|
2026-08-18 11:58:13, 257 ნახვა
პოლიტიკა
კობახიძემ საგანგებო ბრიფინგი ერეკლე მეორეზე სალაპარაკოდ გამართა
ქართული ოცნების პრემიერმა ირაკლი კობახიძემ დღეს ბრიფინგი გამართა, რომელზეც გეორგიევსკის ტრაქტატზე, ერეკლე მეორის გადაწყვეტილებასა და სახელმწიფო ინტერესების მნიშვნელობაზე ისაუბრა. ოცნების პრემიერის თქმით, "ერეკლე მეორის მიერ გადადგმულმა ნაბიჯმა შეუნარჩუნა საქართველოს ევროპული სივრცისკენ გზის გაკვალვის შესაძლებლობა". ამ კონტექსტში, ის "პროევროპულად განწყობილ მოქალაქეებზე" საუბრობს და აცხადებს, რომ "ყველაზე აქტიური კრიტიკოსები - ევროპის არსებობასაც კი ლამის საკუთარ დამსახურებად მიიჩნევენ". "საბოლოოდ, ერეკლე მეორის მიერ გადადგმული ნაბიჯი არათუ გამართლებული, არამედ ერთადერთი სწორი, უალტერნატივო გადაწყვეტილება აღმოჩნდა. მიუხედავად იმისა, რომ ყველა სახელმწიფო, მათ შორის რუსეთის იმპერია საკუთარი ინტერესებიდან გამომდინარე მოქმედებდა და საქართველოს ხსნა მათთვის ამოსავალი წერტილი სულაც არ ყოფილა, ისევ და ისევ ქრისტიანობის და არაერთი სხვა, არანაკლებ მნიშვნელოვანი, მათ შორის დემოგრაფიული ფაქტორის გათვალისწინებით, ტრაქტატის გაფორმებით, უნდოდა ეს რუსეთის იმპერიას თუ არა, საქართველომ პრინციპული სარგებელი მაინც მიიღო - როდესაც ყოფნა-არ ყოფნის ზღვარზე ვიყავით, ერეკლე მეორის ამ ნაბიჯით არამხოლოდ როგორც ერი გადავრჩით, არამედ, საბოლოოდ გავიმარჯვეთ კიდეც, რასაც ყველაზე უკეთ ის ფაქტი ადასტურებს, რომ დღეს საქართველო თვითმყოფადი, ქრისტიანულ ფასეულობებზე, ეროვნულ ფესვებსა და ტრადიციულ ევროპულ კულტურაზე დაფუძნებული ქვეყანაა. მრავალი ომის, ოკუპაციის, პოლიტიკური კატაკლიზმისა და ისტორიული ქარტეხილის მიუხედავად, დღეს ჩვენ გვაქვს ქართული, დამოუკიდებელი და სუვერენული სახელმწიფო. სწორედ ეს არის ერეკლე მეორის მიერ მიღებული გადაწყვეტილების მთავარი შედეგი". კობახიძემ ასევე თქვა, რომ იმ კონკრეტულ ისტორიულ ვითარებაში, რუსეთის იმპერიასთან ურთიერთობა საქართველოსთვის "არა მხოლოდ გადარჩენის საკითხი, არამედ ქრისტიანული დასავლეთისკენ მიმავალი პოლიტიკური და კულტურული კავშირის შენარჩუნების ერთადერთი გზა იყო". "იმ ისტორიული პერიოდისა და უმძიმესი მდგომარეობის გათვალისწინებით, რომელშიც საქართველო იმყოფებოდა, ერეკლე მეორის მიერ გადადგმული ნაბიჯების დღევანდელი გადასახედიდან კრიტიკა სრულიად უსაფუძვლოა, მით უფრო, რომ ერეკლე მეორე მოქმედებდა და გადაწყვეტილებებს იღებდა ქვეყნის, მისი სახელმწიფოებრიობისა და მომავლის გადარჩენის ერთადერთი მოტივით. საბოლოო შედეგების გათვალისწინებით, მისი გადაწყვეტილება, ისევე როგორც არაერთი სხვა პოლიტიკური ნაბიჯი, შეიძლება შეფასდეს როგორც გონივრული და მეტიც, გენიალური სახელმწიფოებრივი სვლა. აქ არ უნდა გამოგვრჩეს ერთი მნიშვნელოვანი გარემოება - ერეკლე მეორის ყველაზე აქტიური კრიტიკოსები დღეს თავს პროევროპულად განწყობილ მოქალაქეებად და მთავარ ევროპელებად წარმოაჩენენ და ხშირად ისე მსჯელობენ, რომ არათუ საქართველოს სწრაფვა ევროპისკენ, არამედ, ევროპის არსებობაც კი ლამის საკუთარ დამსახურებად მიაჩნიათ. სინამდვილეში კი, თუ ისტორიულ კონტექსტს გავითვალისწინებთ, სწორედ ერეკლე მეორის მიერ გადადგმულმა ნაბიჯმა შეუნარჩუნა საქართველოს ევროპული სივრცისკენ გზის გაკვალვის შესაძლებლობა. იმ კონკრეტულ, სამწუხარო ისტორიულ ვითარებაში, რუსეთის იმპერიასთან ურთიერთობა საქართველოსთვის არა მხოლოდ გადარჩენის საკითხი, არამედ ქრისტიანული დასავლეთისკენ მიმავალი პოლიტიკური და კულტურული კავშირის შენარჩუნების ერთადერთი გზა იყო. ამიტომ, განსაკუთრებით პარადოქსულია, როდესაც დღეს საკუთარი თავის ევროპული არჩევანის დამცველებად წარმომჩენი ადამიანები, სინამდვილეში კი ფსევდოლიბერალები, ერეკლე მეორეს სწორედ იმ გადაწყვეტილებისთვის აკრიტიკებენ, რომელმაც საქართველოს ისტორიული არსებობისა და შემდგომი სახელმწიფოებრივი განვითარების, მათ შორის ევროპულ სივრცეში ინტეგრაციის შესაძლებლობა შეუნარჩუნა".
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: გიორგი ბაზაევი, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2010 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)