|
2026-07-15 12:14:09, 281 ნახვა
პოლიტიკა
საია: ფორმულასთან დაკავშირებით სასამართლოს გადაწყვეტილება SLAPP პრეცედენტია
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის (საია) შეფასებით, ტელეკომპანია ფორმულას საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება - ზიანის ანაზღაურების დაკისრება და პარალელურად სისხლის სამართლის საქმეზე დაწყებული გამოძიება მედიის დამოუკიდებლობისა და გამოხატვის თავისუფლების წინააღმდეგ მიმართულ სერიოზულ საფრთხეს წარმოადგენს. ორგანიზაციის განცხადებით, ასეთი სამართლებრივი ბერკეტების გამოყენება დამოუკიდებელი და კრიტიკული მედიის წინააღმდეგ, პრესაზე ზეწოლის ინსტრუმენტია და უშუალოდ უკავშირდება SLAPP (სტრატეგიული სამართალწარმოება სამოქალაქო ჩართულობის წინააღმდეგ) პრაქტიკას. მათივე თქმით, მსგავსი მექანიზმების არაკეთილსინდისიერად გამოყენების უმთავრესი მიზანი არა სამართლიანობის მიღწევა, არამედ კრიტიკულად განწყობილი პირების გაჩუმება და დაშინებაა. *** საქალაქო სასამართლომ გოგა ხაინდრავას სარჩელი დააკმაყოფილა და „ფორმულა“ „მორალური ზიანის მიყენების გამო“ 10 000 ლარით დააჯარიმა შეგახსენებთ, რომ დავის საგანი ის რეპორტაჟია, რომელსაც მოსარჩელე მხარე ცრუ დასმენად და ცილისწამებად აფასებს. საუბარია სიუჟეტზე, სადაც ნათქვამი იყო, რომ ხაინდრავა, კორუფციისა და ქვეყანაში მოქალაქეების უკანონო შემოყვანის სავარაუდო სქემაში ფიგურირებს. ამავე მასალაზე მიმდინარეობს სისხლის სამართლის გამოძიებაც მედიის წინააღმდეგ მიმართულ უპრეცედენტო საქმეზე. ოცნების პროკურატურაში, „შაბათის ფორმულას” წამყვანი დავით ქაშიაშვილი, სიუჟეტის ავტორი ნატუკა ლომაძე და ოპერატორი მიშო მარკაშვილი დაიკითხნენ. მოსამართლე ლიანა კაჟაშვილმა სრულად დააკმაყოფილა გოგა ხაინდრავას სასარჩელო მოთხოვნის ყველა პუნქტი. „შაბათის ფორმულას” დაევალა ფაქტების უარყოფა და მორალური ზიანის ანაზღაურება. გოგა ხაინდრავამ პროკურატურას სარჩელით მიმდინარე წლის იანვარში გასული სიუჟეტის შემდეგ მიმართა. „ფორმულას” წყაროებზე დაყრდნობით, გოგა ხაინდრავა სავარაუდოდ უცხო ქვეყნის მოქალაქეებს ფულის სანაცვლოდ ეხმარებოდა ქვეყანაში შემოსვლაში. წყაროზე დაყრდნობით, ხაინდრავა სავარაუდოდ სუს-ს უცხო ქვეყნის მოქალაქეების სიებს აწვდიდა, რომლებსაც ქვეყანაში შემოსვლა მარტივად უნდა მოეხერხებინათ. „ფორმულას” წინააღმდეგ ასევე აღძრულია სისხლის სამართლის საქმე ცრუ დასმენის ბრალდებით. ამ მომენტისთვის, გამოძიების ფარგლებში მხოლოდ „ფორმულას” ჟურნალისტები იკითხბიან. „მოხდა ის რასაც ველოდებოდით, სასამართლომ სრულად დააკმაყოფილა გოგა ხაინდრავას სარჩელი, დაგვაკისრა მორალური ზიანის ანაზღაურება. ამ სასამართლოს პირობებში ეს არ ყოფილა გასაკვირი, გამომდინარე შექმნილი მდგომარეობიდან, თუმცა მიგვაჩნია, რომ ამ ქვეყანაში თავისუფალი ჟურნალისტიკა, კეთილსინდისიერი ჟურნალისტიკა არ უნდა ისჯებოდეს, შესაბამისად სრულად ამოვწურავთ ქვეყნის შიგნით არსებულ სასამართლო პროცესებს და, დიდი ალბათობით, გავაგრძელებთ სტრასბურგში დავასაც. მიგვაჩნია, რომ გადაწყვეტილება არის დაუსაბუთებელი“, - აცხადებს ეთო ქათამაძე, ტელეკომპანია „ფორმულას” იურისტი. მისი შეფასებით, ეს საქმე შეიძლება იყოს ბიძგი, რომ დაიწყოს შესაბამისი გამოძიება და პროკურატურამ ძიება განაგრძოს, თუმცა სავარაუდოა, რომ ეს გადაწყვეტილება ქვეყანაში ჟურნალისტების და საგამომძიებლო ჟურნალისტიკის დევნას შეუწყობს ხელს. თბილისის პროკურატურის განცხადებით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 373-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, ცრუ დასმენის ფაქტზე გამოძიება 2026 წლის 16 ივნისს დაიწყო. “გამოძიების დაწყებას საფუძვლად დაედო კინორეჟისორ გიორგი (გოგა) ხაინდრავას ინტერესების დამცველი ადვოკატების განცხადება ტელეკომპანია „ფორმულას“ მიერ გიორგი (გოგა) ხაინდრავას მიმართ დანაშაულის შესაძლო ჩადენის ფაქტთან დაკავშირებით. "საგამოძიებო ორგანოში, მოწმის სახით გამოიკითხა კინორეჟისორი გიორგი (გოგა) ხაინდრავა. ჩატარდება ყველა საჭირო საგამოძიებო და საპროცესო მოქმედება, რომელთა შედეგების შესახებ საზოგადოებას დამატებით მიეწოდება ინფორმაცია”, - დაწერა საქართველოს პროკურატურამ საკუთარ Facebook გვერდზე 17 ივნისს. დღეს, გოგა ხაინდრავას შეტანილ სარჩელს არც შესაბამისი უწყების გამოძიების დასკვნები და არც მოსამართლის მიერ განაჩენის დასაბუთება არ მოჰყოლია. „არ ვიცით რეალურად იყო თუ არა ის ფაქტები, რაც გავრცელდა სწორი, შესაბამისად ამაზე კომპეტენტურმა საგამოძიებო უწყებებმა უნდა გასცენ პასუხი და ჟურნალისტს არ უნდა დაეკისროს პასუხისმგებლობა იმაზე, რაც არის მისი მთავარი მოვალეობა - რომ გააშუქოს ინფორმაცია“, - განაცხადა ეთო ქათამაძემ. 2026 წლის მონაცემებით, საქართველო პრესის თავისუფლების ინდექსში ერთ წელიწადში 114-დან 135-მდე ჩამოქვეითდა. სიაში 180 ქვეყანაა.
ქუთაისში, იოსელიანის ქუჩაზე ხარაჩო ჩამოიშალა და მუშა მოიყოლა, ის გარდაიცვალა
პოლონეთი უკრაინას რუსეთის მხრიდან შესაძლო ცრუ დროშის ოპერაციაზე აფრთხილებს
ტრამპი: ირანის ხიდებსა და ელექტროსადგურებს დავარტყამთ, თუ მოლაპარაკებებს არ განაახლებენ
საია: ფორმულასთან დაკავშირებით სასამართლოს გადაწყვეტილება SLAPP პრეცედენტია
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ოდესის სანაპიროსთან დაბომბეს გემი, რომელზეც აზერბაიჯანელები იმყოფებოდნენ
ზელენსკი უკრაინის პრემიერ-მინისტრს და ძალოვან მინისტრებს ცვლის
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)