|
2018-09-25 18:14:17, 1716 ნახვა
ეკონომიკა
მიქაბაძე: ეკონომიკური თავისუფლების რეიტინგში საქართველოს პოზიციების გაუმჯობესება ინვესტორებისთვის მნიშვნელოვანი გზავნილია
„მსოფლიო ეკონომიკური თავისუფლების" რეიტინგში 162 ქვეყანას შორის საქართველო მე-7 ადგილზეა - ამის შესახებ „ახალი ეკონომიკური სკოლა - საქართველოს" ინიციატივით გამართულ პრეზენტაციაზე გახდა ცნობილი, რომელსაც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ეკატერინე მიქაბაძე დაესწრო. „ძალიან მნიშვნელოვანია საერთაშორისო რეიტინგებში საქართველოს ამგვარი პოზიციონირება, გაუმჯობესება გვაქვს უკვე წლების განმავლობაში. მნიშვნელოვანია, რომ წელსაც გაუმჯობესება ფიქსირდება და ჩვენ მსოფლიოს მასშტაბით ყველაზე თავისუფალ ქვეყნებს შორის პოზიციას სტაბილურად ვინარჩუნებთ", - განაცხადა პრეზენტაციის დასრულების შემდეგ ეკატერინე მიქაბაძემ. ყოველწლიურ შემაჯამებელ რეიტინგს „ეკონომიკური თავისუფლება მსოფლიოში" კანადური ფრეზერის ინსტიტუტი შეიმუშავებს ეკონომიკური თავისუფლების ქსელის წევრ დამოუკიდებელ მკვლევარებთან და საგანმანათლებლო ინსტიტუტებთან ერთად მსოფლიოს 100-ზე მეტი ქვეყნიდან. „ახალი ეკონომიკური სკოლა - საქართველო" ეკონომიკური თავისუფლების მსოფლიო ქსელის წევრი ინსტიტუტების ქსელის ერთ-ერთი მოწინავე და გავლენიანი წევრი, კვლევაში საქართველოს, სომხეთისა და აზერბაიჯანის ჩართვის ინიციატორი და კოორდინატორია. 2018 წლის ინდექსი მომზადებულია ჯეიმს გვორთნის (ფლორიდის სახელმწიფო უნივერსიტეტი), რობერტ ა. ლოუსონის (სამხრეთის მეთოდისტური უნივერსიტეტი) და ჯოშუა ჰელის (დასავლეთ ვირჯინიის უნივერსიტეტი) მიერ. აღნიშნული რეიტინგი ემყარება მონაცემებს 2016 წლიდან და ზომავს ეკონომიკური თავისუფლების დონეს (არჩევანის თავისუფლების, ბაზრებზე შეღწევადობის, კერძო საკუთრების დაცულობის, მართლწესრიგის და ა.შ.) 162 ქვეყნის პოლიტიკის და ინსტიტუციების ანალიზით. ეკატერინე მიქაბაძის შეფასებით, საქართველოს პოზიციების გაუმჯობესება არის მნიშვნელოვანი გზავნილი ინვესტორებისთვისა და საერთაშორისო თანამეგობრობისთვის იმ მიმართულებით, რომ ქვეყანაში არის ეკონომიკური თავისუფლება. „მოგეხსენებათ, რომ ეს არის კვლევა, რომელიც ძალიან ბევრ კომპონენტს აერთიანებს. ხუთი ძირითადი მიმართულებაა, სადაც ჩვენ მნიშვნელოვანი მიღწევები გვაქვს, მათ შორის განსაკუთრებით აღსანიშნავია მიღწევები რეგულაციების კუთხით, სადაც მკვეთრი გაუმჯობესება ფიქსირდება და აღსანიშნავია, რომ პოტენციურად არსებობს მისი კიდევ უფრო გაუმჯობესების საშუალება, რაც, ვფიქრობთ, ერთმნიშვნელოვნად აისახება კიდეც შემდეგი წლების რეიტინგებზე" - აღნიშნა მიქაბაძემ. მისივე თქმით, მეცხრე პოზიციიდან საქართველოს გადმოსვლა მეშვიდე პოზიციაზე არის იმ რეფორმების შედეგი, რომლებიც დღეს საქართველოში ტარდება. „ეს რეფორმები გაგრძელდება და ასახვას ჰპოვებს შემდეგი წლების რეიტინგებზე. ამ მხრივ გამოვყოფდი ერთ-რეიტინგის ერთ-ერთ მთავარ კომპონენტს - მთავრობის ზომას, რომელშიც ჩვენ ერთმნიშვნელოვნად მომავალ წელს და იმის შემდეგაც გვექნება მკვეთრი ზრდა იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენი ხელისუფლების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი რეფორმა და ინიციატივა არის მთავრობის ზომის შემცირება" - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ. დაზუსტებული მონაცემებით, 2016 წელს საქართველო 7-9 ადგილებს იყოფდა ავსტრალიასა და მავრიკის რესპუბლიკასთან, ხოლო 2017 წელს მე-9 ადგილზე იყო. „მსოფლიო ეკონომიკური თავისუფლების" 2018 წლის რეიტინგი ასეთია: 1. ჰონგ-კონგი; 2. სინგაპური; 3. ახალი ზელანდია; 4. შვეიცარია; 5. ირლანდია; 6. აშშ; 7. საქართველო; 8. მავრიკის რესპუბლიკა; 9. გაერთიანებული სამეფო; 10. ავსტრალია. როგორც პრეზენტაციაზე ითქვა, კვლევა, რომლის მიხედვითაც დგინდება ფრეზერის ინსტიტუტის ყოველწლიური შემაჯამებელი რეიტინგი „ეკონომიკური თავისუფლება მსოფლიოში," არის ყველაზე მასშტაბური შედარება და შემდგომ რანგირება ქვეყნების 5 ძირითადი სფეროს მიხედვით: მთავრობის ზომა; საკუთრების უფლების დაცულობა და სასამართლო; მყარი ფულადი პოლიტიკა; საერთაშორისო ვაჭრობის თავისუფლება; კრედიტების, დასაქმებისა და ბიზნესის რეგულაციები.
პოლიციამ თბილისში განსაკუთრებით დიდი ოდენობით სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალება ამოიღო, დაკავებულია შვიდი პირი, მათ შორის ოთხი უცხო ქვეყნის მოქალაქეა
შალვა პაპუაშვილი – საქართველოს საზოგადოებას აქვს უფლება, იცოდეს, სად მთავრდებოდა უცხოური დახმარება და სად იწყებოდა მოქალაქეთა პოლიტიკური არჩევანის ფორმირებაზე მიმართული საქმიანობა
ვიცე პრეზიდენტი ჰენა ვირკუნენი - ევროკავშირის კარი ღია რჩება იმ შემთხვევაში, თუ საქართველო აირჩევს კურსის შეცვლას და ევროკავშირის ღირებულებებსა და ნორმებთან დაბრუნებას
ჰელმუტ ბრანდშტეტერი - ეს პარლამენტი ქართველ ხალხთან ერთად დგას
|
რედაქტორის რჩევით
ჩემი უკანასკნელი იმედი მოკვდა — რატომ მიიჩნევა „ქართული ოცნების“ მიერ სუროგაციის სრული აკრძალვა ცუდ გადაწყვეტილებად?
საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეთა აღვირახსნილობა, რომელსაც ვეღარ მალავენ
ომი უკრაინაში
კიევის ოლქში რუსული დრონის თავდასხმის შედეგად 11 ადამიანი დაიღუპა
მათ ალყა გაარღვიეს და 14 სოფელი დაიბრუნეს, უკრაინელმა სამხედროებმა გაასაჯაროეს ოპერაცია „დათვების ხაფანგის“ ქრონიკა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|





