|
2017-05-15 18:56:32, 2165 ნახვა
ეკონომიკა
ქუმსიშვილი: საქართველოს პრიორიტეტია, გამოიყენოს სატრანზიტო პოტენციალი და გაზარდოს თავისი როლი აბრეშუმის გზის შემადგენლობაში
დიმიტრი ქუმსიშვილმა ჩინეთის საქმიანი წრეების წარმომადგენლებთან სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ საქართველო ისტორიულად იყო და არის აბრეშუმის გზის ნაწილი და უმოკლესი გზა ჩინეთიდან ევროპაში და პირიქით. „საქართველოს ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტია, სრულად გამოიყენოს საკუთარი სატრანზიტო პოტენციალი და გაზარდოს და განავითაროს თავისი ისტორიული როლი აბრეშუმის გზის შემადგენლობაში," - განაცხადა პირველმა ვიცე-პრემიერმა. შეხვედრა ჩინეთის დედაქალაქ პეკინში გაიმართა. მას, ასევე, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი გახარია, საპარტნიორო ფონდის გენერალური დირექტორი დავით საგანელიძე და საქართველოს ელჩი ჩინეთში დავით აფციაური დაესწრნენ. დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, საქართველო გამოხატავს დიდ ინტერესს ჩინეთის პრეზიდენტის ინიციატივის „სარტყელი და გზა" მიმართ, რომელიც ხელს უწყობს ძველი აბრეშუმის გზის აღდგენას. დიმიტრი ქუმსიშვილის თქმით, საქართველოს ხელისუფლება მნიშვნელოვან ინვესტიციებს ახორციელებს „ერთი სარტყელი - ერთი გზის" ფარგლებში სატრანზიტო პოტენციალის განვითარებისთვის. მაგალითად, მან მოიყვანა აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული მაგისტრალის მშენებლობა - რეაბილიტაცია, რკინიგზის მოდერნიზაციისა და ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტები. "აბრეშუმის გზა არ არის მხოლოდ ვაჭრობა. ეს არის უფრო მეტი. ეს არის კულტურული გაცვლა, ხალხთა შორის ურთიერთობა, გაუმჯობესებული ცხოვრების პირობა ყველა ჩვენი მოქალაქისთვის. როგორც გაცხადებული იყო, ეს არის „მოგება მოგებისთვის" პროექტი, როდესაც ყველამ უნდა ისარგებლოს ამ პროექტით და სარგებელი მიიღოს", - განაცხადა პირველმა ვიცე-პრემიერმა. ფინანსთა მინისტრმა ჩინური ბიზნესის წარმომადგენლებს გააცნო საქართველოს ეკონომიკის მდგომარეობა, მთავრობის 4-პუნქტიანი გეგმა და ის რეფორმები, რომლებიც ხორციელდება და დაგეგმილია საქართველოს ეკონომიკური ზრდის დაჩქარებისთვის. ჩინეთსა და საქართველოს წარმატებულ ეკონომიკურ ურთიერთობებზე საუბრისას, პირველმა ვიცე-პრემიერმა დადებითად შეაფასა ორმხრივი ვაჭრობის პოზიტიური მაჩვენებლები. ჩინეთი საქართველოს მესამე უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორია ბრუნვის მიხედვითა და ასევე მე-3 უდიდესი საექსპორტო ბაზარი. დიმიტრი ქუმსიშვილმა ექსპორტის ზრდის სანიმუშო მაგალითად მოიყვანა ქართული ღვინო, რომელმაც ჩინეთის ბაზარზე მნიშვნელოვანი პოპულარობა მოიპოვა. ამჟამად დაახლოებით 40 ქართული ღვინის სახლი, რესტორანი და მაღაზია ყიდის ქართულ ღვინოს ჩინეთში. 2016 წელს ღვინის ექსპორტმა წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 98 პროცენტი შეადგინა. ამ მაჩვენებლით ჩინეთი მოცულობით მესამე, ღირებულებით კი სიდიდით მეორე საექსპორტო ბაზარია საქართველოსთვის. „თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებაზე ხელმოწერით ჩვენ მივეცით მნიშვნელოვანი გზავნილი, როგორც ქართულ, ისე ჩინურ ბიზნესს, რომ ჩვენი ქვეყნები არის გახსნილი ინვესტიციებისთვის, ვაჭრობისთვის და ხალხთა მეგობრობისთვის", - განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა. (NS)
დევდორაკის ხეობაში მეწყერის საფრთხის დონე მოხსნილია, მუშაობა განაახლა გამშვებმა პუნქტმა დარიალმა
25 სექტემბრის მდგომარეობით, კახეთში გადამუშავებულია 60 ათასი ტონა ყურძენი
ყაზბეგის საბაჟომ მუშაობა განაახლა
საქართველოს ბანკის მომხმარებლებს Western Union-ის გზავნილებზე 50%-იანი ფასდაკლებით სარგებლობა შეუძლიათ
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
კიევზე რუსეთის საჰაერო დარტყმების შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
ზაპოროჟიეში დამპყრობლებმა სავაჭრო ცენტრებსა და მაღალსართულიან შენობებს შეუტიეს, 5 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)