|
2019-05-13 13:46:03, 1325 ნახვა
პოლიტიკა
ნატალი საბანაძე: ევროკავშირსა და საქართველოს შორის მანძილი შემცირებულია
„აღმოსავლეთ პარტნიორობა გაბედული, ნოვატორული და პოლიტიკური ინციატივაა, რომლის მნიშვნელობაც, საქართველოსთვის, პირველ რიგში, ფასდება იმით, რომ მან მნიშვნელოვნად შეამცირა მანძილი საქართველოსა და ევროკავშირს შორის",- ამის შესახებ ბელგიის სამეფოსა და ლუქსემბურგის დიდ საჰერცოგოში საქართველოს ელჩმა და ევროკავშირში საქართველოს წარმომადგენელმა ნატალი საბანაძემ ევროპული გამოცემის EurActive-ისთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, სადაც მან აღმოსავლეთ პარტნიორობის ფორმატის შექმნიდან 10 წლის მანძილზე საქართველოს მიერ ნასწავლი გაკვეთილების, ქვეყანაში გატარებული რეფორმებისა და მეზობელ სახელმწიფოებთან, კერძოდ, რუსეთთან ურთიერთობების შესახებ ისაუბრა. ელჩის შეფასებით, „დღეს საქართველო გაცილებით ახლოსაა ევროკავშირთან არა მხოლოდ პოლიტიკურად და ეკონომიკურად, არამედ ფიზიკურად და სოციალურადაც. ასოცირების შესახებ შეთანხმებამ პოლიტიკური დაახლოება და ეკონომიკური ინტეგრაცია მოგვიტანა. ამასთან, ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ ასოცირების შესახებ შეთანხმება საქართველოს მიერ გაკეთებული პოლიტიკური არჩევნის ყველაზე მკაფიო გამოხატულებაა. ეს არის სწორედ ის პოლიტიკური არჩევანი, რომელიც ჩვენ დამოუკიდებლად და გაცნობიერებულად გავაკეთეთ, ის ჩვენთვის თავზე არავის მოუხვევია". ევროკავშირში საქართველოს წარმომადგენლის თქმით, საქართველოს საბოლოო მიზანი ევროკავშირში გაწევრიანებაა, და აღმოსავლეთ პარტნიორობა მისთვის სწორედ გაწევრიანებისთვის მოსამზადებელი ფორმატია. როგორც ნატალი საბანაძე აღნიშნავს, ამ ფორმატმა ექვსივე პარტნიორი ქვეყანა მნიშვნელოვნად დაახლოვა ევროკავშირთან, და მიუხედავად იმისა, რომ ევროკავშირთან მიმართებაში მათ განსხვავებული გეგმები, ამბიციები და ხედვები აქვთ, ფორმატის უნიკალურობა სწორედ იმაში მდგომარეობს, რომ დიფერენციაციის პრინციპის შესაბამისად, ის თითოეული პარტნიორის მისწრაფებებს ითვალისწინებს, რაც აღმოსავლეთ პარტნიორობის წარმატებული განვითარების წინაპირობაა. თავის ინტერვიუში ნატალი საბანაძე ქვეყანაში განხორციელებულ წარმატებულ რეფორმებზეც საუბრობს. როგორც ის აცხადებს, კორუფცია და მოშლილი სახელმწიფო ინსტიტუტები საქართველოში უკვე წარსულს ჩაბარდა. განსაკუთრებით შთამბეჭდავი, მისი თქმით, პოლიციის და ასევე მმართველობითი რეფორმებია, რომელთა უმნიშვნელოვანეს კომპონენტს სხვადასხვა სახელმწიფო სტრუქტურაში გაფანტული სერვისების ერთ სივრცეში მოქცევა წარმოადგენს. „საქართველომ შექმნა სახელმწიფო სერვისების ერთ ჭერქვეშ, ერთი ფანჯრის პრინციპით გაწევის ერთ-ერთი ყველაზე სწრაფი და მარტივი მოდელი, რომელიც უაღრესად კარგად მუშაობს და რომელმაც ამგვარ სერვისებში ფესვგამდგარი წვრილი კორუფცია მთლიანად აღმოფხვრა. სწორედ ამიტომ, საქართველო თავის რეფორმისტულ გამოცდილებას დღეს არა მხოლოდ ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკებს, არამედ სხვა ქვეყნებსაც უზიარებს" - დასძენს ელჩი. თავის ინტერვიუში ნატალი საბანაძე რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციაზეც ამახვილებს ყურადღებას. მისი შეფასებით, მიუხედავად იმისა, რომ ომი 2008 წელს დაიწყო და დასრულდა, რუსული აგრესია არ შენელებულა. ის კვლავ გრძელდება და საქართველო და ოკუპირებულ რეგიონებში დარჩენილი მოსახლეობა აგრესიის მუდმივ სამიზნედ რჩება. სწორედ ამიტომ, როგორც ელჩი აცხადებს, საქართველოს პრობლემატიკის აქტუალურობა არ უნდა გაფერმკრთალდეს და არ უნდა გაქრეს საერთაშორისო დისკურსის დღის წესრიგიდან. „ამ ფაქტთან შეგუება ცუდია, არა მხოლოდ ჩვენთვის და ჩვენი უსაფრთხოებისთვის, არამედ საერთაშორისო წესრიგისთვისაც, რადგან ეს ქმნის ძალიან ცუდ პრეცედენტს. ჩვენ ფრთხილად უნდა მოვეკიდოთ ამგვარი პრეცედენტების შექმნას. პრობლემის გადაწყვეტის შეუძლებლობა მის მიღებას არ უნდა ნიშნავდეს. რეაგირების გზა უნდა იყოს საერთაშორისო დონეზე პრობლემის აქტუალურობის შენარჩუნება, რითაც მუდმივად შევახსენებთ ოკუპირებულ ტერიტორიებზე ფაქტიური კონტროლის მქონე ძალებს, რომ ეს არ არის ახალი რეალობა, რომელსაც უნდა შევეგუოთ, როგორც თავად ფიქრობენ, არამედ ეს ანომალიური მდგომარეობაა, რომელიც უნდა მოგვარდეს - და უნდა მოგვარდეს მოლაპარაკებათა გზით" - აცხადებს ევროკავშირში საქართველოს წარმომადგენელი. მისი თქმით, საქართველოს, რუსეთის გარდა, ყველა მეზობელთან ნულოვანი პრობლემა აქვს და ეს მისი უპირატესობაა. „ჩვენ კარგ ურთიერთობას ვინარჩუნებთ ყველა მეზობელთან, ყველა აღმოსავლელ პარტნიორთან და უკეთესი მომავლის იმედი გვაქვს", - დასძენს ნატალი საბანაძე. ნატალი საბანაძე ბელგიის სამეფოსა და ლუქსემბურგის დიდ საჰერცოგოში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი და ევროკავშირში საქართველოს წარმომადგენელია. მან ინტერვიუ მისცა ევროპული გამოცემის EurActive-ის უფროს რედაქტორს გეორგი გოტევს.
აზერბაიჯანელმა პოლიტპატიმრებმა ფონ დერ ლაიენს ბაქოში ვიზიტის დროს ადამიანის უფლებების საკითხების წამოჭრისკენ მოუწოდეს
რუსეთის ელიტა ომის ესკალაციისთვის ემზადება უკრაინის მიერ რუსეთის სიღრმეში თავდასხმების შემდეგ - The Washington Post
ცოტნე ივანიშვილი პარლამენტში ცემა-ტყეპაზე - ხელი როგორ მოხვდა, რა ფორმით მოხდა, რა სიძლიერით მოხვდა, ამის ზომვა როგორ უნდა დავიწყოთ?
ოლიგარქის ვაჟს ცოტნე ივანიშვილს ოცნების ახალგაზრდული ორგანიზაცია აბარია და ამბობს რომ პოლიტიკაში ჩართვის ინტერესი არ აქვს
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)