|
2025-08-31 14:47:36, 835 ნახვა
პოლიტიკა
ENEMO - მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, დაუყოვნებლივ გააუქმოს სამოქალაქო ორგანიზაციების წინააღმდეგ დაწესებული შემზღუდავი ზომები
„არჩევნების მონიტორინგის ორგანიზაციების ევროპული ქსელის“ (ENEMO) შეფასებით, ISFED-ის და კიდევ რამდენიმე სამოქალაქო ორგანიზაციის საბანკო ანგარიშების დაყადაღება წარმოადგენს დამოუკიდებელი საარჩევნო დამკვირვებლების ლეგიტიმური მუშაობისთვის ხელის შეშლის სერიოზულ მცდელობას თვითმმართველობის არჩევნების წინ. აღნიშნულთან დაკავშირებით ENEMO განცხადებას ავრცელებს და მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, დაუყოვნებლივ გააუქმოს „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების“, ასევე სხვა სამოქალაქო ორგანიზაციების წინააღმდეგ დაწესებული შემზღუდავი ზომები. „არჩევნების მონიტორინგის ორგანიზაციების ევროპული ქსელი“ (ENEMO) კატეგორიულად გმობს ბოლოდროინდელ განხორციელებულ ქმედებებს „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების" (ISFED) წინააღმდეგ, ENEMO-ს დიდი ხნის და პატივსაცემი წევრის, რომელსაც საქართველოში ერთ-ერთი წამყვანი როლი აქვს მიუკერძოებელ სამოქალაქო სადამკვირვებლო ორგანიზაციებს შორის. პროკურატურის მოთხოვნით, თბილისის საქალაქო სასამართლომ ISFED-ის და კიდევ რამდენიმე სამოქალაქო ორგანიზაციის საბანკო ანგარიშები დააყადაღა. ეს ქმედებები წარმოადგენს დამოუკიდებელი საარჩევნო დამკვირვებლების ლეგიტიმური მუშაობისთვის ხელის შეშლის სერიოზულ მცდელობას მოახლოებული ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების წინ. ასეთი ზომები საფრთხეს უქმნის საარჩევნო პროცესის გამჭვირვალობასა და ანგარიშვალდებულებას და ძირს უთხრის საზოგადოების ნდობას საქართველოს დემოკრატიული ინსტიტუტების მიმართ. ISFED-ი ათწლეულების განმავლობაში კრიტიკულად მნიშვნელოვან როლს ასრულებს თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარების უზრუნველყოფაში პროფესიონალური, მიუკერძოებელი და დამოუკიდებელი მონიტორინგის გზით. ISFED-ის და სხვა სამოქალაქო ორგანიზაციების რეპრესიული ზომებით მიზანში ამოღება არა მხოლოდ ძირს უთხრის მათ საქმიანობას, არამედ ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციურ გარანტიებს და საერთაშორისო ვალდებულებებს, დაიცვას ფუნდამენტური უფლებები და თავისუფლებები, მათ შორის გაერთიანების თავისუფლება”, - ნათქვამია განცხადებაში. ENEMO განმარტავს, რომ სანდო არჩევნები ვერ ჩატარდება მიუკერძოებელი სამოქალაქო დამკვირვებლების გარეშე, რომლებიც უზრუნველყოფენ ანგარიშვალდებულებას, აფიქსირებენ დარღვევებს და აძლიერებენ საზოგადოების ნდობას საარჩევნო პროცესის მიმართ. მათი საქმიანობის შეზღუდვის ნებისმიერი მცდელობა პირდაპირ უქმნის საფრთხეს არჩევნების სანდოობას და საქართველოს მოქალაქეების დემოკრატიულ არჩევანს.
„ENEMO-ს არაერთი საერთაშორისო სადამკვირვებლო მისია განუხორციელებია საქართველოში და შესაბამისად, ზუსტად იცის, თუ რა გადამწყვეტ როლს ასრულებენ ისეთი სამოქალაქო სადამკვირვებლო ორგანიზაციები, როგორიცაა ISFED-ი, საარჩევნო პროცესის გამჭვირვალობისა და სანდოობის უზრუნველყოფაში”, - აღნიშნულია ინფორმაციაში. ENEMO მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, დაუყოვნებლივ გააუქმოს „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების“ და სხვა დაზარალებული სამოქალაქო ორგანიზაციების წინააღმდეგ დაწესებული შემზღუდავი ზომები, არ განახორციელოს დამატებით სხვა ქმედებები, რაც ხელს შეუშლის მათ ლეგიტიმურ საქმიანობას. „ჩვენ მოვუწოდებთ ხელისუფლებას, პატივი სცეს საქართველოს კონსტიტუციას და ადამიანის უფლებების დაცვის საერთაშორისო ვალდებულებებს და შექმნას ხელსაყრელი გარემო, რომელშიც არჩევნების დამკვირვებლებს შეეძლებათ თავიანთი მანდატის შესრულება დაშინების, რეპრესიების და გაუმართლებელი შეზღუდვების გარეშე. ENEMO გამოხატავს სოლიდარობას ISFED-ის და საქართველოს სამოქალაქო სექტორის მიმართ, აფასებს მათ მუდმივ ერთგულებას გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების მიმართ, მიუხედავად შექმნილი მტრული გარემოსი, რომელიც გამოწვეულია საქართველოს ხელისუფლების და მმართველი პარტიის „ქართული ოცნების“ ქმედებებით“,-ნათქვამია განცხადებაში. თბილისის საქალაქო სასამართლომ შვიდი არასამთავრობო ორგანიზაციის: - „სამოქალაქო საზოგადოების ფონდის“, „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების", „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის", “დემოკრატიის მცველების", “საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის", “საფარის", “სოციალური სამართლიანობის ცენტრის“ საბანკო ანგარიშებზე ყადაღების დადების თაობაზე პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა. პროკურატურის მიერ გავრცელებული განცხადებით, საქმე ეხება საბოტაჟის, დამამძიმებელ გარემოებაში საბოტაჟის მცდელობის, უცხოეთის ორგანიზაციისათვის და უცხოეთის კონტროლს დაქვემდებარებული ორგანიზაციისათვის მტრულ საქმიანობაში დახმარების და საქართველოს კონსტიტუციური წყობილების და ეროვნული უშიშროების საფუძვლების წინააღმდეგ მიმართული საქმიანობისთვის ფინანსების მობილიზების ფაქტზე პროკურატურაში მიმდინარე გამოძიებას.
ირმა ინაშვილი - დავაკავეთ დამნაშავე პოლიციელებიო, სიამაყით რომ წერთ, 4 წლის მანძილზე ამ სადისტებმა კიდევ რამდენი დაკავებული აწამეს
მოსკოვმა ბენზინის გაყიდვებზე შეზღუდვები დააწესა
მივმართავთ ადამიანებს, ვისაც აქვთ სისტემური წამების კადრები, გაასაჯაროვეთ – ალიანსი
ხორგუანი: მივმართავ თავდაცვის და უსაფრთხოების კომიტეტს, სასწრაფოდ მოიწვიონ კომიტეტის სხდომა
|
რედაქტორის რჩევით
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთში უკრაინის წინააღმდეგ საბრძოლველად მსურველთა რიცხვი ერთ წელიწადში 20%-ით შემცირდა
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)