21:28 - 29 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-07-29 19:58:29, 285 ნახვა

პოლიტიკა
იან კელი და დევიდ კრამერი: აშშ-მა და ევროკავშირმა „ქართულ ოცნებაზე“ ზეწოლა უნდა გააძლიერონ

გამოცემა Just Security-ში გამოქვეყნებულ სტატიაში აშშ-ის ყოფილი ელჩი საქართველოში, იან კელი და სახელმწიფო მდივნის ყოფილი მოადგილე დევიდ კრამერი წერენ, რომ შეერთებულმა შტატებმა და ევროკავშირმა „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაზე მიზნობრივი ზეწოლა უნდა გააძლიერონ, რათა მმართველმა პარტიამ ოპოზიციის აკრძალვა და მისი ლიდერების დაპატიმრება ვერ შეძლოს.

ავტორების შეფასებით, საქართველოში მიმდინარე პროცესების საბოლოო მიზანი ერთპარტიული მმართველობის ჩამოყალიბებაა.

„აშკარა მიზანია ერთპარტიული რეჟიმის შექმნა, კონტროლისა და ბალანსის მექანიზმების გარეშე, სადაც მხოლოდ ხელისუფლებისადმი დამორჩილებული „ოპოზიცია“ იარსებებს, რათა პლურალიზმის ილუზია შეიქმნას“, – წერენ ავტორები.

სტატიაში აღნიშნულია, რომ საქართველო, რომელიც წარსულში აშშ-ისა და ევროკავშირის მნიშვნელოვანი პარტნიორი იყო, ახლა „სრულად დიქტატურისკენ მიემართება“.

„საქართველო ახლა სრული დიქტატურის რეჟიმისკენ მიდის და ეს არავის ინტერესში არ შედის, გარდა რუსეთის, ჩინეთისა და ირანისა“, – ნათქვამია სტატიაში.

ავტორები წერენ, რომ ბოლო წლებში „ქართულმა ოცნებამ“ დასავლეთის წინააღმდეგ რიტორიკა გააძლიერა, გააფართოვა ურთიერთობები ჩინეთთან და ირანთან და კარი გაუხსნა რუსულ ბიზნესს. მათივე შეფასებით, მმართველი პარტიის პოლიტიკურ კურსს პარტიის დამფუძნებელი ბიძინა ივანიშვილი განსაზღვრავს.

სტატიაში განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა სამოქალაქო საზოგადოების, მედიისა და ოპოზიციის მიმართ ხელისუფლების პოლიტიკას. ავტორები ეყრდნობიან Human Rights Watch-ის შეფასებას, რომლის მიხედვითაც, ხელისუფლება „რეპრესიულ კანონებსა და პოლიტიკურად მოტივირებული გამოძიებების მუქარას იყენებს, რათა სადამკვირვებლო ორგანიზაციები გაანადგუროს და დამოუკიდებელი ხმები გააჩუმოს“.

მათი შეფასებით, ზეწოლის ქვეშ აღმოჩნდა დამოუკიდებელი მედიაც.

„პატივსაცემი ჟურნალისტი ვახო სანაია 14-დღიან პატიმრობას იხდის, მაშინ როცა მედიაზე ზეწოლა სულ უფრო ძლიერდება“, – აღნიშნულია სტატიაში.

ავტორები ასევე წერენ, რომ ხელისუფლებამ სამოქალაქო საზოგადოების შემდეგ ოპოზიციურ პარტიებზე გადაიტანა ყურადღება და ახლა მათი აკრძალვის შესაძლებლობასაც განიხილავს.

„რამდენიმე კვირაში მოსალოდნელია გადაწყვეტილებები, რომლებიც პოლიტიკოსების დაპატიმრებასა და ოპოზიციური პარტიების აკრძალვას ეხება. მოქმედების დრო სწორედ ახლაა“, – აღნიშნავენ ისინი.

სტატიის ავტორები მიიჩნევენ, რომ აშშ-მა „ქართული ოცნების“ მოქმედი მაღალჩინოსნების წინააღმდეგ მკაცრი სანქციები უნდა დააწესოს, ხოლო ევროკავშირს ბიძინა ივანიშვილის სანქცირებისკენ მოუწოდოს. მათი თქმით, სანქციები უნდა შეეხოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს, მთავრობის წევრებს, ასევე იმ მოსამართლეებსა და პროკურორებს, რომლებიც, მათი შეფასებით, პოლიტიკურად მოტივირებულ საქმეებში მონაწილეობენ.

სტატიის დასასრულს კელი და კრამერი წერენ, რომ ვაშინგტონმა და ბრიუსელმა საქართველოში მიმდინარე პროცესებს გაცილებით მეტი ყურადღება უნდა დაუთმონ.

„შეერთებული შტატები და ევროკავშირი საქართველოს ხალხის გვერდით უნდა დადგნენ და არა იმ მმართველი პარტიის, რომელიც ქვეყანას ამერიკის მოწინააღმდეგე ძალებთან დაახლოებისკენ მიჰყავს“, – ნათქვამია Just Security-ში გამოქვეყნებულ სტატიაში.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
საქართველოს რეგიონული განვითარების სამინისტრო სექტემბერში გაუქმდება
შეიქმნება რეგიონული პოლიტიკის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობა, რომელსაც მამუკა მდინარაძე დაიკავებს
იან კელი და დევიდ კრამერი: აშშ-მა და ევროკავშირმა „ქართულ ოცნებაზე“ ზეწოლა უნდა გააძლიერონ
PHR: სააპელაციომ დააკმაყოფილა ბექა შონიასთვის სამედიცინო მომსახურების შინ მიღების მოთხოვნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics