მოძრაობის“ ექსტრემისტულად გამოცხადება ემსახურება შიდა მტრის ხატის შექმნას, რაც საზოგადოების ყურადღებას სოციალური და ეკონომიკური კრიზისებიდან გადაიტანს.

3. დასავლეთის წინააღმდეგ მიმართული გეოპოლიტიკური იარაღი

საერთაშორისო ასპარეზზე პუტინი საკუთარ თავს წარმოაჩენს, როგორც „ტრადიციული ქრისტიანული სამყაროს“ ერთადერთ დამცველს დასავლური „დეგრადაციისა და ლიბერალიზმისგან“. ეს ნარატივი მიზნად ისახავს:

  • დასავლურ საზოგადოებებში პოლარიზაციის გაღრმავებასა და ულტრამემარჯვენე, პოპულისტური ძალების მხარდაჭერას.
  • გლობალურ სამხრეთსა და კონსერვატორულ წრეებში რუსეთისთვის მოკავშირეების გაჩენას.

პუტინის მიერ რელიგიის ინსტრუმენტალიზაცია არ არის რწმენის გამოხატულება; ეს არის ტოტალიტარული კონტროლისა და იმპერიული ამბიციების ნიღაბი. ფასეულობების დაცვის ეგიდით მიმდინარე დარბევები და ომები აჩვენებს, რომ კრემლისთვის რწმენა მხოლოდ ძალაუფლების შენარჩუნების, საზოგადოების მანიპულაციისა და სისხლისღვრის გამართლების საშუალებაა.

 






ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ინფანტინო ტრამპის ადმინისტრაციას FIFA-ს პრეზიდენტობის შენარჩუნებაში დახმარებას სთხოვს
SOCAR უზრუნველყოფს ყაზახური და თურქმენული ნავთობის ტრანზიტს ყულევის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაში
თელავის მუნიციპალიტეტში დენის დარტყმის შედეგად, 56 წლის მამაკაცი დაიღუპა
ვეტერანებმა უკრაინაში მებრძოლი ზაალ ლატარიას შვილის ხსოვნას პატივი მიაგეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics