|
2021-01-09 12:34:58, 1340 ნახვა
მსოფლიო
ამერიკელი დიპლომატები მოუწოდებენ მაიკ პომპეოს, დაგმოს ტრამპის როლი ვაშინგტონში მომხდარ არეულობებში
ამერიკელი დიპლომატები მოუწოდებენ სახელმწიფო მდივან მაიკ პომპეოს, დაგმოს მოქმედი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის როლი აშშ-ის კაპიტოლიუმში მომხდარი აჯანყების მცდელობაში. ამის შესახებ ინფორმაციას „სიენენი“ ავრცელებს. გამოცემის ცნობით, 100-მდე დიპლომატი პომპეოს სახელზე მემორანდუმს ამზადებს, რომელიც მას მალევე გადაეგზავნება. დიპლომატები დოკუმენტში აღნიშნავენ, რომ პომპეოს, რომელსაც მკაფიო სამომავლო პოლიტიკური ამბიციები აქვს, არასდროს დაუფიქსირებია პრეზიდენტის კრიტიკა და დიპლომატების მხრიდან მითითებებს ელოდებოდა. მათივე განცხადებით, სახელმწიფო დეპარტამენტმა აშშ-ის ხელისუფლებაზე განხორციელებულ თავდასხმაში პრეზიდენტის როლი უნდა დაგმოს. 100-მდე ამერიკელმა დიპლომატმა ხელი მოაწერა დოკუმენტს, რომელთა იმედგაცრუება გამოიწვია მდივნისა და სახელმწიფო დეპარტამენტის სხვა ლიდერების მხრიდან ძალადობაზე რეაგირების არარსებობამ. კვირის დასაწყისში სახელმწიფო დეპარტამენტმა საელჩოებს მისცა მითითებები, თუ როგორ უნდა განიხილონ ძალადობრივი თავდასხმა კაპიტოლიუმზე, მაგრამ მასში არ იყო ნახსენები ტრამპის როლი ამ მოვლენების განვითარებაში, რამაც აღაშფოთა დიპლომატები, რომლებიც ამ საქმეში მოქმედი პრეზიდენტის პირდაპირ კავშირს ხედავენ. „მისმა წაქეზებამ გამოიწვია ძალადობრივი ამბოხი აშშ-ის კაპიტოლიუმში, ხუთი ადამიანი დაიღუპა და დაშავდა არაერთი პირი. სამთავრობო ქონების განადგურებამ და ვანდალიზმმა ზიანი მიაყენა ჩვენი ქვეყნის დემოკრატიულ სისტემას და იმიჯს“, - აღნიშნულია მემორანდუმში. ცნობისთვის, 6 იანვარს, ვაშინგტონში, სადაც საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებს ამტკიცებდნენ, დონალდ ტრამპის მხარდამჭერები კაპიტოლიუმის შენობაში შეიჭრნენ. დემონსტრანტები ჯო ბაიდენის გამარჯვებას აპროტესტებდნენ. შენობიდან კონგრესმენთა ევაკუაცია განხორციელდა, არეულობის შედეგად კი ხუთი ადამიანი დაიღუპა.
მოამზადე ავტომობილი საზაფხულო მოგზაურობისთვის და გაიარე მეტი "თეგეტა მოტორსთან" ერთად
საქართველოს ბანკმა Global Finance-ის საუკეთესო ციფრული ბანკების დაჯილდოებაზე 33 ჯილდო მიიღო
დაიწყე მზადება 2026 წლის საგანმანათლებლო პროგრამებისთვის და აღმოაჩინე საქართველოს ბანკის მიერ შექმნილი შესაძლებლობები
მოსკოვის შემდეგ, სანქტ-პეტერბურგმაც დააწესა შეზღუდვები ბენზინის გაყიდვაზე
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)