12:30 - 21 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-08-21 11:35:30, 247 ნახვა

პოლიტიკა
სამოქალაქო საზოგადოება: ოცნების კამპანია ქვეყნის სახელმწიფოებრიობას აზიანებს, საჯარო სივრცეში ტერმინ „რუსოფობიის“ ხელოვნურად დამკვიდრების ცდილობს

საქართველოს სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებმა ერთობლივი განცხადება გაავრცელეს, სადაც „ქართული ოცნების“ მიერ წარმოებულ საინფორმაციო კამპანიასა და რუსული ნარატივების გავრცელებას ქვეყნის სახელმწიფოებრიობის საფუძვლების წინააღმდეგ მიმართულ ნაბიჯად აფასებენ.

ხელმომწერები მკაცრად გმობენ 2008 წლის აგვისტოს ომთან დაკავშირებით გაჟღერებულ გზავნილებს და საჯარო სივრცეში ტერმინ „რუსოფობიის“ ხელოვნურად დამკვიდრების მცდელობას.

დოკუმენტში აღნიშნულია, რომ სახელისუფლებო რიტორიკა პირდაპირ კავშირშია ევროინტეგრაციის პროცესის შეჩერებასთან, პოლიტიკური პატიმრების საკითხთან, რუსეთზე ეკონომიკური დამოკიდებულების გაღრმავებასა და უკონტროლო მიგრაციულ პროცესებთან.

აუცილებლად მიგვაჩნია საჯაროდ გამოვეხმაუროთ და მკაფიო პასუხი გავცეთ რუსული პროპაგანდის ნაკადს, რომელიც პარტია „ქართული ოცნებისა“ და მასთან დაკავშირებული სხვადასხვა ორგანიზაციების მხრიდან მომდინარეობს. გვსურს, საზოგადოებას შევახსენოთ, რომ ეს კოორდინირებული კამპანია უმძიმესი შედეგების მომტანია ჩვენი ქვეყნისა და მისი თითოეული მოქალაქის ინტერესებისთვის, საქართველოს მომავლისთვის. საქართველოს წინააღმდეგ რუსული სამხედრო აგრესიის მე-18 წლისთავის დღეებში, ოკუპანტი ქვეყნის პროპაგანდისტული გზავნილებისა და ნარატივის გავრცელებამ განსაკუთრებით მასშტაბური და ინტენსიური ხასიათი მიიღო. ისევ გვესმის ტოტალური პროპაგანდისათვის დამახასიათებელი უტიფრობით შეთხზული საქართველოს დადანაშაულება 2008 წლის ომის დაწყებაში, იმ ომის, რომლის დროსაც საქართველოში უკანონოდ შემოჭრილმა რუსულმა არმიამ და ე.წ. მოხალისეებმა გადაწვა და გაანადგურა ქართული სოფლები და დასახლებები, სასტიკად გაუსწორდა მშვიდობიან მოსახლეობას. ეთნიკური წმენდა და სხვა მძიმე დანაშაულები, რომლებიც რუსულმა ძალებმა ჩაიდინეს საქართველოს მოქალაქეების წინააღმდეგ, დადგენილი და დამტკიცებულია საერთაშორისო სასამართლოებისა და ტრიბუნალების მიერ. 2008 წლის ომის შედეგად, რუსეთს დღემდე აქვს ოკუპირებული საქართველოს ორი რეგიონი, ყველა საერთაშორისო ნორმისა და შეთანხმების, მათ შორის 2008 წლის 12 აგვისტოს ევროკავშირის მედიაციით დადებული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების, დარღვევით. ამ პროპაგანდისტული კამპანიის განუყოფელი ნაწილია ისტორიული ფაქტების გაყალბება და მანიპულირება. სწორედ ამ ხერხს იყენებდა რუსეთი ასწლეულების მანძილზე საქართველოს ოკუპაციის და ქართული სახელმწიფოს განადგურების გასამართლებლად. ბუნებრივია, ეს საზიანო და დაუშვებელი ქმედება ხელს უწყობს ჩვენი საზოგადოების დაყოფას და ურთიერთდაპირისპირებას, ამწვავებს პოლიტიკურ რადიკალიზაციას. განსაკუთრებით საყურადღებო და საგანგაშოა სპეციფიური, მხოლოდ რუსული პროპაგანდისთვის დამახასიათებელი ტერმინოლოგიის გამოყენება პარტია „ქართული ოცნების“ ლიდერების მიერ. კერძოდ, სრულიად დაუშვებლად მიგვაჩნია ტერმინი „რუსოფობიის“ გამოყენება და დამკვიდრება რუსეთის მიერ ოკუპირებული საქართველოს პოლიტიკურ, საჯარო სივრცეში. მით უმეტეს, კატეგორიულად მიუღებელია ამ სრულიად ხელოვნური, რუსული იმპერიული ექსპანსიის გასამართლებლად შეთხზული ტერმინის გამოყენება მათ მიმართ, ვინც ეწინააღმდეგება და აპროტესტებს ოკუპანტი ქვეყნის გავლენის ზრდას ჩვენს ქვეყანაში. სამხედრო აგრესიაზე, ომის დანაშაულებსა და საერთაშორისო სამართლის პრინციპებისა და ნორმების უხეშ დარღვევებზე რეაქციის ემოციურ, იდენტობაზე დაფუძნებულ “სიძულვილამდე“ დაყვანით, პროპაგანდა „რუსოფობიას“ პუტინის რეჟიმის იმპერიული ამბიციების მოწინააღმდეგეთა საფუძვლიანი და ლეგიტიმური წინააღმდეგობის გაუფასურებისთვის იყენებს. ფართო კონტექსტში განხილვისას თვალნათლივ ჩანს, რომ პარტია „ქართული ოცნების“ მიერ რუსული პროპაგანდისტული გზავნილებისა და ტერმინების გამოყენება არც ერთჯერადი და არც მხოლოდ რიტორიკული მოვლენაა. ეს ისეთ მძიმე საკითხებთანაა კავშირში, როგორიცაა:- საქართველოში დემოკრატიის უმძიმესი უკუსვლა და დემოკრატიული ინსტიტუტებისა და პროცესების მკვეთრი დაკნინება;- პოლიტიკური პატიმრების არსებობა, პოლიტიკური ნიშნით ადამიანების დევნა, სამოქალაქო უფლებებისა და თავისუფლებების მკვეთრი შეზღუდვა;- ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესის ჩაშლა - ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პოლიტიკის შეჩერება და ანტიდასავლური პროპაგანდა, საქართველოს მეგობარი ქვეყნებისგან იზოლაცია;- რუსეთზე სავაჭრო, ფინანსური და ენერგეტიკული დამოკიდებულების საგანგაშო და მიზანმიმართული ზრდა;- საფრთხის შემცველი და გაუაზრებელი მიგრაციული პოლიტიკა, რომლის შედეგადაც, შესაბამისი რეგულაციების არარსებობის პირობებში, ასეულობით ათასი რუსეთის მოქალაქე შემოვიდა და დასახლდა საქართველოში უკანასკნელი 5 წლის მანძილზე;- რუსული სისტემური კორუფციის მასშტაბური გავრცელება; - ქართულ საზოგადოებაში შუღლის გაღვივება და პოლარიზაციის წახალისება. მიგვაჩნია, რომ „ქართული ოცნების“ ეს ქმედებები და თანმდევი პროპაგანდა ზიანს აყენებს ქართული სახელმწიფოებრიობის საფუძვლებს და ტოვებს დაუცველს ჩვენს ქვეყანას რუსული აგრესიის წინაშე, რაც შეიძლება შეუქცევადი შედეგების მომტანი გახდეს ჩვენი და ჩვენი შვილების მომავლისათვის. ჩვენ, ამ ქვეყნის მოქალაქეები და პატრიოტები, მკაფიოდ და უპირობოდ უარვყოფთ ამ ანტისახელმწიფოებრივ, კრემლისტურ ნარატივებს. მოვუწოდებთ საქართველოს თითოეულ მოქალაქეს, საზოგადოებრივ ჯგუფებს, პოლიტიკურ თუ პროფესიულ გაერთიანებებს - გავაცნობიეროთ მოსალოდნელი საფრთხის მასშტაბი, არ ავყვეთ რუსული პროპაგანდის მიერ თავსმოხვეულ დეზინფორმაციასა და შუღლს, მტკიცედ დავდგეთ ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტის, ეროვნული ინტერესებისა და ევროპული მომავლის დასაცავად. დღეს, როდესაც საფრთხე ჩვენი სახელმწიფოებრიობის საფუძვლებს ემუქრება, საქართველოს თავისუფალი, დემოკრატიული და ევროატლანტიკური არჩევანის შენარჩუნების უალტერნატივო გზა სამოქალაქო სიმტკიცისა და ერთიანობის გამოჩენაა. ჩვენი, საქართველოს მოქალაქეებისა და პატრიოტების, ვალია, გავაკეთოთ ყველაფერი პოლიტპატიმრების გათავისუფლებისთვის, თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების უზრუნველყოფისთვის, დემოკრატიული მმართველობისა და ადამიანის უფლებების დაცვისთვის; ყველაფერი, რაც ჩვენს ქვეყანას ევროპულ და ევროატლანტიკურ კურსზე დააბრუნებს და საბოლოოდ გაათავისუფლებს რუსული ოკუპაციასა და გავლენისგან", - წერია განცხადებაში.





ავტორი: მარიამ იმერლიშვილი, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2020 წლიდან


სოციალური ქსელები
სამოქალაქო საზოგადოება: ოცნების კამპანია ქვეყნის სახელმწიფოებრიობას აზიანებს, საჯარო სივრცეში ტერმინ „რუსოფობიის“ ხელოვნურად დამკვიდრების ცდილობს
რუსეთში წიწიბურას ფასები კვლავ გაიზარდა
ირანზე გამარჯვება ხელიდან ეცლება: ტრამპი სულ უფრო მეტად ემუქრება მოკავშირეებს - Washington Post
ფესტივალი ZEIMI - ქართული კულტურისა და გემოს დღესასწაული ნიუ-იორკში თიბისის მხარდაჭერით გაიმართება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics