17:37 - 13 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-04-01 16:22:32, 916 ნახვა

მსოფლიო
The Insider-ის გამოძიება - „ჰავანის სინდრომის“ კავშირი ГРУ-სთან - შემთხვევა თბილისშიც დაფიქსირდა

The Insider-მა, 60 Minutes-სა და Der Spiegel-თან ერთად, ჩაატარა ჟურნალისტური გამოძიება, რომლის შედეგების მიხედვითაც, მათ მოიპოვეს სამხილები, რომ აუხსნელი ჯანმრთელობის ანომალიები, რომელიც ცნობილია როგორც "ჰავანის სინდრომი" და რომლებიც სხვადასხვა ქვეყნებში ამერიკელ დიპლომატებს ემართებოდათ, შესაძლოა, რუსეთის სამხედრო დაზვერვის, ГРУ-ს სპეციალურ დანაყოფ 29155-თან და მათ მიერ ენერგეტიკული იარაღის გამოყენებასთან იყოს დაკავშირებული. 

საგამოძიებო სტატიაში საუბარია თბილისში, 2021 წლის ოქტომბრით დათარიღებულ შემთხვევაზე, რომლის სამიზნეც საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს თანამშრომლის მეუღლე გახდა. 

როგორც გამოცემის სტატიაშია ნათქვამი, ქალი ქმართან ერთად, რომელიც აშშ-ის საელჩოს იუსტიციის დეპარტამენტის ატაშე იყო, საქართველოში 2020 წლის თებერვალში, პანდემიისას ჩამოვიდა და თბილისში, დიღმის მასივში ცხოვრობდა. ის იხსენებს, რომ ერთ დღეს, მოულოდნელად გაიგო ძლიერი, გამჭოლი ხმა, რის შემდეგაც თავი ცუდად იგრძნო. სახლის უსაფრთხოების კამერაში გაიხედა და შავი ფერის "მერსედესი“ და მაღალი, გამხდარი მამაკაცი დააფიქსირა. ქალმა მამაკაცსა და მის ავტომობილს ტელეფონით ფოტოები გადაუღო. ის იხსენებს, რომ იგივე ადამიანი 3 წლის შემდეგ ნახა, როდესაც ГРУ-ს 29155-ე ქვედანაყოფის წევრის ფოტო აჩვენეს. 

როგორც The Inisder-ი წერს, საუბარია ალბერტ ავერიანოვზე, 29155-ე ქვედანაყოფის დამფუძნებლის, ანდრეი ავერიანოვის შვილზე. გამოცემის ინფორმაციით, ავერიანოვს 16 წლიდან ამზადებდნენ, რათა ჯგუფის წევრი გამხდარიყო. 

The Insider-ი გამოძიების მთავარ მიგნებებს შორის ასახელებს იმას, რომ ქვედანაყოფის უფროსმა წევრებმა "არალეტალური აკუსტიკური იარაღის" შემუშავებასთან დაკავშირებით გაწეული სამუშაოსთვის სხვადასხვა ჯილდო და პოლიტიკური დაწინაურება მიიღეს.

"არალეტალური აკუსტიკური იარაღი" - რუსულ სამხედრო ლიტერატურაში ეს ტერმინი როგორც ულტრაბგერით, ასევე რადიოსიხშირეზე დაფუძნებული ენერგიის მოწყობილობების აღსაწერად გამოიყენება.

გამოცემები, რომლებმაც ჟურნალისტური გამოძიება ჩაატარეს, მიუთითებენ, რომ ГРУ-ს აღნიშნული ქვედანაყოფი ოპერაციებს მთელ მსოფლიოში ატარებს. 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
საქართველოს ბანკის ივლისის PLUS შეთავაზებები - დააგროვეთ მეტი PLUS ქულა ყოველდღიურ გადახდებზე
პაპუაშვილი ელისაშვილის წინააღმდეგ: ტერორისტებიც ამბობენ, რომ უსამართლობას ებრძვიან
“მცირე ბიზნესის ჯაჭვი” - საქართველოს ბანკი ახალი ინიციატივით ბიზნესებს შორის თანამშრომლობას აძლიერებს
თიბისის ბიზნესგანათლების პროგრამაში, ივნისის თვეში, 600 მეწარმე ჩაერთო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics