|
2015-05-17 15:32:16, 781 ნახვა
ეკონომიკა
ირაკლი ღარიბაშვილმა ბიზნესმენებს გურიის რეგიონში საინტერესო პროექტების განხორციელებისკენ მოუწოდა
გურიის რეგიონის ეკონომიკური პოტენციალი, პროექტის ,,ძლიერი რეგიონი - ძლიერი საქართველოსთვის“ ფარგლებში, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა დღეს ოზურგეთში შეკრებილ ბიზნესმენებს წარუდგინა. გურიას აქვს კარგი რესურსი მეფრინველეობისა და მებოცვრეობის განვითარებისთვის, რძის, ხორცის, ხილ-ბოსტნეულის გადამმუშავებელი წარმოებისთვის, მეფუტკრეობისთვის, თხილის, კაკლისა და წაბლის მოყვანა-გადამუშავებისთვის, მეთევზეობისთვის, მარცვლოვანი და ბაღჩეული კულტურების, ჩაის, ციტრუსოვანი და კენკროვანი კულტურების, მათ შორის ლურჯი მოცვის მოყვანა-გადამუშავებისთვის; არის კარგი საფუძველი სამაცივრე და სანერგე მეურნეობების განვითარებისთვის. „ამ მიმართულებების განვითარება განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ხდება იმის გათვალისწინებით, რომ ჩვენმა მთავრობამ ხელი მოაწერა ასოცირების ხელშეკრულებას და ამით 900 მილიონიან ბაზარზე გასვლის რეალური პერპექტივა ჩვენს მეწარმეებს და ბიზნესმენებს“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა. მთავრობის მეთაურმა ყურადღება გაამახვილა გურიაში ტურიზმის განვითარების პერსპექტივაზე და განაცხადა, რომ ამ მხრივ რეგიონს შთამბეჭდავი პოტენციალი აქვს. „შავი ზღვისპირეთში მდებარე კურორტები - ურეკი, შეკვეთილი და გრიგოლეთი, ხოლო მაღალმთიან ალპურ ზონაში - ბახმარო და გომისმთა მართლაც უნიკალური რესურსია და აქ შესაძლებელია როგორც ზაფხულის, ისე ზამთრის ტურიზმის განვითარება. თქვენ იცით ურეკის უმდიდრესი ბუნებრივი რესურსის - სამკურნალო თვისებების მქონე მაგნიტური ქვიშის შესახებ და კარგად მოგეხსენებათ, რამხელა პერსპექტივა აქვს ამ კურორტს. მინდა, ორიოდე სიტყვით გითხრათ გომისმთაზე, რადგან ამ კურორტის უნიკალური რესურსი დღესაც აუთვისებელია. იგი მდებარეობს ზღვის დონიდან 2 250 მეტრზე. აქ შეზავებულია ზღვისა და მთის ჰაერი, არის მინერალური წყლები. მისი განუმეორებელი ბუნება და ჭინჭაოს ტბა დაუვიწყარ შთაბეჭდილებას ტოვებს. გომის მთა უხვთოვლიანია და სამთო-სათხილამურო სპორტის განვითარებისთვის იდეალური რელიეფი აქვს. ჩვენი მიზანი ინვესტორების დაინტერესებაა. მნიშვნელოვანია ინვესტიციების მოზიდვა გომის მთის ზამთრის კურორტად ჩამოყალიბების მიზნით“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა და იმედი გამოთქვა, რომ ის, ურეკთან ერთად, ადგილობრივი და უცხოელი ტურისტებისთვის ყველაზე საინტერესო ადგილი იქნება. პრემიერ-მინისტრმა ბიზნესმენებს რეგიონში საინტერესო პროექტების განხორციელებისკენ მოუწოდა და აღნიშნა, რომ მათ მთავრობისა და ადგილობრივი ხელისუფლების სრული მხარდაჭერა ექნებათ.
პირველკლასელების სასკოლო ფორმები საქართველოშია და 1-14 სექტემბერს გაიყიდება
პოლონეთის საელჩო: კაჩინსკის 2008 წლის გაფრთხილება პირქუშ წინასწარმეტყველებას ჰგავს
„მნიშვნელოვანი დემოკრატიული უკუსვლა“: რას ამბობს ევროკავშირის ახალი ანგარიში საქართველოს შესახებ
უკანა სავარძელზე მსხდომ მგზავრებს შესაძლოა უსაფრთხოების ღვედების გამოყენება მოეთხოვოთ
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
ივლისში, რუსეთსა და უკრაინას შორის ომში რეკორდული რაოდენობის მშვიდობიანი მოსახლეობის დაღუპვა დაფიქსირდა
ზაპოროჟიეში რუსი ოკუპანტების ბალისტიკით დაბომბვის შედეგად 6 ადამიანი დაიღუპა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)