06:55 - 13 Dec, 2025
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2014-12-31 13:56:08, 8035 ნახვა

საზოგადოება
საახალწლო ტრადიციები საქართველოში

დროის ახალი მონაკვეთის დასაბამი...
სამყარო ამ დროს  ახალ წელს დღესასწაულობს.
საქართველოში ახალი წლის დღესასწაული ოდითგანვე  გამორჩეულად აღინიშნება. ჩვენს ქვეყანაში  ახალ წელს სხვადასხვა ეპოქაში, სხვადასხვა დროს აღნიშნავდნენ.
 მე-14 საუკუნიდან კი, იანვრის თვეში საბოლოოდ დადგინდა ახალი წლის აღნიშვნა.
ახალი წელი საქართველოში  მეკვლესთან და თეთრ ჩოხაში გამოწყობილ თოვლის ბაბუასთან ასოცირდება, რომელსაც დახუნძლული ხურჯინი, ბავშვებისთვის მოაქვს.
ძველ საქართველოში ახალ წელს „წმინდა ბასილის“ დღეს უწოდებდნენ, გამომდინარე იქიდან, რომ მართლმადიდებლური ეკლესია წმინდა ბასილის იხსენებს.
ახალი წლის ტრადიცია საქართველოში, მის ყველა კუთხეში სხვადასხვანაირია.  
საახალწლო ტრადიციები ჩვენი ქვეყნის სხვადასხვა  კუთხეებში:

ქართლ-კახეთი
აღმოსავლეთ საქართველოში ახალი წლის წინა დღით ოჯახში აუცილებლად მოიტანდნენ წყაროს უმძრახ წყალს და ეზოში მოასხამდნენ. მეკვლე ოჯახის უფროსი ან მოწვეული სტუმარი იყო, რომელიც ახალი წლის დადგომის შემდეგ ოჯახში ხელდამშვენებული შედიოდა: მიჰქონდა დედას პურები, ყველი, ხორცი, ღვინო, გოზინაყი, ხილი, ჩურჩხელა და მარცვლეული. ზოგჯერ ცოცხალი ქათამიც მიჰყავდა. გადააბიჯებდა თუ არა მეკვლე ზღურბლს, მიმოაბნევდა ხორბლის, სიმინდის ან ქერის მარცვალს, რათა ახალი წელი ხვავიანი და ბარაქიანი ყოფილიყო.

იმერეთი
მეკვლის მოსვლამდე ოჯახის უფროსს ევალებოდა, ხორაგით სავსე ხონჩით სამჯერ წაღმა შემოევლო სახლისთვის და უფლისთვის გამრავლება, ჯანმრთელობა, ხვავი და ბარაქა ეთხოვა. ხონჩაზე ღორის თავი, მწვადი, მოხარშული დედალი, ხაჭაპური, ლობიანი, ღერღილის პური და ტკბილი კვერები ელაგა. სახლისთვის სამჯერ შემოვლის შემდეგ ოჯახის უფროსი კერიაში შედიოდა ოჯახის ყველაზე ხნიერ წევრთან ერთად.

გურია-სამეგრელო

ახალი წლის პირველ დღეს „კალანდა“ ეწოდება და მას თოფების სროლით ეგებებიან.

სამეგრელოში ახალ წელს დილაადრიან ოჯახის უხუცესი მამაკაცი ხელში მორთული ჩიჩილაკით და ღომის მარცვლიანი ჯამით, რომელზეც კვერცხი დევს, სახლიდან გარეთ გადის ახალი წლის მოსალოცად. გარკვეული რიტუალის შესრულების შემდეგ სახლში შემოდის, ჩიჩილაკს კუთხეში მიაყუდებს, ჯამს იქვე მიუდგამს და თვითონ საახალწლო ტაბლას მიუჯდება, რომელზეც ალაგია: ღორის თავი,ხილი და სხვა. საუზმის დაწყებამდე მეკვლე ოჯახის ყველა წევრს ტკბილეულით უმასპინძლდება.

ახალ წელს  გურიაში მამლის ყივილზე მთელი ოჯახი ფეხზე დგება. მამაკაცები ღორის თავს, ბასილას, საახალწლო გობს სანოვაგით დატვირთულს, მორთულ ჩიჩილაკს და ცარიელ ჩაფს იღებენ და მარნისკენ გაეშურებიან.

მარანში შესვლისას ოჯახის უფროსი ხმაამოუღებლად საახალწლო გობს მიწაზე დადგამს, ჩაფს ღვინით გაავსებს და დაჩოქილი წმინდა ბასილას ოჯახის ბედნიერებას შესთხოვს.
რაჭა
"გფარავდეთ მრავალძალის წმინდა გიორგი! შეგეწიოთ ყოვლადწმინდა ხოტევი და ნიკორწმინდა! აგარა და უღეში, ღმერთმა მოგცეთ ნუგეში", - ამ სიტყვებით ლოცავდა რაჭაში მეფეხე ოჯახს. თუ წინა წელს მის ფეხს ოჯახი კარგად დასცდიდა, მას კიდევ სამი წლით ირჩევდნენ. ამ სამი წლის განმავლობაში მეკვლე ოჯახს პირველი მიულოცავდა ახალი წლის დადგომას ღვინის დოქით, მოხარშული ლორით, შემწვარი წიწილით, ვაშლში ჩარჭობილი ხურდა ფულით, ჩიჩილაკითა და სანთლით ხელში; დალოცავდა ოჯახს, საბძელს, ნალიას, მერე კი იწყებოდა ლხინი. რაჭულ საახალწლო სუფრას ამშვენებდა ლობიანები, ღვინო, ლორი, თაფლი, კაკალი, ტყლაპი, ჩირი და ვაშლი.

ლეჩხუმი
აქ ახალი წლის შემობრძანებას ოჯახის უფროსი გობით ხელში ელოდა. ლეჩხუმში ბაბუა მიიჩნეოდა მეკვლედ. დადგებოდა თუ არა ახალი წელი, იგი ღვინით სავსე დოქით ხელში უმცროს ვაჟთან ერთად გავიდოდა ვენახში, სადაც ჯერ თავად ლოცავდა ზვრებს, შემდეგ პატარას დაალოცვინებდა; მოაპკურებდნენ იქაურობას ღვინოს, მერე მივიდოდნენ ბეღელთან, ნალიასთან, ჭურებთან, ამის შემდეგ შედიოდნენ სადგომში (სახლში) და ლოცავდნენ გვარს.

სვანეთი

სვანეთში განსაკუთრებით ერიდებოდნენ ახალი წლის წინა დღეებში სტუმრად სიარულს, კლავდნენ საახალწლოდ გასუქებულ ღორს, რომელსაც მეისარაი ერქვა, აცხობდნენ პურებს ჯვრების გამოსახულებით და ტკბილ კვერებს. როგორი ამინდიც არ უნდა ყოფილიყო, მეფეხეს ღამე გარეთ უნდა გაეთია, რათა ოჯახში განწმენდილი შესულიყო და კარგი ფეხი შეეტანა. ოჯახის უფროსს აქაც თავისი საქმე ჰქონდა: ალიონზე უნდა ამდგარიყო, საქონლისთვის მიეხედა, მერე კი სანთლებით ხელში შესულიყო შინ და ოჯახი დაელოცა.

ხევი და მთიულეთი

ახალი წელი ხევისბერების სარიტუალო მსვლელობით იწყებოდა - ისინი დროშას ააბრძანებდნენ წმინდა გიორგის ხატში. როგორც კი ზარები ახალი წლის დადგომას აუწყებდნენ, ტაძრიდან გამოსული ხევისბერები ჯერ ერთმანეთს, მერე კი თემს მიულოცავდნენ ახალ წელს, მშვიდობასა და ბარაქას უსურვებდნენ. ამის შემდეგ წმინდა გიორგისა და მთავარდიდმოწამის სახელის სადიდებლად იკვლებოდა საკლავი და იწყებოდა ზეიმი და განთქმული შაირობა.

თუშეთი
ახალი წლის დადგომამდე თუშ ქალებს აუცილებლად უნდა დაებრუნებინათ, თუკი რამ ჰქონდათ განათხოვრებული; იმარაგებდნენ ტკბილეულს და აცხობდნენ სამეკვლეო კვერს, რომელსაც "ხარის გოგას" ეძახდნენ. აქ მეკვლედ ისეთ კაცს იწვევდნენ, რომელსაც კეთილი გული, კარგი ფეხი და დიდი გამოცდილება ჰქონდა. ზუსტად თორმეტ საათზე მეკვლე ოჯახში შემობრძანდებოდა, ოჯახის უფროსი კი მას სამეკვლეო კვერს მიართმევდა. მეკვლე მას კერიასთან დააგორებდა ისე, რომ კვერი წაღმა დამდგარიყო, რათა ახალ წელს ოჯახის ბედი სულ წაღმა დატრიალებულიყო. ხდებოდა ისეც, რომ მეკვლეობას თუშები მეცხვარის ძაღლს ანდობდნენ, რადგან მიაჩნდათ, რომ მასაც "კარგი კვალი" ჰქონდა. ახალი წლისთვის ოჯახის ყოველი წევრის სახელზე ცხვებოდა სათავნო და ბედის კვერები სხვადასხვა გამოსახულებით. დილით ადრე ოჯახის უფროსის ჯერი დგებოდა. იგი უნდა გასულიყო გარეთ, შემოეტანა თოვლი და სახლში მიმოებნია. ოჯახის უფროსის დალოცვის შემდგომ საახალწლო მხიარულება იწყებოდა.

ფშავი და ხევსურეთი

აქ საუკუნეების მანძილზე არსებობდა ერთი საინტერესო ტრადიცია: ახალი წლის ღამეს ხევისბერები და დასტურები სალოცავში წაიღებდნენ ქადებს, ერბოიან პურებს და სანთლებს, თან წაიყვანდნენ სოფლის ყმაწვილებს და წინ წაიმძღვარებდნენ საკლავს. ქვით გადახურულ ხატში ისინი ლოცვაში ათენებდნენ. ახალი წლის დამდეგს ხევისბერი დალოცავდა მლოცველთ, კუთხეს, გვარსა და ოჯახებს, გარიჟრაჟზე კი გამოვიდოდა ჯვარიდან და იკვლებოდა ცხვარი, რომლის სისხლში ამოვლებული თოვლის გუნდებსაც ეშმაკისა და ბოროტის განსადევნად ხატიონის კედელს ესროდნენ. შემდგომ ყმაწვილები ქუდებს იხდიდნენ და ერთად აწყობდნენ ნაბდის ქვეშ. ერთ-ერთი მათგანი ბრმად იღებდა ქუდს და სწორედ მის პატრონს ერგებოდა წილად მთელი სოფლის მეკვლეობის პატივი. დალოცვის შემდეგ სოფელში იწყებოდა დღესასწაული, იხარშებოდა ლუდი, იხარშებოდა ხინკალი და ისმებოდა ჟიპიტაური. საახალწლო სუფრის აუცილებელი ატრიბუტები იყო პური, ერბო, ხორცი, დამწნილებული სატაცური და ტკბილი ქადები.

აფხაზეთი
აქ ახალ წელს ხიჩხუამას ეძახდნენ. მთელი ოჯახი საგვარეულო სახლში იკრიბებოდა, საგანგებოდ იხსნებოდა ქვევრი, ცხვებოდა თაფლიანი და ნიგვზიანი ქადები, აფხაზურა პურები. ოჯახის უფროსი საკლავის დაკვლის შემდეგ დაკლული საქონლის ღვიძლით, ფილტვითა და თირკმლით ხელში მიდიოდა სალოცავში, ასხურებდა ღვინოს, მერე კი ოჯახში დაბრუნებული ახალ წელს ულოცავდა ახლობლებს.


სამცხე-ჯავახეთი
აქ უმძრახ წყალს დიასახლისი ეზოში, სასიმინდესა და ნალიაში ასხურებდა; საახალწლო სუფრაზე, გარდა ტკბილეულისა, ეწყო კარაქი, ხავიწიანი კვერები, კარტოფილის ხინკალი და ღვინო. ოჯახის თითოეული წევრის სახელზე ცხვებოდა საბედო, ბანის, სამეკვლეო და ხარის ქედის კვერები, რომლებსაც ოჯახის უფროსი ყრიდა ერდოდან და თან ლოცვასაც აყოლებდა.

აჭარა
ახალი წლის ღამეს მთელი ოჯახი სუფრასთან იკრიბებოდა. ოჯახის უფროსის ნებართვით, ყველას უმცროსი ვაჟი ულოცავდა ახალ წელს. დიასახლისი ირგვლივ უმძრახ წყალს მოაპკურებდა, შემდეგ კი გახსნიდა წინასწარ მომზადებულ ყაურმას. სუფრაზე ეწყო აჭარული ხაჭაპურები, ჰალვა, ხარჩო, ბურმე - თაფლიანი და ნიგვზიანი ნამცხვარი, სანთლის არაყი. ქალებს აუცილებლად უნდა სცმოდათ წითელი კაბა და გულზე ჰკიდებოდათ ბებიის ნაჩუქარი ჯვარი. დაილოცებოდნენ აჭარლები და ისვრიდნენ თოფს, ნიშნად იმისა, რომ ოჯახი ხარობდა და სიცოცხლე გრძელდებოდა.

P.S. „ექსპრესნიუსი“ პროგრესს, ბევრ პოზიტივს, იღბალს და წარმატებულ 2015 წელს გისურვებთ.
თაკო მაქაცარია




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ რუსული დარტყმის შედეგად თურქული კომპანიის გემის დაზიანებას უპასუხა
პარლამენტის წინ კობახიძის პუტინთან ფორუმში მონაწილეობის წინააღმდეგ საპროტესტო აქცია მიმდინარეობს
ფრანკფურტის აეროპორტში ერთ-ერთ მგზავრს 11 000-ზე მეტი დაუმუშავებელი ბრილიანტი ჩამოართვეს
დედაქალაქში მთავარი ნაძვის ხე და საახალწლო ილუმინაციები აინთო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics

X
GE25BG0000000606108352 საქართველოს ბანკი
GE41TB7089836080100007 TBC ბანკი