13:09 - 12 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-08-12 11:47:52, 252 ნახვა

პოლიტიკა
პაპუაშვილი – 12 აგვისტო, ერთი მხრივ, არის დიდგორის გამარჯვების დღე, მეორე მხრივ კი, 2008 წლის კაპიტულანტური შეთანხმების დღე

1121 წლის 12 აგვისტოს დავით აღმაშენებელმა დიდგორის ველზე საქართველოს ისტორიაში ერთ-ერთი უდიდესი სამხედრო გამარჯვება მოიპოვა, 887 წლის შემდეგ, 2008 წლის 12 აგვისტოს, მიხეილ სააკაშვილმა, რომელიც საკუთარ მმართველობას ადარებდა დავით აღმაშენებლის ეპოქას, დიდგორობის დღეს ომი წააგო და საქართველოსთვის კაპიტულანტურ ექვსპუნქტიან შეთანხმებაზე მოუწია დათანხმება, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

როგორც პაპუაშვილი აღნიშნავს, დავით აღმაშენებელმა 12 აგვისტოს მტერი დაამარცხა და საქართველოს გზა გაერთიანებისკენ გაუხსნა, სააკაშვილმა კი იმავე დღეს საქართველოს სამხედრო მარცხი, ახალი ტერიტორიების დაკარგვა და რუსული ოკუპაციის გაფართოება დაუტოვა.

„საქართველოს ისტორიაში 12 აგვისტო დიდგორის გამარჯვების დღეა. 1121 წლის 12 აგვისტოს დავით აღმაშენებელმა დიდგორის ველზე საქართველოს ისტორიაში ერთ-ერთი უდიდესი სამხედრო გამარჯვება მოიპოვა, რასაც ქვეყნის გაერთიანება, თბილისის გათავისუფლება და ქართული სახელმწიფოს ძლიერების ხანა მოჰყვა. 887 წლის შემდეგ, 2008 წლის 12 აგვისტოს, მიხეილ სააკაშვილმა, რომელიც საკუთარ თავს და საკუთარ მმართველობას ასე ხშირად ადარებდა დავით აღმაშენებლის ეპოქას, დიდგორობის დღეს ომი წააგო და საქართველოსთვის კაპიტულანტურ ექვსპუნქტიან შეთანხმებაზე მოუწია დათანხმება. ისტორიამ შემოგვინახა ამ დოკუმენტის სახელიც – 12 აგვისტოს შეთანხმება. ეს სიმბოლური დამთხვევა განსაკუთრებით მძიმეა: დავით აღმაშენებელმა 12 აგვისტოს მტერი დაამარცხა და საქართველოს გზა გაერთიანებისკენ გაუხსნა. სააკაშვილმა კი იმავე დღეს საქართველოს სამხედრო მარცხი, ახალი ტერიტორიების დაკარგვა და რუსული ოკუპაციის გაფართოება დაუტოვა.

12 აგვისტოს შეთანხმება თანაბარ პირობებში მყოფ ორ სახელმწიფოს შორის დადებული სამშვიდობო ხელშეკრულება არ ყოფილა. ეს იყო ომში დამარცხებული ხელისუფლების მიერ რუსეთის პირობებზე მიღებული დოკუმენტი, რომელშიც საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა კიდევ ერთხელ შეილახა. დოკუმენტში არ ეწერა, რომ რუსეთი იყო აგრესორი. არ იყო საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მკაფიო გარანტია. არ განისაზღვრა რუსეთის ჯარის გაყვანის კონკრეტული ვადა. არ არსებობდა შეთანხმების შესრულების იძულების ქმედითი მექანიზმი. რუსეთისთვის დაკისრებული ვალდებულებები ბუნდოვანი იყო, საქართველოს ვალდებულება კი – კონკრეტული და ცალსახა. შედეგიც შესაბამისი დადგა. რუსეთმა შეთანხმება არ შეასრულა, საქართველოს ტერიტორიაზე სამხედრო ყოფნა შეინარჩუნა, ახალგორის რაიონი და კოდორის ხეობა დაიკავა, მოგვიანებით კი აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის ე.წ. დამოუკიდებლობა აღიარა. საქართველომ დაკარგა კონტროლი დამატებით ტერიტორიებზე, ათიათასობით ადამიანი საკუთარ ქვეყანაში დევნილად იქცა, ხოლო რუსული სამხედრო ბაზები საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში დამკვიდრდა. ეს ყველაფერი იმ ომის შედეგი იყო, რომელსაც სააკაშვილის ხელისუფლება წლების განმავლობაში გარდაუვალ ისტორიულ გმირობად და საქართველოს გამარჯვებად წარმოაჩენდა.

თუმცა, სახელმწიფოს გამარჯვება განისაზღვრება არა სატელევიზიო დეკორაციებით, დროშების ფრიალით და ხელისუფლების მიერ საკუთარი თავისთვის მოწყობილი ზეიმებით. გამარჯვება იზომება მიღებული შედეგით: რამდენად დაცულია ქვეყნის ტერიტორია, მოქალაქეები, მშვიდობა და სახელმწიფოებრივი ინტერესები. 2008 წლის აგვისტოში საქართველომ ვერც ერთი ეს მიზანი ვერ დაიცვა. სააკაშვილის რეჟიმმა ჯერ ქვეყანა უმძიმეს სამხედრო ავანტიურაში შეიყვანა, შემდეგ ბრძოლის ველზე მარცხი განიცადა, ბოლოს კი ხელი მოაწერა პირობებს, რომლებმაც რუსეთის მიერ შექმნილი ახალი საოკუპაციო რეალობა ვერ შეაჩერა. ყველაზე მძიმე კი ის იყო, რომ ხელისუფლებამ საკუთარ შეცდომებს ქართველი სამხედროების გმირობა გადააფარა. ქართველი ჯარისკაცები თავდადებით იბრძოდნენ. მარცხი მათი არ ყოფილა. ეს იყო პოლიტიკური ხელმძღვანელობის მარცხი – ხელისუფლების, რომელმაც ქვეყანა ომში შეიყვანა, ვერ მართა ომი და ვერც მისი დასრულებისას დაიცვა ქვეყნის ინტერესები.

ამ ისტორიის კიდევ ერთი მძიმე მხარე საერთაშორისო რეაქცია იყო. 12 აგვისტოს შეთანხმებას შუამავლად და გარანტორად ევროკავშირი ედგა. ექვს პუნქტში საქართველოსთვის არსებითად მნიშვნელოვანი იყო მეხუთე პუნქტი: რუსეთის სამხედრო ძალები საწყის პოზიციებზე უნდა დაბრუნებულიყვნენ. მაგრამ რა მოხდა შემდეგ? რუსეთზე რეალური ზეწოლა განხორციელდა? სანქციები დაწესდა? ვაჭრობა შეჩერდა? პოლიტიკური და ეკონომიკური ურთიერთობები შეიზღუდა? არა. პირიქით, დასავლეთსა და რუსეთს შორის მალე დაიწყო ურთიერთობების „გადატვირთვა“. გაგრძელდა მასშტაბური ეკონომიკური თანამშრომლობა. აშენდა „ნორდ სტრიმის“ მილსადენები. 2010 წლის 9 მაისს კი წითელ მოედანზე რუს და ევროპელ სამხედროებს ერთ აღლუმზე ვხედავდით.

საქართველომ კი სხვა რეალობა მიიღო: შეიარაღების შეძენაზე დაწესებული ემბარგო, ომის პასუხისმგებლობაზე მძიმე საერთაშორისო შეფასებები, რუსეთის მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში გაწევრიანებაზე საქართველოს თანხმობის იძულება და გასასტიკებული რეჟიმის ყველაზე შავბნელი წლები. რა იყო ეს, თუ არა საქართველოს დასჯა და რუსეთთან ურთიერთობების ძველ კალაპოტში სწრაფი დაბრუნება? მაგრამ, მიუხედავად ყველაფრისა, მიუხედავად სამ დღეში კაპიტულაციისაა, მიტოვებული ჯარისკაცებისა, ჰალსტუხისა და გორის სამარცხვინო კადრებისა, რუსთაველზე ზეიმისა მაშინ, როდესაც ჩვენი პატრიარქი საკუთარი ფეხით მიდიოდა ომის ზონაში დაღუპული ჯარისკაცების გამოსაყვანად და მშვიდობიანი მოსახლეობის დასახმარებლად, ყველაფრის მიუხედავად, ქართველმა ჯარისკაცმა საქართველოს ღირსება არ დათმო.

არ არსებობს ბრძოლა საქართველოსთვის გმირების გარეშე, თავდადების გარეშე, თავგანწირვის გარეშე.  ჩვენ ამ ომმა მოგვცა შინდისის გმირები, გელა ჭედია, ძმები რომელაშვილები, გიორგი ანწუხელიძე… ათობით და ასობით გმირი. მათ შეინახეს საქართველოს ღირსება, საკუთარი სისხლით დაიცვეს დიდგორის სახელი და დაგვიტოვეს რწმენა, რომ არასოდეს შევეგუებით მარცხს, ღალატს და უსამართლობას. ამიტომ 12 აგვისტოს ორი სრულიად განსხვავებული ისტორიული მნიშვნელობა აქვს. ერთი მხრივ, ეს არის დიდგორის გამარჯვების დღე – გონივრული სახელმწიფოებრივი პოლიტიკის, სწორი სამხედრო სტრატეგიის, გმირული თავდადებისა და ეროვნული ერთიანობის სიმბოლო. მეორე მხრივ კი, ეს არის 2008 წლის კაპიტულანტური შეთანხმების დღე – პოლიტიკური უგუნურების, სამხედრო მარცხისა და პასუხისმგებლობისგან გაქცევის სიმბოლო.

დავით აღმაშენებელმა დიდგორის გამარჯვებით საქართველო გააერთიანა. სააკაშვილმა დიდგორობის დღეს ომი წააგო და ქვეყანას გაფართოებული ოკუპაცია დაუტოვა. ეს არის ისტორიული რეალობა, რომელსაც ვერც პროპაგანდა შეცვლის და ვერც წაგებული ომის გამარჯვებად გამოცხადება.ისტორია ულმობელია. რჩება დოკუმენტები, რჩება შედეგები და რჩება ხალხის მეხსიერება. დიდება საქართველოსთვის დაცემულ გმირებს დიდება ყველას, ვისთვისაც ძვირფასია დიდგორის წმინდა სახელი“, – წერს პაპუაშვილი.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
„მნიშვნელოვანი დემოკრატიული უკუსვლა“: რას ამბობს ევროკავშირის ახალი ანგარიში საქართველოს შესახებ
უკანა სავარძელზე მსხდომ მგზავრებს შესაძლოა უსაფრთხოების ღვედების გამოყენება მოეთხოვოთ
პაპუაშვილი – 12 აგვისტო, ერთი მხრივ, არის დიდგორის გამარჯვების დღე, მეორე მხრივ კი, 2008 წლის კაპიტულანტური შეთანხმების დღე
კალაძე რუს ბლოგერს არწმუნებდა, რომ რუსებს საქართველოში დაუვიწყარი დღეები ელით
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics