02:42 - 04 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2014-12-31 16:53:40, 650 ნახვა

სპორტი
2014 წლის სკანდალური მოვლენები

პრეზიდენტისა და პრემიერ-მინისტრის დაპირისპირება გაერო-ში წასვლის საკითხზე

2014 წელი ქართულ პოლიტიკაში   სკანდალური ისტორიებით გამოირჩეოდა.წლის ერთ-ერთ სკანდალად შეიძლება ჩაითვალოს პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილსა და პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს შორის დაპირისპირება. უთანხმოების მიზეზი აშშ-ში გაერო-ს გენერალურ ასამბლეაზე წასვლის საკითხი გახდა.  პრემიერ-მინისტრი და პრეზიდენტი ვერ შეთანხმდნენ, თუ რომელი უნდა წასულიყო ასამბლეაზე დასასწრებად. პრეზიდენტის ადმინისტრაციაში ირწმუნებოდნენ, რომ გაეროში კლიმატის  ცვლილებების სამიტზე გიორგი მარგველაშვილი იყო მიწვეული. მთავრობაში კი მიაჩნდათ, რომ  გაეროში საქართველოდან 2 დელეგაციის წასვლა ქვეყნის  იმიჯს დააზიანებდა.

პრეზიდენტის ადმინისტრაციაში იმასაც ამტკიცებდნენ, რომ  თებერვალში მიღებული მოწვევა  საგარეო საქმეთა სამინისტრომ  მათ  მხოლოდ ივნისში გადაუგზავნა.

მას შემდეგ, რაც პრეზიდენტის ადმინისტრაციამ კლიმატის ცვლილებების სამიტზე მიწვევის დამადასტურებლი დოკუმენტი წარმოადგინა,  საქართველოს საგარეო საქმეთა მაშინდელმა მინისტრმა მაია ფანჯიკიძემ საკმაოდ მკვეთრი განცხადება გააკეთა.

ფანჯიკიძემ აღნიშნა, რომ   მიმდინარე წლის 25 თებერვლით დათარიღებული მოწვევა კლიმატის სამიტზე არა გიორგი მარგველაშვილის, არამედ  მიხეილ სააკაშვილის სახელზე იყო გამოგზავნილი.  ამასთან, პრეზიდენტის ადმინისტრაციასა და საგარეო საქმეთა სამინისტროს შორის მიმოწერასთან დაკავშირებით ფანჯიკიძემ განმარტა,  რომ ის  პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ იყო გასაჯაროვებული. ეს ნაბიჯი საგარეო საქმეთა მაშინდელმა მინისტრმა  სახელმწიფოსთვის დამაზიანებელად შეაფასა.

საკმაოდ მწვავე იყო ამ საკითხზე მინისტრთა კაბინეტის რამდენიმე წევრის განცხადებებიც. ზოგიერთი მათგანი პრეზიდენტ მარგველაშვილს ღიად აკრიტიკებდა.  განსაკუთრებით აღსანიშნავია მაშინდელი ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრ ალექსი პეტრიაშვილის განცხადებები. პეტრიაშვილი სატელევიზიო კომენტარს არ დაჯერდა და ამ საკითხს  "ფეისბუქის" პირად გვერდზე ვრცელი სტატუსიც მიუძღვნა. მაშინდელ სახელმწიფო მინისტრს მიაჩნდა, რომ პრეზიდენტი გაერო-ს სამიტზე წასვლას ჯინიანი ბავშვივით იჩემებდა.

 გაერო-ს საკითხზე კრიტიკა გიორგი მარგველაშვილმა ყოფილ პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილისგანაც მიიღო. ბიძინა ივანიშვილმა გიორგი მარგველაშვილი მთავრობასთან კონკურენციასა და "ნაციონალური მოძრაობისთვის" მოსაწონი ნაბიჯების  გადადგმაში დაადანაშაულა.

აღსანიშნავია, რომ ივანიშვილის ამ განცხადების შემდეგ, საქართველოს პრეზიდენტმა 11 სექტემბერს გამართულ საგანგებო ბრიფინგზე აღნიშნა, რომ გაერო-ში ვიზიტი ჩაუშალეს, თუმცა  კონკრეტული გვარების დასახელებისგან თავი შეიკავა.

"წარიმართა ძალიან სერიოზული ორგანიზებული მუშაობა, რის შედეგადაც   ვიზიტი გაეროში ჩაიშალა",- განაცხადა მაშინ საქართველოს პრეზიდენტმა.

აღსანიშნავია ისიც, რომ საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ზაქარია ქუცნაშვილი მთავრობასა და პრეზიდენტს შორის არსებული დაპირისპირების შესაჩერებლად, გიორგი მარგველაშვილს შეხვდა.  ქუცნაშვილი პრეზიდენტთან კონსტიტუციის წიგნით მივიდა. დეპუტატმა  ჟურნალისტებს განუმარტა, რომ ხელში ეჭირა დოკუმენტი, რომელსაც ყველა უნდა დამორჩილებოდა.

 ხსენებული საკითხი საზოგადოებაში დიდი მითქმა-მოთქმის საგანი გახდა.საბოლოო ჯამში კი, აშშ-ში პრემიერ-მინისტრი წავიდა.

ირაკლი ალასანიას გადაყენება

2014 წლის, ასევე, ერთ-ერთ ყველაზე სკანდალურ მოვლენად შეიძლება მივიჩნიოთ პრემიერის მიერ თავდაცვის მინისტრ ირაკლი ალასანიას გადაყენება. ალასანიას თანამდებობიდან გათავისუფლებას  4 მილიონზე მეტი საბიუჯეტო თანხის გაფლანგვის ბრალდებით, თავდაცვის სამინისტროს მოქმედი  მაღალჩინოსნებისთვის ბრალის წაყენება და დაკავება უძღოდა წინ. აღსანიშნავია, რომ თავდაცვის მინისტრის გადაყენების შემდეგ პოსტი ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა ალექსი პეტრიაშვილმა და  საგარეო საქმეთა მინისტრმა მაია ფანჯიკიძემ დატოვეს.

თავდაცვის სამინისტროში განვითარებული  მოვლენები კიდევ უფრო რეზონანსული  გახდა, როცა  კოალიცია "ქართული ოცნებიდან პარტია "თავისუფალი დემოკრატები" გავიდნენ.

ტექნიკურ შეცდომად შეფასებული განცხადება- ახალი სკანდალი თავდაცვის სამინისტროს გარშემო

მიმდინარე წელს თავდაცვის სამინისტრო კიდევ ერთ სკანდალში გაეხვა, თუმცა ამჯერად უკვე ახალი ხელმძღვანელის პირობებში. საქმე ეხება  უკრაინაში გარდაცვლილ  ქართველ სამხედროსთან დაკავშირებით თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებას. თავდაცვის სამინისტრომ ალექსანდრე გრიგოლაშვილის დაღუპვასთან დაკავშირებით,   ღრმა მწუხარება გამოთქვა და უკრაინაში გარდაცვლილი ჯარისკაცის გამო, პასუხისმგებლობა  "ნაციონალურ  მოძრაობას" დააკისრა. მას შემდეგ კი,  რაც პრემიერ-მინისტრმა  ირაკლი ღარიბაშვილმა  განცხადება შეცდომად შეაფასა,  თავდაცვის უწყებამ  ის ოფიციალური ვებ-გვერდიდან წაშალა. მოგვიანებით კი, თავდაცვის მინისტრის მოადგილემ გავრცელებული განცხადების გამო, ბოდიში მოიხადა და მას ტექნიკური შეცდომა უწოდა.

რამდენიმე დღიანი დუმილის შემდეგ,  თავდაცვის მინისტრმა მინდია ჯანელიძემ  უწყების  მიერ გამოქვეყნებულ განცხადებასთან დაკავშირებით, რასაც მისი  თანამდებობიდან გადაყენების მოთხოვნით, აქციები მოჰყვა, განმარტებები გააკეთა.

მინისტრმა ტექსტის მომზადების დროს დაშვებულ შეცდომაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ შეცდომა დანახული, გაანალიზებული და გამოსწორებულია.

"ეს არ იყო რაღაც შეგნებული, წინასწარ განზრახული შეცდომა. ეს იყო ტექნიკური შეცდომა, ტექნიკური ხარვეზი.  რაღაც მიზეზების გამო, საბოლოო ტექსტს ვერ გავეცანი. არ აქვს ამას მნიშვნელობა.  შესაბამისად, მოხდა შეცდომა, ვაღიარეთ ეს შეცდომა,"-განაცხადა  მინდია ჯანელიძემ.

ხელჩართული ჩხუბი პარლამენტში

პარლამენტში დეპუტატებს შორის დაპირისპირება თითქმის ყოველწლიურ მოვლენად იქცა. ამ მხრივ გამონაკლისი არც 2014 წელი იყო. განსაკუთრებული ყურადღება მიიქცია ვროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში კვოტების გადანაწილების საკითხის განხილვისას,  დეპუტატებს შორის მომხდარმა დაპირისპირებამ, რომელიც ხელჩართულ ჩხუბში გადაიზარდა. ჩხუბის მიზეზი საპარლამენტო უმცირესობის წევრის აკაკი ბობოხიძის განცხადება გახდა. მან მთავრობა რუსეთისკენ სვლაში დაადანაშაულა და სიტყვა გინებით დაასრულა.

ვერც პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილმა და ვერც მანდატურებმა აღელვებული დეპუტატების გაშველებმა ვერ შეძლეს. პარლამენტარებმა ჩხუბში მიკროფონებიც გამოიყენეს, რომლებსაც ერთმანეთს ურტყამდნენ. აღსანიშნავია, რომ პარლამენტში მომხდარი ხელჩართული ჩხუბი, უცხოურმა მედიამაც გააშუქა.

 ფაქტია, რომ 2014 წელი დატვირთული აღმოჩნდა  სკანდალური მოვლენებით, რომელთაგან მხოლოდ ნაწილი გამოვყავით. ვიმედოვნებთ, 2015 წელი ნაკლები სკანდალისა და მეტი წარმატების წელი იქნება. ვისურვოთ, რომ მომავალში  განვლილი წლის შეჯამება კარგ ამბებზე მოგვიწიოს.

თეონა ნოზაძე





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
სერგეი კირიენკო: რუსეთი მტკიცედ უჭერს მხარს აფხაზეთის სუვერენულ განვითარებას
ელენე ხოშტარია: „ქართული ოცნების“ იზოლაცია შემდგარი ფაქტია
გრიგოლ ბესელია, მზია ამაღლობელის საქმის მოწმე, შსს-ს თანამშრომელი აღარაა
საპატრიარქომ წმინდა სინოდის სხდომის ოქმი გამოაქვეყნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics