|
2018-06-25 16:15:26, 909 ნახვა
ეკონომიკა
გიორგი ჩერქეზიშვილი: პროგრამის „აწარმოე საქართველოში" ფარგლებში არსებულ შეთავაზებებს გავაფართოვებთ
ბათუმის ცენტრალურ მოედანზე, მეზღვაურთა საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიების ფარგლებში, სამეწარმეო მარკეტი გაიმართა, რომელსაც საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე ეწვია. მასთან ერთად, მარკეტი დაათვალიერეს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი ჩერქეზიშვილმა და აჭარის მთავრობის მეთაურმა ზურაბ პატარაძემ. პრემიერ-მინისტრსა და საპატიო სტუმრებს მეგზურობას უწევდა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სააგენტოს „აწარმოე საქართველოში" ხელმძღვანელი მიხეილ ხიდურელი. სამეწარმეო მარკეტზე გამოფენილია პროგრამის „აწარმოე საქართველოში" მცირე მეწარმეობის ხელშეწყობის კომპონენტის ბენეფიციარების მიერ წარმოებული პროდუქცია. გარდა ამისა, ბათუმში მიმდინარე სამეწარმეო მარკეტზე წარმოდგენილია ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს სტარტაპები და განთავსებულია სხვადასხვა სტენდები, მათ შორის ის სიმულატორები, რომლებზეც საზღვაო აკადემიის სტუდენტები სწავლობენ. გიორგი ჩერქეზიშვილმა მცირე მეწარმეობის განვითარების მნიშვნელობასა და ამ მიმართულებით ხელშეწყობის აუცილებლობაზე ისაუბრა. მინისტრის ინფორმაციით, პროგრამა „აწარმოე საქართველოში" მომავალშიც გაგრძელდება. „ჩვენ ვაგრძელებთ აღნიშნულ პროგრამებს, ვაპირებთ, რომ კიდევ უფრო გავაფართოვოთ შეთავაზებები და ვიმედოვნებთ, რომ ეს ძალიან კარგი ხელშეწყობა იქნება ჩვენი მეწარმეებისთვის, განსაკუთრებით მცირე მეწარმეებისთვის. პროგრამა „აწარმოე საქართველოში"-ის ფარგლებში ჯამურად დაფინანსებულია 400-მდე პროექტი, გარდა ამისა, მიკრომეწარმეობის კომპონენტის ფარგლებში ჯამურად 14 000-მდე ბენეფიციარი გვყავს, საიდანაც 6 000-მდე პროექტი დაფინანსებულია. ეს არის დაახლოებით 900 მლნ ლარამდე საინვესტიციო ღირებულების პროექტები", -აღნიშნა გიორგი ჩერქეზიშვილმა.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)