|
2017-05-01 14:22:35, 2549 ნახვა
პოლიტიკა კომენტარი
ირაკლი კობახიძე ქორწინების დეფინიციაზე: გვაქვს განცდა, რომ ვენეციის კომისიას აქ ნეგატიური შეფასება არ ექნება
„ გვაქვს წინასწარი მოლოდინი და განცდა, რომ აქ ნეგატიური შეფასება ვენეციის კომისიას არ ექნება“,-ასე უპასუხა პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ დღევანდელ პრესკონფერენციაზე „ექსპრესნიუსის“ მიერ დასმულ შეკითხვას, რომელიც კონსტიტუციაში ქორწინების დეფინიციაზე ჩანაწერის გაკეთებასა და ამ კუთხით ვენეციის კომისიის შესაძლო რეკომენდაციის გათვალისწინებას ეხებოდა. კერძოდ, მმართველი გუნდი ირწმუნება, რომ ვენეციის კომისიის ყველა რეკომენდაციას გაითვალისწინებენ, პარალელურად კი, ამავე პოლიტიკური ძალის წარმომადგენლები აქტიურ რეჟიმში საუბრობენ, რომ „ქართულმა ოცნებამ“ საზოგადოებას წინასაარჩევნოდ მისცა დაპირება კონსტიტუციის დონეზე ქორწინების დეფინიციასთან დაკავშირებით და ეს დაპირება აუცილებლად შესრულდება. დავინტერესდით, მმართველი გუნდის მხრიდან ამგვარი განცხადებები, ხომ არ იძლევა საფუძველს ვარაუდისა, რომ ვენეციის კომისიის რეკომენდაციის შემთხვევაშიც, გადაწყვეტილება არ შეიცვლება. „არის სხვა ქვეყნების მაგალითები, სადაც ანალოგიური დეფინიცია ან ადრე იყო განსაზღვრული, ან ახლა განისაზღვრა და იქ ვენეციის კომისიას უარყოფითი სამართლებრივი დასკვნა არ დაუწერია. ასეთია სტრასბურგის სასამართლოს დამოკიდებულებაც ქორწინების დეფინიციასთან დაკავშირებით. ეს არის ზოგადი სამართლებრივი მიდგომა. რეალურად, ქორწინების სამართლებრივი დეფინიცია შეესაბამება მის სოციალურ აღქმას, ეს არის საერთო მიდგომა. ერთ საზოგადოებაში შეიძლება პოლიგამიური ქორწინებაც იყოს განხილული, არის ასეთი საზოგადოებებიც, ეს დამოკიდებულია მათ შორის რელიგიურ შეხედულებებზე და ა.შ. ჩვენს საზოგადოებაში არის ჩამოყალიბებული კონკრეტული აღქმა ქორწინების ინსტიტუტის და ამ აღქმას უნდა შეესაბამებოდეს სამართლებრივი დეფინიცია. ეს არ არის ქართული მიდგომა, ეს არის საყოველთაო მიდგომა, რომელიც სამართლებრივ სივრცეებში დემოკრატიულ ქვეყნებში არის ჩამოყალიბებული და სწორედ ამ მიდგომას ეფუძნება ეს ჩანაწერი, რომელიც ემატება კონსტიტუციას ქორწინებასთან მიმართებით. ქორწინების დეფინიციაზე იყო მსჯელობა, მათ შორის სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიაში. ყავდა ამ ჩანაწერს მომხრეები და მოწინააღმდეგები“,-აღნიშნა ირაკლი კობახიძემ. მისივე თქმით, ქორწინების დეფინიციის კონსტიტუციის დონეზე განსაზღვრასთან დაკავშირებით მმართველი გუნდის მიერ თავის დროზე გაკეთებულ განცხადებას სოციალური და პოლიტიკური კონტექსტი ჰქონდა. „პრობლემა მდგომარეობს იმაში, რომ ეს საკითხი ხშირად გამოიყენება მანიპულაციისთვის, სპეკულაციისთვის საზოგადოების მიმართ და ხშირად გამოიყენება იმისათვის, რომ ხელოვნურად გაღვივდეს ჰომოფობიური განწყობები ჩვენს საზოგადოებაში. მთავარი ამოცანა ამ ცვლილების არის ის, რომ არავის დავუტოვოთ სპეკულაციის შესაძლებლობა და ხელი არ შევუწყოთ ჰომოფობიური განწყობების ხელოვნურად გაღვივებას იმ ჩანაწერის არ არსებობის გამო, რომელიც დღეს არ არის წარმოდგენილი კონსტიტუციაში. თავის დროზე პრემიერის განცხადების ამოცანა ეს იყო და ეს ამოცანა უდევს საფუძვლად ამ დეფინიციის გაჩენას საქართველოს კონსტიტუციაში“,-განმარტა პარლამენტის თავმჯდომარემ. ვენეციის კომისიის რეკომენდაციის შემთხვევაში, შეცვლის თუ არა მმართველი გუნდი ქორწინების დეფინიციის კონსტიტუციის დონეზე განსაზღვრასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას- ამ კითხვაზე კონკრეტული პასუხი ვერ მივიღეთ.
კრიმინალური დაჯგუფება სისტემატურად ძალავდა ბიზნესმენს ფულს, უარის შემთხვევაში ბიზნესის რეკეტით და ჯანმრთელობის განადგურებით ემუქრებოდნენ
„SARAJISHVILI“-ს, „ASKANELI“-სა და „ASKANELI V.S.O.P“-ის ბრენდების ფალსიფიციას ახდენდნენ საცხოვრებელ სახლში
პენტაგონი: ირანში კონფლიქტში დაღუპული ამერიკელი სამხედროების რიცხვი 19-მდე გაიზარდა
თვეების განმავლობაში მიმდინარე დავის შემდეგ, ტრამპმა დანიასთან და გრენლანდიასთან შეთანხმებას მოაწერა ხელი
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
ზაპოროჟიეში დამპყრობლებმა სავაჭრო ცენტრებსა და მაღალსართულიან შენობებს შეუტიეს, 5 ადამიანი დაშავდა
კიევის რეგიონში რუსული თავდასხმის შედეგად დედა და ორი მცირეწლოვანი ბავშვი დაიღუპა, ხოლო კიდევ ერთი დედა-შვილი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)