09:25 - 27 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-08-23 06:16:00, 568 ნახვა

ადვოკატი: თურქეთისა და საქართველოს ხელისუფლებებს ურთიერთობის გართულება არ უნდათ, ამას შეიძლება შეეწიროს კონკრეტული ადამიანი

დემირელის კოლეჯის ყოფილი მენეჯერის მუსტაფა ემრე  ჩაბუქის ადვოკატის  სოსო ბარათაშვილის განცხადებით, დაცვის მხარე წინასაექსტრადიციო პატიმრობის ვადასთან დაკავშირებით თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას სააპელაციო წესით გაასაჩივრებს.

როგორც სოსო ბარათაშვილმა "ექსპრესნიუსთან" საუბარში აღნიშნა, მოსამართლემ დაუსაბუთებელი გადაწყვეტილება მიიღო, ვინაიდან ბრალდების მხარემ ვერანაირი არგუმენტაცია ვერ წარადგინა.

"მიგვაჩნია, რომ ბრალდების მხარემ ვერ წარმოადგინა სათანადო არგუმენტაცია, თუ რატომ უნდა მომხდარიყო ამ ვადის გაგრძელება. ბრალდების მხარემ ერთის მხრივ უნდა დაასაბუთოს, რომ არსებობს ფორმალური საფუძვლები, იმისა, რომ მიიმალება ეს ადამიანი, ხელს შეუშლის გამოძიებას ან ახალ დანაშაულს ჩაიდენს.  მეორეს მხრივ უნდა დაასაბუთოს თავისი პოზიციის სისწორე ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე, დასაბუთებული ვარაუდის სტანდარტით. თვითონ მიმალვის საფრთხე გამორიცხულია. პირველ რიგში იმიტომ, რომ ყველა საბუთი ჩაბარებული აქვს ლტოლვილთა სამინისტროსთვის, მათ შორის პასპორტიც. მეორეს მხრივ მას საქართველოს გარდა წასასვლელი არსად აქვს, იქიდან გამომდინარე, რომ ის და მისი ოჯახი იმყოფებიან მუქარის ქვეშ თურქეთის ხელისუფლების მხრიდან. რეალურად მიმალვის საშუალება არ აქვს და არც სურვილი აქვს ამისი. ის, რომ თურქეთში მიმდინარე გამოძიებას მუსტაფა ემრე ჩაბუქი ხელს ვერ შეუშლის ეს ცხადია. ვერ მოვისმინეთ არგუმენტი, თუ რატომ არ უნდა იყოს გათავისუფლებული ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ამ წინასააქსტრადიციო პატიმრობის დროს გათავისუფლებული", - განაცხადა  ბარატაშვილმა.

რაც შეეხება საქმის ფაქტობრივ მხარეს ადვოკატის შეფასებით, "აქ კიდევ უფრო სავალალო მდგომარეობაა".

"თურქეთის მხარის მტკიცებით მუსტაფა ემრე ჩაბუქი წარმოადგენდა თითქოს და ტერორისტული ორგანიზაციის ხელშემწყობ პირს. ეს მათი მტკიცებით, გამოიხატა იმაში, რომ დემირელის სახელობის კოლეჯის ერთ-ერთი პარტნიორი აპირებდა თავისი წილის გასხვისებას ამერიკაში რეგისტრირებულ კომპანიაზე და ეს არის ტერორიზმში დახმარება. ამასთან, არც ერთ პარტნიორს და არც იმ ამერიკულ კომპანიას არავინ სდებს ბრალს ტერორიზმთან კავშირში. ჩვენ წარვადგინეთ არა ერთი მტკიცებულა, იმის თაობაზე, რომ ეს ადამიანი თურქეთში ექსტრადიციის შემთხვევაში დაექვემდებარება წამებასა და არაადამიანურ მოქცევას. არსებობს 4 000-ზე მეტი წერილი, რომლითაც საერთაშრისო ორგანიზაციები ითხოვენ არ გადაეცეს თურქეთს ჩვენი დაცვის ქვეშ მყოფი. გარდა ამისა, არსებობს მთელი რიგი დოკუმენტებისა, სადაც ნათქვამია, რომ თურქეთში მასიურად ირღვევა ადამიანის უფლებები, მათ შორის საპატიმროებში. სასამართლომ ეს არ გაიზიარა", - აღნიშნა ბარათაშვილმა და დასძნა, რომ სასამართლოს გადაწყვეტილებას სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებენ.

ამასთან, ადვოკატი ვარაუდობს, რომ სასამართლოს აღნიშნული გადაწყვეტილება განპირობებულია ორ ქვეყანას შორის არსებული ურთიერთობებით.

"თურქეთის ხელისუფებასა და საქართველოს ხელისუფლებას არ უნდათ გაართულონ ურთიერთობა და ამას შეიძლება შეეწიროს კონკრეტული ადამიანი და მისი ოჯახი. ბუნებრივია ფარხმალს არ დავყრით. ლტოლვილთა სამინისტროს გადაწყვეტილება, რომლითაც ამ ადამიანს და მის ოჯახს ლტოლვილის სტატუსის მინიჭებაზე უარი ეთქვა, აუცილებლად გასაჩივრდება. ეს პროცესი 12 ოქტომბერს არის დანიშნული. ცალკე გასაჩივრდება დღევანდელი გადაწყვეტილებაც. მივმართავთ ასევე საერთაშორისო ორგანიზაციებს, მათ შორის საჭიროების შემთხვევაში ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს. ვფიქრობ, რომ ჩვენი ძალისხმევა საბოლოო ჯამში გამოიღებს შედეგს",  განაცხადა სოსო ბარათაშვილმა.

ცნობისთვის, სასამართლომ დღეს გამოიტანა განჩინება, რომლითაც მუსტაფა ემრე ჩაბუქს 3 თვის ვადით საექსტრადიციო პატიმრობა გაუხანგრძლივდა. მოსამართლსი გადაწყვეტილებით, მუსტაფა ემრე ჩაბუქს 5 000-ლარიან გირაოზეც უარი ეთქვა. 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ივანიშვილის რეჟიმი ტუტუშკების მორალის პოლიციას აყალიბებს, რომლებიც მოქალაქეებს ღიად გაუსწორდება
რეჟიმის შსს ადასტურებს აქცის 10 მონაწილის დაკავებას ბანერების გამო
ბანერების გამო საპროტესტო აქციის მონაწილეები დააკავეს, პოლიციამ მომიტინგეებს სცემა
ბანერის ჭერის გამო თორნიკე თოშხუა წვრილმანი ხულიგნობის მუხლით დააკავეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics