|
2017-04-28 18:05:29, 2431 ნახვა
ეკონომიკა
თბილისში საქართველო-მოლდოვას ეკონომიკური თანამშრომლობის ერთობლივი მთავრობათაშორისი კომისიის პირველი სხდომა გაიმართა
თბილისში დღეს საქართველო-მოლდოვას ეკონომიკური თანამშრომლობის ერთობლივი მთავრობათაშორისი კომისიის პირველი სხდომა გაიმართა. როგორც "ექსპრესნიუსს" ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროდან აცნობეს, საქართველოს მხრიდან კომისიის პირველ სხდომას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი გახარია, ხოლო მოლდოვას რესპუბლიკის მხრიდან რეგიონული განვითარებისა და მშენებლობის მინისტრი ვასილე ბიტკა ხელმძღვანელობდნენ. ეკონომიკის მინისტრის განცხადებით, მოლდოვა საქართველოს ბუნებრივი მოკავშირეა. ,,მოლდოვას რესპუბლიკა ჩვენი ბუნებრივი მოკავშირეა. ყველას კარგად გვესმის, რომ ერთი მიმართულებით, კერძოდ, ევროკავშირის მიმართულებით ჩვენ გვაქვს აბსოლუტურად ერთმნიშვნელოვნად დასახული გეგმა და შესაბამისად პოლიტიკური მიმართულებით არ არსებობს არანაირი ორაზროვნება. შესაბამისად ჩვენ ვცდილობთ, რომ ეკონომიკური ურთიერთობა, რომელიც დღეს, სამწუხაროდ, ძალიან სუსტია გავაძლიეროთ. სწორედ ამიტომ დღეს, ჩვენი ქვეყნის მთავრობებს შორის ორმხრივი კომისიის სხდომა გაიმართა. დღეს იყო დღე, როდესაც კომისია შეიქმნა და ჩვენ ვფიქრობთ, რომ უწყებათაშორის დონეზე თუ დავიწყებთ ინტენსიურ მუშაობას, აღმოვაჩენთ იმ შესაძლებლობებს, სადაც შეგვიძლია სავაჭრო ურთიერთობების გაუმჯობესება",-განაცხადა გიორგი გახარიამ. სხდომის ფარგლებში, მხარეებმა ეკონომიკური თანამშრომლობის ძირითადი მიმართულებები განიხილეს. მათ შორის, ორ ქვეყანას შორის არსებული სავაჭრო-ეკონომიკური მდგომარეობა, საექსპორტო შესაძლებლობები და შემდგომი განვითარებისა და გაზრდის გზებზე იმსჯელეს. ,,სოფლის მეურნეობისა და მაღალი ტექნოლოგიების მიმართულებით თანამშრომლობის მხრივ ჩვენს ქვეყნებს შორის არის საინტერესო პერსპექტივა, სადაც ჩვენ შეგვიძლია სწრაფად მივაღწიოთ ჩვენი მაჩვენებლების გაუმჯობესებას",-განაცხადა გიორგი გახარიამ. კომისიის პირველ სხდომაში ორივე ქვეყნის სხვადასხვა უწყებების ხელმძღვანელი პირები და ექსპერტები მონაწილეობდნენ. სხდომაზე განიხილეს ორმხრივი თანამშრომლობის გაღრმავების საკითხები ისეთ სფეროებში, როგორიცაა: ტრანსპორტი, ტურიზმი, ენერგეტიკის სექტორი, კავშირგაბმულობა და ინოვაციები, გარემოს დაცვა, კულტურისა და განათლების საკითხები და სხვა. ,,თითოეული ჩვენგანი თანხმდება, რომ მთავრობათაშორისი კომისიის მუშაობა, როგორც მოლდოვური, ისე ქართული მხარისთვის ორი ქვეყნის ურთიერთობებში დამატებითი სტიმულის მიმცემი გახდება. მოლდოვას რესპუბლიკის დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ ჩვენს ქვეყნებს შორის მსგავსი სახის დოკუმენტი პირველად გაფორმდა. გულწრფელად მიხარია",-განაცხადა ვასილე ბიტკამ. კომისიის სხდომის დასრულების შემდეგ გიორგი გახარიამ და ვასილე ბიტკამ „საქართველოს მთავრობასა და მოლდოვას რესპუბლიკის მთავრობას შორის ერთობლივი მთავრობათაშორისი ეკონომიკური თანამშრომლობის კომისიის დაფუძნების შესახებ“ და ასევე, დოკუმენტს - „საქართველოს მთავრობასა და მოლდოვას რესპუბლიკის მთავრობას შორის ტურიზმის სფეროში თანამშრომლობის შესახებ“ შეთანხმებას ხელი მოაწერეს. (NS)
ყაზბეგის საბაჟომ მუშაობა განაახლა
საქართველოს ბანკის მომხმარებლებს Western Union-ის გზავნილებზე 50%-იანი ფასდაკლებით სარგებლობა შეუძლიათ
SpaceX-ის, Apple-ისა და Nvidia-ს ხელმძღვანელები ტრამპსა და სი ძინპინს ვახშამზე შეუერთდნენ
პოლიციამ მკვლელობის მომზადებისა და ე.წ ქურდული სამყაროს წევრობის ბრალდებით 3 პირი დააკავა, ხოლო ე.წ კანონიერ ქურდს ბრალი დაუსწრებლად წარედგინება
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
კიევზე რუსეთის საჰაერო დარტყმების შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
ზაპოროჟიეში დამპყრობლებმა სავაჭრო ცენტრებსა და მაღალსართულიან შენობებს შეუტიეს, 5 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)