02:43 - 04 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2014-12-31 17:11:43, 2235 ნახვა

სპორტი
2014 წლის დაპირისპირებები რელიგიურ ნიადაგზე

როგორც 2013, ასევე 2014 წელი რელიგიური ნიშნით დაპირისპირებითაც გამოირჩეოდა. მიუხედავად, მტკიცებისა, ან მოსაზრებისა, რომ საქართველო ტოლერანტული ქვეყანაა, ეს შეფასება ჭეშმარიტებისგან შორს დგას.

2014 წელს მუსლიმ და მართლმადიდებელ მოსახლეობას შორის ვითარება რამდენჯერმე დაიძაბა. ამას წინ უსწრებდა ან სახელმწიფოს გაუთვითცნობიერებელი გადაწყვეტილებები, ან პოლიტიკოსთან ქსენოფობიური განცხადებები.

უკანასკნელი ორი წლის განმავლობაში, მუსლიმი თემის მიმართ რელიგიური ძალადობის არა ერთი სერიოზული შემთხვევა გამოვლინდა (ნიგვზიანი, წინწყარო, სამთაწყარო, ჭელა, ქობულეთი, მოხე). რელიგიურ ძალადობის ყველა ამ ფაქტს კომუნალური ხასიათი ჰქონდა და ის ადგილობრივი დომინანტი რელიგიური ჯგუფისგან მომდინარე შეუწყნარებლობით იყო განპირობებული. ხელისუფლებამ სათანადოდ არ უპასუხა რელიგიური ექსტრემიზმის გამოვლინებებს, არ უზრუნველყო კერძო პირებისგან მომდინარე ძალადობის პრევენცია და ეფექტური გამოძიების ჩატარება. მეტიც, ზოგიერთ შემთხვევაში, ხელისუფლება ღია ლოიალობას ავლენს უმრავლესობის მიმართ და პრობლემის გადაფარვას მუსლიმი თემის უფლებების იგნორირების ხარჯზე ცდილობს.

მოხეს მუსლიმი თემი, რომელიც სოფლის მოსახლეობის უმრავლესობას შეადგენს, წლების განმავლობაში ითხოვს ისტორიული მეჩეთის შენობის დაბრუნებას ან მინიმუმ მის კონსერვაციას, განადგურების თავიდან არიდების მიზნით, თუმცა უშედეგოდ. ამ პირობებში, სამლოცველო სახლი მუსლიმ თემს სოფელ მოხეში კერძო, ნაქირავებ სახლში აქვს გახსნილი და იქ ასრულებს რელიგიურ პრაქტიკას.

მოხეს მეჩეთის შენობა 2007 წლიდან ადიგენის მუნიციპალიტეტის ბალანსზე ირიცხება. არა ერთი, მათ შორის 2014 წლის ადილობრივი თვითმმართველობის არჩევნების წინ გაცემული დაპირების მიუხედავად, 2014 წელს მუნიციპალიტეტმა მიიღო გადაწყვეტილება მეჩეთის შენობის კულტურის ცენტრად გადაკეთების თაობაზე. ადგილობრივმა მუსლიმმა თემმა აღნიშნული გადაწყვეტილება გააპროტესტა და ხელისუფლებისგან, მათ შორის, პრემიერ-მინისტრისგან, 16 ოქტომბერს, ბათუმში გამართულ შეხვედრაზე, საკითხის გადაწყვეტის დაპირება მიიღო. თუმცა, 2014 წლის 22 ოქტომბერს, ადგილობრივმა ხელისუფლებამ პოლიციის მასშტაბური ძალის გამოყენებით მეჩეთის შენობის ნარჩენების გატანა დაიწყო.

მუსლიმი თემის შეფასებით, სახელმწიფომ ვერ უზრუნველყო ისტორიული მეჩეთის გადმოცემის საკითხის კანონიერი, მშვიდობიანი და დემოკრატიული პროცედურებით გადაწყვეტა და ყველა მიმდინარე მოლაპარაკება არაეფექტური აღმოჩნდა.  რელიგიის საკითხებში სახელმწიფო სააგენტოს მიერ გაკეთებული განცხადება ასევე ადასტურებს, რომ ამ დრომდე, სააგენტოს საკითხი სათანადოდ არ შეუსწავლია და გადაწყვეტილების მიღება მისი რეკომენდაციის გარეშე მოხდა.

22 ოქტომბერს, შემთხვევის ადგილზე მისული მუსლიმების წინააღმდეგ, რომლებიც ხელისუფლების მოულოდნელ და რეპრესიულ გადაწყვეტილებას აპროტესტებდნენ, პოლიციამ არაპროპორციული ძალა გამოიყენა, 14 პირი კი დააკავა.[1] თვითმხილველების განმარტებით, პოლიცია დაკავებულების მიმართ ფიზიკურ ძალას იყენებდა და სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდა. ასევე, თვითმხილველთა განმარტებით, დაკავებულ პირებს შორის რამდენიმე ადამიანი პოლიციამ სასტიკად არის ნაცემი. ნაცემია ერთი ქალბატონი, რომელმაც დაზიანებები მიიღო სახეზე. მუსლიმების თქმით, დაკავებულთა შორის არიან ის ახალგაზრდები, რომლებიც შემთხვევის ადგილზე პოლიციის ქცევის გადაღებას ცდილობდნენ და რომელთაც პოლიციამ ტელეფონები ჩამოართვა და გაუნადგურა.

იეჰოვას მოწმეთა შევიწროვება

2014 წლის ივნისში, საქართველოში კიდევ ერთი რელიგიური დაპირისპირება გამოვლინდა, რომელსაც დომინანტი ჯგუფის მხრიდან რელიგიური უმცირესობის უფლებების შეზღუდვა, დევნა და შეურაცხყოფა მოჰყვა. თვითმმართველობის არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე, ქალაქ თერჯოლაში, ადგილობრივმა მართლმადიდებელმა ქრისტიანებმა, სასულიერო პირების წინამძღოლობით, იეჰოვას მოწმეების მიერ რელიგიური შეკრების ადგილის მშენებლობა გააპროტესტეს. ადგილობრივმა ხელისუფლებამ, საქართველოში, ადრე გამოვლენილი სხვა რელიგიური კონფლიქტების მსგავსად, არაკეთილსინდისიერი ლოიალობა გამოავლინა უმრავლესობის მიმართ და კანონის მოთხოვნათა დაცვით  მიმდინარე მშენებლობა უკანონო და დაუსაბუთებელი გადაწყვეტილებით შეაჩერა. გადაწყვეტილების მიღებამდე, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლების საჯარო განცხადებებში აშკარად ჩანდა დისკრიმინაციული მიდგომის ნიშნები, რამაც, როგორც ჩანს, საბოლოოდ გავლენა ფორმალურ გადაწყვეტილებაზეც მოახდინა. ხელისუფლების მიერ დომინანტი ჯგუფის უსამართლო მოთხოვნების დაკმაყოფილების მიუხედავად, თერჯოლაში იეჰოვას მოწმეების დევნა დღემდე გრძელდება. ისინი რელიგიურ ნიადაგზე სიძულვილით მოტივირებული დევნის, მუქარის, სიტყვიერი შეურაცხყოფის, თავდასხმის ობიექტები ხდებიან, რასაც პოლიციის ეფექტური რეაგირება არ მოსდევს.

 

მედრესეზე გაკრული ღორის თავი

ქობულეთში, მუსლიმი მოსწავლეებისთვის გახსნილ პანსიონს ფუნქციონირება 15 სექტემბერს უნდა დაეწყო. თუმცა, 10 სექტემბერს მომხდარი ძალადობრივი და შეურაცხმყოფელი აქტის შემდეგ, პანსიონის ფუნქციონირება შეფერხებულია. ადგილობრივი მაცხოვრებლების ორგანიზებულ ჯგუფს, რომელსაც შემთხვევის ადგილზე მუდმივი მორიგეობა აქვს დაწესებული, პანსიონის ეზოში შესასვლელი გზა ხელოვნური ბარიერებით აქვს გადაკეტილი და პანსიონის თანამშრომლებსა და მოსწავლეებს გადაადგილებას უზღუდავს. ისინი ისლამოფობიურ და თურქოფობიურ ნიადაგზე სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებენ მუსლიმებს, პანსიონში შესვლის მსურველებს, ყოველ ჯერზე, ორგანიზებულად უღობავენ გზას და ფიზიკური ძალის გამოყენებით აიძულებენ, უარი თქვან პანსიონში შესვლაზე. მუსლიმი თემის განმარტებით, პანსიონს გადაუკეტეს სასმელი წყალიც. ადგილზე მობილიზებული ჯგუფი აცხადებს, რომ ადგილობრივი ქრისტიანები არ დაუშვებენ პანსიონის გახსნას და ძალადობრივი დაპირისპირების რისკებზეც მიუთითებენ. დაპირისპირების ადგილას მობილიზებულია პოლიცია, თუმცა, პასიური დამკვირვებლის როლით შემოიფარგლება და არაფერს აკეთებს ადგილობრივი მაცხოვრებლების აშკარად უკანონო ქცევის აღსაკვეთად. ამ პირობებში, პანსიონში ჩარიცხული მოსწავლეები ქობულეთში მდებარე ძველი პანსიონის შენობაში მოათავსეს, რომელსაც ამ დროისთვის ორჯერ მეტი ბენეფიციარის მიიღება უწევს. შედეგად, ბავშვებს არასათანადო პირობებში უწევთ ცხოვრება.

პოლიციის მსგავსად, უმოქმედოა ქობულეთის მუნიციპალიტეტიც, რომელმაც თითქმის 2 თვის განმავლობაში არ უზრუნველყო პანსიონის კანალიზაციის სისტემასთან მიერთება. ის საკუთარ პასიურობას ადგილობრივი მაცხოვრებლების წინააღმდეგობით ხსნის. ამ მხრივ ნიშანდობლივია, ადგილობრივი ხელისუფლების მიერ გაკეთებული განცხადებები მედიაში, სადაც ის უმრავლესობის მიმართ ღია ლოიალობას ადასტურებს.

„რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფა ყოვლად მიუღებელია. პრინციპულად ვგმობ იმ პროვოკაციას, რომელიც გუშინ ქობულეთში მოხდა - ეს არის რელიგიური შეუწყნარებლობისა და რელიგიური ნიშნით დაპირისპირების მცდელობა, რომელსაც სახელმწიფო არ დაუშვებს და ყოველთვის წინ აღუდგება", - საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი   ქობულეთში გუშინ განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება და მომხდარს პროვოკაციას უწოდებს.

პრემიერის განცხადებით, მომხდარი ხელს აძლევს მხოლოდ მათ, ვისაც მოსახლეობაში რელიგიური დაპირისპირების გაღვივება სურს.

„მოვუწოდებ სამართალდამცავ სტრუქტურებს, სასწრაფოდ გამოიძიონ მომხდარი და სათანადოდ აგებინონ პასუხი ყველას, ვინც მონაწილეობდა ამ პროვოკაციაში. მინდა ყველამ იცოდეს, რომ საქართველოს ხელისუფლება არ დაუშვებს რელიგიურ დაპირისპირებას და დესტაბილიზაციას ქვეყანაში. საქართველოს მუსლიმი მოსახლეობა კი მინდა დავარწმუნო, რომ ჩვენ ყველაფერს ვიღონებთ მათი ინტერესების დასაცავად. ყველა დამნაშვე იქნება დასჯილი კანონის მთელი სიმკაცრით", - ნათქვამი იყო ღარიბაშვილის განცხადებაში.

ინციდენტი თბილისის სურბ ეჩმიაძინის ეკლესიასთან

2014წლის 19ივლისს, ქალაქ თბილისის სურბ ეჩმიაძინის ეკლესიასთან ინციდენტი მოხდა. ინციდენტს, შესწვალის დროს, მედიამ და არასამთავრობო ორგანიზაციებმა გამოკითხა დაზარალებული პირები და რამდენიმე თავდამსხმელი. ასევე, შეაფასა ვიდეო მასალა, რომელიც კონფლიქტის ამსახველ ეპიზოდებს აღწერს. ინციდენტთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებების პირველადი ანალიზი აჩვენებს, რომ კონფლიქტის მიმდინარეობის დროს, ჩანდა ეთნიკური სიძულვილის კონტექსტი, რაც ძირითადად ეთნიკური კუთვნილების გამო, სიტყვიერ შეურაცხყოფაში გამოიხატებოდა, თუმცა, გამოვლენილი ძალადობის მიზეზებში ეთნიკური შუღლის ან მტრობის მოტივი არ დომინირებდა. ინციდენტის ამსახველი ვიდეო მასალა და მოწმეთა ახსნა-განმარტებები აჩვენებს, რომ კერძო ხასიათის დავა, რომელიც შემდგომში მასშტაბურ აგრესიაში გადაიზარდა უფრო მეტად ინციდენტში მონაწილე სომხური ეკლესიის ცალკეული წარმომადგენლებისკენ იყო მიმართული, ვიდრე ზოგადად ეკლესიის ან ეთნიკური ჯგუფის მიმართ. აღსანიშნავია, რომ თავდამსხმელთა შორის, ასევე იყვნენ ეთნიკურად სომეხი წარმოშობის ადამიანები.

 

იმედის ჩაშლილი ფესტივალი

2014 წლის 6-8 ივნისს, დაგეგმილი იყო „იმედის საერთაშორისო ფესტივალის“ გამართვა, რომელშიც ადგილობრივი და საერთაშორისო ქრისტიანულ-ევანგელური გაერთიანებები და მრავალი სხვა სტუმარი იღებდა მონაწილეობას. ღონისძიებას, ფესტივალის ორგანიზატორები, ერთი წლის განმავლობაში უწევდნენ ორგანიზებას. ფესტივალი უნდა ჩატარებულიყო სამი დღის მანძილზე, სპორტის სასახლეში, რომლის დირექციასთან ორგანიზატორებმა, დიდი ხნით ადრე, გააფორმეს ხელშეკრულება და გადაიხადეს მომსახურების თანხა. ფესტივალის თაობაზე რეკლამის განთავსების მიზნით შესაბამისი ხელშეკრულება გაფორმდა სარეკლამო კომპანია აუთდორ.ჯი-სთან. მომსახურების ანაზღაურება ამ შემთხვევაშიც წინასწარ განხორციელდა.

შეთანხმებების მიუხედავად, კონტრაქტორებთან ორგანიზატორები წააწყდნენ არაერთ ბარიერსა ფესტივალის ორგანიზების პროცესში. შექმნილი წინააღმდეგობების გამო, ამ დროისთვის, ფესტივალის გამართვა ღია საჯარო სივრცეში საერთოდ შეუძლებელი გახდა. კერძოდ:

ფესტივალის გამართვამდე რამდენიმე დღით ადრე, სარეკლამო კომპანია „აუთდორ.ჯი“ -მ დაარღვია ხელშეკრულების პირობები და ჩამოხსნა გარე რეკლამის დიდი ნაწილი, რომელიც მედიისა და სხვადასხვა ორგანიზაციის მხრიდან საკითხით დაინტერესების შემდეგ აღადგინეს.[1]

2 ივნისს, „იმედის ფესტივალთან“ დაკავშირებით განცხადება გააკეთა არაერთი ექსტრემისტული ქმედების მონაწილე  გიორგი გაბედავამ,  რომელმაც აღნიშნა, რომ ის არ დაუშვებს ფესტივალის ჩატარებას და სირცხვილის კორდონს მოაწყობს სპორტის სასახლეში მიმსვლელი ადამიანებისთვის. [2]

3 ივნისს, ფესტივალის საზეიმო გახსნამდე სამი დღით ადრე, ორგანიზატორებისთვისცნობილი გახდა, რომ სპორტის სასახლის ერთ-ერთი ფლიგელის სახურავზე გაჩნდა ხანძარი, რომელიც უმოკლეს დროში იქნა ლოკალიზებული. თბილისის საგანგებო სიტუაციების სამსახურის უფროსის თემურ გიორგაძის განცხადებით, ხანძარს მნიშვნელოვანი ზიანი არ გამოუწვევია. აღნიშნულის მიუხედავად, როგორც ფესტივალის ორგანიზატორები აცხადებენ, ხანძრიდან რამდენიმე საათში, შენობის მდგრადობის შეფასების გარეშე, სპორტის სასახლის დირექტორმა მათ განუცხადა, რომ შენობის უსაფრთხოების რისკების გამო, სპორტის სასახლეში ღონისძიების გამართვა შემდეგი 6-7 დღის განმავლობაში შეუძლებელი იქნებოდა.

მომდევნო დღეს, შენობის მდგრადობის შეფასების მიზნით, ჩატარდა სახელმწიფო ექსპერტიზა, თუმცა, საკითხზე მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის მიუხედავად, მისი შედეგების გამოქვეყნება ფესტივალის ჩატარებამდე ვერ მოხერხდა. სპორტის სასახლის დირექციამ კი, უსაფრთხოების რისკებზე მითითებით, ფესტივალის ორგანიზატორებს არ მისცა შენობაში შესვლისა და დამოუკიდებელი ექსპერტიზის ჩატარების შესაძლებლობა. იმ პირობებში, როცა ხანძარის მასშტაბი მცირე იყო და ორგანიზატორები, ისევე როგორც სახალხო დამცველისა და არასამთვრობო ორგანიზაციების წარმომდგენლები ხანძრის მომდევნო დღეებში შეუზღუდავად შედიოდნენ შენობაში, ადმინისტრაციის პასუხი აშკარად დაუსაბუთებელი ჩანს. ცხადია, ეს გარემოება აძლიერებს ფესტივალის ჩატარებისთვის ხელოვნურად ხელშეშლის თაობაზე გაჩენილ ეჭვებს.

შედეგები

2 დეკემბერს, არასამთავრობო და რელიგიური ორგანიზაციების ჯგუფმა საქართველოს პარლამენტს ბოლო ხანებში გამოვლენილი რელიგიური შეუწყნარებლობისა და ძალადობის ფაქტების შესწავლის მოთხოვნით პეტიციით მიმართა. ხელმომწერი ორგანიზაციები მოითხოვენ მთავრობის პოლიტიკაზე საპარლამენტო კონტროლის განხორციელებას და საკანონმდებლო ორგანოს რელიგიის თავისუფლების შეზღუდვის ფაქტებზე (მათ შორის, ქობულეთის, მოხეს, თერჯოლის შემთხვევებზე) დროულ რეაგირებასა და რელიგიური სიძულვილით მოტივირებულ სამართალდარღვევებზე მთავრობის არაეფექტური პოლიტიკის გადასინჯვას სთხოვენ.

2014 წლის 7 ოქტომბერს, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ (შემდგომში სასამართლო) გამოიტანა გადაწყვეტილება განაცხადზე ბეღელური და სხვები საქართველოს წინააღმდეგ (განაცხადი#28490/02), რომელიც სასამართლოში 2002 წელს გაიგზავნა. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ იეჰოვას მოწმეთა მიერ წარდგენილ, კოლექტიურ სარჩელზე ერთხმად დაადგინა სახელმწიფოს მიერ ევროპული კონვენციის მე-3 (წამების აკრძალვა), მე-9 (რელიგიის თავისუფლება) და მე-14 (დისკრიმინაციის აკრძალვა) მუხლების დარღვევა, მთლიანობაში 88 განმცხადებლის მიმართ. სასამართლოს გადაწყვეტილებით, კონვენციის დარღვევის გამო, საქართველოს მთავრობას, მთლიანობაში, 45 000 ევროს გადახდა დაეკისრა, რომელიც  მოიცავს თითოეული განმცხადებლისთვის 350 ევროს, საქმის წარმოებისთვის  გაწეული ხარჯებისთვის კი 15 000 ევროს გადახდას.

 

მოამზადა ირაკლი მანაგაძემ

 

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
სერგეი კირიენკო: რუსეთი მტკიცედ უჭერს მხარს აფხაზეთის სუვერენულ განვითარებას
ელენე ხოშტარია: „ქართული ოცნების“ იზოლაცია შემდგარი ფაქტია
გრიგოლ ბესელია, მზია ამაღლობელის საქმის მოწმე, შსს-ს თანამშრომელი აღარაა
საპატრიარქომ წმინდა სინოდის სხდომის ოქმი გამოაქვეყნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics