21:03 - 06 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-05-06 19:40:23, 420 ნახვა

საზოგადოება
პატრიარქობის კანდიდატის, მროველ-ურბნელი მიტროპოლიტი იობის ხედვები

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქობის კანდიდატი, მროველ-ურბნელი მიტროპოლიტი იობი საქართველოს ეკლესიის ძირითად საკითხებსა და პრიორიტეტებზე საკუთარი მოსაზრებები გამოაქვეყნა.

გთავაზობთ ტექსტს უცვლელად:

"რამდენიმე ნაწილად წარმოგიდგენთ ყოვლადუსამღვდელოესი მროველ-ურბნელი მიტროპოლიტ იობის (აქიაშვილი) ხედვებს საქართველოს სამოციქულო ეკლესიის ძირითად საკითხებსა და პრიორიტეტებზე;

ნაწილი I

ქვემოთ წარმოდგენილი საკითხები ეხება საეკლესიო ცხოვრების ძირითად სფეროებს, როგორიცაა ადმინისტრაციული მოწყობის დახვეწა, სასულიერო პირებზე და მრევლზე ზრუნვა, თეოლოგიური განათლება, ლიტურგიკული წესრიგი და სხვა. მათ მოგვარებას სჭირდება კოორდინირებული ძალისხმევა, სინოდალური პასუხისმგებლობა და ეკლესიის კანონიკური ტრადიციისადმი ერთგულება, დროის საჭიროებებზე შემოქმედებით რეაგირებასთან ერთად. ეკლესიაში გამოწვევებზე საუბარი არ აკნინებს წმიდა, კათოლიკე და სამოციქულო ეკლესიის ბუნებას და არც თავად იერარქიას, არამედ ხაზს უსვამს იმ ფაქტს, რომ ეკლესია ცოცხალი ორგანიზმია და თამამად გასცეს პასუხი თანამედროვე გამოწვევებსა და საჭიროებებს.

1. პირველი საკითხი ეხება ჩვენი ეკლესიის მშვიდობისმყოფელ და შემრიგებლურ როლს თანამედროვე საქართველოში.

სამყარო, რომელშიც ჩვენ ვსხემობთ, დაცემული, შემუსვრილი და დაბნელებულია, სიკვდილსა და ცოდვას ემონება, ძალადობითა და უსამართლობით იგვემება. პოლარიზაცია დღეს ერთ-ერთი ყველაზე დიდი გამოწვევაა თანამედროვე საზოგადოებისთვის და საქართველო ამ მხრივ გამონაკლისი არ არის. პოლიტიკური, სოციალური და ღირებულებრივი განხეთქილება და დაყოფა სასიცოცხლო ენერგიას აცლის ჩვენს ქვეყანას, რომელიც ისედაც შეჭირვებულია სხვადასხვა პრობლემათა გამო. ჩვენს თვალწინ ადამიანები სულ უფრო მეტად ჰყოფენ სამყაროს „ჩვენებად“ და „მათებად“. დათმობა და შეთანხმება სულ უფრო რთულდება, ხოლო მშვიდობის, მიტევების, თანაგრძნობის სული, რომელიც საზოგადოებას ერთ მუშტად უნდა აკავებდეს -მყიფდება. ამ ფონზე ეკლესია - მოსახლების 80%-ზე მეტი ნდობით - განსაკუთრებული პასუხისმგებლობის წინაშე დგას. ეკლესიას, როგორც „ქრისტეს სხეულს“ უფლისგან ებოძა მშვიდობა და ეს მშვიდობა უფრო ფართო და არსებითია იმ მშვიდობაზე, რომელსაც წუთისოფელი აღუთქვამს ადამიანს. „მშვიდობასა დაგიტევებ თქვენ, არა ვითარ სოფელმან მისცის, მე მიგცემ თქვენ“ (იოან. 14:27). ამიტომ ეკლესიას შესწევს უნარი „დახსნას შუაკედელი იგი მტერობისა“ და ახაროს ზეცითგარდმო მშვიდობა „შორიელთა და მახლობელთა“. თავად უფალი ჩვენი იესუ ქრისტე, რომელიც გახდა „მშვიდობაი ჩვენი“ (ეფეს. 2:14) და წყარო არს მშვიდობისა, მცნებას გვაძლევს, რომ გვიყვარდეს არა მარტო მოყვასი, არამედ მტერი ჩვენიც, ხოლო ბასილი დიდი დასძენს: „არ ძალმიძს დავარწმუნო ჩემი თავი, რომ ურთიერთსიყვარულისა და ყველასთან მშვიდობის გარეშე ვიწოდო იესუ ქრისტეს ღირსეულ მონად, რადგან არაფერი არ არის ისე დამახასიათებელი ქრისტიანისათვის, როგორც მშვიდობის ქმნა“. წმიდა წერილი ამბობს: „ჟამი სიყვარულისა და ჟამი სიძულვილისა; ჟამი მტრობისა და ჟამი მშვიდობისა“ (ეკლ. 1:18). ჩვენ უნდა დავუდოთ საფუძველი სიყვარულის ჟამს, მშვიდობის ჟამს, შერიგების ჟამს, განბნეულთა შემოკრების ჟამს. საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას აქვს უნიკალური შანსი და პოტენციალი, გადამწყვეტი როლი შეასრულოს საყოველთაო შერიგების საქმეში, როგორც პოლიტიკურ, ასევე სოციალურ დონეზე. შეიძლება ითქვას, რომ ეს არის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი გამოწვევა და მისია, რომელიც საქართველოს ეკლესიის წინაშე დგას. ეკლესია უნდა გახდეს სულიერი ხიდი სხვადასხვა ნაპირზე მყოფთათვის. დედა ეკლესიის წიაღში ურთიერთშერიგებისა და ურთიერთმშვიდობის გარეშე შეუძლებელია ერისა და ქვეყნის ნათელ მომავალზე ზრუნვა. ამ მხრივ, ფრიად ყურადსაღებია წმინდა პავლე მოციქულის შეგონება: „მაგრამ თუ ერთმანეთს კბენთ და ჭამთ, ფრთხილად იყავით, შეიძლება სულაც გაანადგუროთ ერთმანეთი“ (გალ. 5:15). მაგრამ ეს ნუ იყოფინ ჩვენდა, არამედ დაე, აღსრულდეს ნება ღვთისა და ჩვენი დიდებული წინაპრებისა, რაითა ერი და ბერი ვიყვნეთ „ერთ ხორც და ერთ სულ“ და „ყოვლითა სიმშვიდითა და სულგრძელებითა თავს ვიდებდეთ ურთიერთარს სიყვარულითა, რამეთუ ერთ არს უფალი, ერთ არს სარწმუმოება, ერთ არს ნათლისღება“.

2. ეკლესიის წინაშე მწვავე გამოწვევად დგას სოციალური და დემოგრაფიული პრობლემების საკითხი.

ეკლესია არასოდეს ყოფილა მხოლოდ სულიერი ინსტიტუცია ვიწრო გაგებით, ის ყოველთვის ცხოვრობდა და მოქმედებდა კონკრეტულ სოციალურ სინამდვილეში. სოციალური სამართლიანობისკენ სწრაფვა მხოლოს სინდისის დამამშვიდებელი ეთოსი კი არა, არამედ ხსნისთვის საჭირო საშუალებაა, ქრისტესთან ერთობის შეუცვლელი გზაა. უფალი პირდაპირ ბრძანებს თუ რა არის საჭირო ღმრთის სასუფევლის დასამკვიდრებლად: „მაშინ ჰრქუას მეუფემან მარჯვენითა მას მისთა“ მოვედით, კურთხეულნო მამისა ჩემისანო და დაიმკვიდრეთ განმზადებული თქვენთვის სასუფეველი დასაბამითგან სოფლისაით, რამეთუ მშიოდა და მეცით მე ჭამადი; მწყუროდა და მასუთ მე; უცხო ვიყავ და შემიწყნარეთ მე; შიშველ ვიყავ და შემმოსეთ მე; სნეულ ვიყავ და მომხედეთ მე; საპყრობილესა ვიყავ და მოხვედით ჩემდა“ (მათე 25:34-36). ამგვარად, შეუძლებელია ეკლესიამ არ იზრუნოს ღარიბებზე და გაჭირვებულებეზე და არ დაუთმოს მათ შესაბამისი ყურადღება, სხვა მხრივ ის ასცდება ყველაზე მთავარს, ზნეობისა და სულიერი ცხოვრების პრინციპებს. ჩვენ ქვეყანაში სიღარიბე, უსახლკარობა, ალკოჰოლიზმი, ნარკომანია, ლუდომანია, ხელმისაწვდომი ჯანდაცვა, უმთავრესი და სერიოზული პრობლემებია. ეკლესიამ ამ ჯგუფებთან მჭიდრო და უშუალო სიახლოვე უნდა შეინარჩუნოს. საჭიროა სისტემური, კოორდინირებული, ეროვნული მასშტაბის სოციალური პროგრამების შემუშავება. ეკლესიის ორგანიზაციული შესაძლებლობები - სამრევლოები ქვეყნის ყველა კუთხეში - სოციალური სამსახურისთვის სრულად უნდა გამოიყენოს. კიდევ ერთი საჭირბოროტო საკითხი, რასაც ეკლესია გვერდს ვერ აუვლის, ქვეყნის შიგნით არსებული დემოგრაფიულილ პრობლემებია. ბოლო წლების განმავლობაში ქვეყნის მოსახლეობა მნიშვნელოვნად შემცირდა ემიგრაციისა და შობადობის კლების შედეგად. სოფლები იცლება, ახალი თაობა სამშობლოს ტოვებს, ქართული ოჯახი უფრო ნაკლებშვილიანი ხდება. ამ პრობლემების ერთ-ერთი მთავარი ბარიერი ეკონომიკური პრობლემა არ არის - ის ასევე კულტურული და ფასეულობრივი ცვლილებების ასახვაა, რაც პირდაპირი შედეგია ღმრთისადმი გაუცხოებისა. თანამედროვე სეკულარულ კულტურაში ინდივიდუალიზმი, კარიერა, ცრუ თავისუფლების იდეა ხშირად ოჯახსა და შვილების გაჩენას უპირისპირდება. ამიტომ გადაუდებელ საჭიროებად მიმაჩნია დემოგრაფიული კრიზისის მართვის ფონდის დააარსება. ფონდის ძირითადი მიზნები იქნება მრავალშვილიანი ოჯახების სოციალური და ღირებულებების, შობადობის, მშობლობის შესახებ საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლება.

3. ჩვენი ეკლესიის მმართველობის განვითარებისთვის - საკათალიკოსო საბჭოს აღდგენა და მის დანიშნულება.

მოგეხსენებათ, რომ საკათალიკოსო საბჭო 1917 წელს საქართველოს ეკლესიის პირველ კრებაზე შეიქმნა, მაგრამ მას დიდხანს არ უარსებია, რადგან საბჭოთა ოკუპაციამ და ეკლესიის უპრეცედენტო დევნამ შეუძლებელი გახადა საბჭოს ფუნქციონირება. საკათალიკოსო საბჭოს აღდგენა, რომელიც დაკომპლექტდა 7 სასულიერო და 7 საერო პირისაგან, იქნება კომპეტენტური ორგანო, რომელიც კონსულტაციას გაუწევს საქართველოს კათალიკოს-პატრიარქს ისეთ საკითხებში, როგორიცაა: სოციოლოგია, ეკონომიკა, ჯანდაცვა, განათლება, ბიოეთიკა, კომუნიკაცია და ციფრული ტექნოლოგიები. ამის აუცილებლობას განაპირობებს ის ფაქტი, რომ თანამედროვე სამყაროში ეკლესია ეხება სფეროებს, სადაც სპეციალიზირებული ცოდნაა საჭირო, საკათალიკოსო საბჭოს წევრებს გამოირჩევს საქართველოს ეკლესიის წმიდა სინოდი. საერთო ჩართვა საბჭოში უზრუნველყოფს უფრო მეტ კავშირს საზოგადოებასთან და აგრეთვე მეტ გამჭირვალობას. საბჭოს მიერ მიღებული ადმინისტრაციულ-სტრატეგიული გადაწყვეტილებანი აუცილებლობის შემთხვევაში განსახილველად წარედგინება წმიდა სინოდს. საბჭო წელიწადში ერთხელ გამოაქვეყნებს სრულ ანგარიშს, რომელიც ხელმისაწვდომი იქნება ფართო საზოგადოებისთვის, ხოლო ყველა გადაწყვეტილება, რომელსაც მიიღებს საბჭო, განთავსდება მის ვებ-გვერდზე.

ასევე აუცილებელია, საქართველოს ეკლესიის მოქმედი მართვა-გამგეობის დებულების (1995წ) სრული გადახედვა. ეს აუცილებლობა გამომდინარეობს წარმოშობილი ახალი კანონიკური, სამოძღვრო და ადმინისტრაციული გამოწვევებიდან. არსებული დებულებების უმეტესობა ან აღარ აკმაყოფილებს ეკლესიის ცხოვრების რეალურ საჭიროებებს, ან არ წარმოადგენს მრავალ ბუნდოვანებებს, რომლებიც ქმნის განმარტებისა და პრაქტიკულ პრობლემებს. გარდა ამისა, თანამედროვე საეკლესიო რეალობა მოითხოვს სინოდალური ინსტიტუტების ფუნქციონირებას და ეკლესიის ორგანოების პასუხისმგებლობების დახვეწას და კანონიკური წესის უზრუნველყოფას. აქ მაგალითისთვის შესაძლოა შემდეგი მნიშვნელოვანი საკითხები აღინიშნოს:

1) ეპისკოპოსების როლის წმიდად კანონიკურ ჩარჩოებზე მორგებას (მათი უფლებამოსილებები და ვალდებულებები და ეპარქიაში სრული თვითმმართველობის ჩამოყალიბება)

2) მუდმივმოქმედი წმიდა სინოდის ჩამოყალიბება (როგორც ეს სხვა ეკლესიებში წარმატებით მუშაობს და რომელიც თვეში ერთხელ იკრიბება)

3) საეკლესიო სასამართლოების ჩამოყალიბება და ფუნციოინირება (აუცილებელია, როგორც საეპისკოპოსო, ასევე სინოდალური და სააპელაციო სასამართლოების ჩამოყალიბება, ეპისკოპოსებისა და სასულიერო პირების მიუკერძოებლად განსასჯელად და დასაცავად)

4) სამონასტრო და სამრევლო ცხოვრების უფრო მეტად ორგანიზება და ა.შ. ყველა ხვდება, რომ არსებული დებულება მრავალ საკითხს არათუ პასუხობს, არამედ მრავალი ინტერპრეტაციის საშუალებას იძლევა და ქმნის გაყოფის საფრთხეს.

ამ მიზეზით, საჭიროა შეიქმნას დადასტურებულად კომპეტენტური კანონისტების, ისტორიკოსებისა და თეოლოგებისგან შემდგარი სპეციალური კომისია, რომელიც რამდენიმე თვის (თუ არა წლის) განმავლობაში სისტემურად შეიმუშავებს ახალ ან არსებითად გადახედულ მართვა-გამგეობის დებულებას, რომელიც დამყარებული იქნება მართლმადიდებელი ეკლესიის წმიდა კანონებსა და სხვა მართლმადიდებელი ადგილობრივი ეკლესიების პრაქტიკულ გამოცდილებაზე. ამავდროულად აუცილებელია, რომ მას წინ უძღოდეს ფართო კონსულტაციები იერარქიასა და თეოლოგიურ წრეებში, რათა საბოლოო ტექსტი გამოხატავდეს ნამდვილ საეკლესიო კონსესუსს და წარმოადგენდეს ეკლესიის მომავალი კურსის მყარ საფუძველს.

შეიძლება ითქვას, რომ დღეს საქართველოს ჰყავს იმდენად (აკადემიურიურად და საეკლესიოდ) კომპეტენტური კანონისტები, თეოლოგები და ისტორიკოსები, რომლებსაც ჩვენ წმინდა იერარქიასთან ერთობლივი მუშაობით შეუძლიათ შეიმუშაონ ნამდვილად ძლიერი მართვა-გამგეობის დებულება". - წერია განცხადებაში.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
პატრიარქობის კანდიდატის, მროველ-ურბნელი მიტროპოლიტი იობის ხედვები
„საუკეთესო სანახაობა შენ წინაა“ - Steelcraft-მა ახალი კამპანია დაიწყო
5 საერთაშორისო მედიაორგანიზაცია ევროკავშირს ივანიშვილის რეჟიმისთვის სანქციების დაწესებისკენ მოუწოდებენ
ვისაც შემოსავალი ლარში აქვს, სხვა ვალუტაში მილიონ ლარზე ნაკლები თანხის სესხს ვერ აიღებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics