|
2017-03-16 13:16:21, 1862 ნახვა
პოლიტიკა კომენტარი
პრეზიდენტი რუსეთზე - ქვეყნებმა, მიუხედავად მათი ზომისა მეზობელი სახელმწიფოების მიმართ პატივისცემა უნდა გამოიჩინონ
საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ბაქოს V გლობალური ფორუმის გახსნის ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა. გიორგი მარგველაშვილმა 50-ზე მეტი ქვეყნის მოქმედ და ყოფილ ლიდერს სიტყვით მიმართა და ყურადღება მსოფლიოში არსებულ გამოწვევებზე, საერთაშორისო ურთიერთობების დღის წესრიგსა და რეგიონული უსაფრთხოების საკითხებზე გაამახვილა. საქართველოს პრეზიდენტის განცხადებით, მსოფლიო გლობალური საფრთხეების წინაშე დგას. "სწრაფად ცვალებად გეოპოლიტიკურ გარემოში ჩვენ მუდმივად ვდგავართ ისეთი გლობალური საფრთხეების წინაშე, როგორებიცაა ტერორიზმი და ექსტრემიზმი, შეიარაღებული კონფლიქტები და ჰიბრიდული ომები", - აღნიშნა პრეზიდენტმა. გიორგი მარგველაშვილმა გლობალიზაციის შესახებაც ისაუბრა და აღნიშნა, რომ გლობალიზაცია ხელსაყრელ გარემოს ქმნის თითოეული სახელმწიფოსათვის, რათა მიიღოს სარგებელი საერთო თანამშრომლობისგან. საქართველოს პრეზიდენტის განცხადებით, დაუცველ მსოფლიოში საერთაშორისო თანამეგობრობის რეაგირებას პირდაპირი გავლენა აქვს მომავალ მოვლენებსა და უსაფრთხოების გარემოზე. გიორგი მარგველაშვილმა საქართველო-რუსეთის ურთიერთობაზე ისაუბრა. როგორც მან აღნიშნა, საქართველოს საბჭოთა კავშირიდან გამოსვლისა და დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ, საქართველო რუსეთის მხრიდან არაერთი საფრთხის წინაშე დადგა, რამაც საბოლოო კულმინაციას საქართველოს ტერიტორიების უკანონო ანექსიით მიაღწია. საქართველოს პრეზიდენტმა ყურადღება რუსეთის ფედერაციის მხრიდან საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში ბოლო დროს განხორციელებულ უკანონო ქმედებებზე გაამახვილა. "საერთაშორისო ურთიერთობების მომავალი არასოდეს ყოფილა ასეთი არაპროგნოზირებადი და ჩვენ ყველა ერთად ვართ საკუთარ სტაბილურობასა და კეთილდღეობაზე პასუხისმგებელი. დიდი ქვეყნების გავლენის ზონები და მეზობელი სახელმწიფოების მიმართ აგრესიული პოლიტიკა მიუღებელი უნდა იყოს საერთაშორისო თანამეგობრობისთვის", - განაცხადა მარგველაშვილმა. საქართველოს პრეზიდენტის განცხადებით, ქვეყნებმა, მიუხედავად მათი ზომისა და ორიენტაციისა, მეზობელი სახელმწიფოების მიმართ პატივისცემა უნდა გამოიჩინონ. მარგველაშვილმა აღნიშნა, რომ სახელმწიფოთა საერთო პრობლემებიდან გამოსავალი ერთობასა და საერთო ღირებულებების, ფასეულობების დასაცავად ერთიან ძალისხმევაშია. გიორგი მარგველაშვილმა ხაზი გაუსვა საქართველოს აქტიურ ჩართულობას საერთაშორისო სამშვიდობო მისიებში ავღანეთსა და ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში. საქართველოს პრეზიდენტმა ფორუმზე რეგიონში მიმდინარე პროექტებიც მიმოიხილა და აღნიშნა, რომ კავკასიის რეგიონი უმნიშვნელოვანესია სატრანსპორტო და ლოგისტიკის სფეროებში მჭიდრო თანამშრომლობის განვითარება. "საქართველოს და აზერბაიჯანის მტკიცე პარტნიორობა ჩვენი ქვეყნის სურვილის ნათელი მაგალითია, გავაძლიეროთ რეგიონი და ამ გზით შევქმნათ თანამშრომლობის საერთო სივრცე", - განაცხადა პრეზიდენტმა. საქართველოს პრეზიდენტთან ერთად სესიაზე დამსწრე საზოგადოებას მონტენეგროს, მაკედონიის რესპუბლიკის, ალბანეთის, ლატვიის რესპუბლიკის პრეზიდენტებმა და საუდის არაბეთის პრინცმაც მიმართეს. სიტყვით გამოსვლების შემდეგ დისკუსია კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა. ღონისძიების დასრულების შემდეგ, ბაქოს V გლობალურ ფორუმში მონაწილე დელეგაციათა ხელმძღვანელების პატივსაცემად სამუშაო ლანჩი გაიმართა.
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)