|
2017-01-23 14:02:11, 863 ნახვა
სამხედრო
I ქვეითი ბრიგადის გაძლიერებულმა ასეულმა უფლებამოსილება ოფიციალურად გადაიბარა
საქართველოს შეიარაღებული ძალების I ქვეითი ბრიგადის გაძლიერებული ასეული "მტკიცე მხარდაჭერის" მისიაში ოფიციალურად ჩაერთო. როგორც „ექსპრესნიუსს“ თავდაცვის სამინისტროდან აცნობეს, უფლებამოსილების გადაბარების ცერემონიალი მაზარ-ი-შარიფში, გერმანულ სამხედრო ბაზა "მარმალზე" გაიმართა. უწყების ინფორმაციით, I ქვეითი ბრიგადის გაძლიერებულმა ასეულმა უფლებამოსილება II ქვეითი ბრიგადის გაძლიერებული ასეულისგან გადაიბარა. დღეიდან ქართული ქვედანაყოფი საერთაშორისო მიისიით გათვალისწინებულ ამოცანებს სრული მასშტაბით შეასრულებს. ოფიციალურ ცერემონიალს მრავალეროვნული მხარდაჭერის დავალებათა ძალების მეთაური, ვიცე-პოლკოვნიკი ალექსანდრ კოლბი დაესწრო. ქართველი სამხედროებისთვის სიტყვით მიმართვისას, მან მშვიდობისმყოფელებს გერმანული საკონსულოს დაცვისთვის მადლობა გადაუხადა და მათ თავდადებაზე ყურადღება გაამახვილა. „თქვენ იყავით ის ძალა, რომელიც პირველი ჩნდებოდა ადგილზე სხვადასხვა ქვეყნის მეგობრებისათვის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად. მინდა, ხაზგასმით აღვნიშნო თქვენი თავდადება, რომელიც 2016 წლის 10 ნოემბერს მაზარ-ი-შარიფში გერმანიის საკონსულოზე თავდასხმისას აჩვენეთ. კაპიტან გახარიას მეთაურობით, თქვენ პირველები მიხვედით საკონსულოსთან. მიუხედავად მოწინააღმდეგის ვითარების სრული არცოდნისა, თქვენ ჩაიბარეთ ადგილის უსაფრთხოება და ავღანურ პოლიციასთან ერთად განახორციელეთ მნიშვნელოვანი ღონისძიებები. ამავდროულად, უმოკლეს დროში ქართულმა ძალებმა შიდა უსაფრთხოება დაამყარა. რამდენიმე ამბოხებულის ცეცხლმაც კი ვერ შეძლო, ხელი შეეშალა თქვენთვის ამოცანის შესრულებაში. გერმანელმა ხალხმა, გერმანისი ფედერაციის თავდაცვის მინისტრმა და მთავარმა კონსულმა მრავალჯერ გამოხატა მადლობა თქვენი თავდადებისთვის, კიდევ ერთხელ გიხდით მადლობას თქვენი პროფესიონალიზმისთვის“,-განაცხადა კოლბიმ. ვიცე-პოლკოვნიკმა ახალ ასეულს სრული ნდობა გამოუცხადა. „მეგობრებო, თქვენმა მოქმედებამ და თავდადებამ თქვენს შემცვლელებს არა მარტო დიდი მემკვიდრეობა დაუტოვა, არამედ თქვენ მოიპოვეთ დიდი რეპუტაცია გერმანულ მედიაში. თქვენმა შემცვლელებმა მაიორ მეზვრიშვილის მეთაურობით მიიღონ ეს, როგორც მოტივაცია. მას შემდეგ, რაც ქართული კონტიგენტის შესახებ ყველაფერი გავიგე და დავინახე, დარწმუნებული ვარ, რომ თქვენ დავალებებს სრულად გაართმევთ თავს. სრულ ნდობას გიცხადებთ“ - დასძინა ვიცე-პოლკოვნიკმა ალექსანდრ კოლბიმ. უფლებამოსილების გადაბარების ცერემონიალზე ასევე იმყოფებოდნენ გერმანული სამხედრო ბაზა „მარმალის“ მეთაური, ბრიგადის გენერალი ანდრე ბოუდმანი, ავღანეთის ისლამურ რესპუბლიკაში საქართველოს შეიარაღებული ძალების უფროსი სამხედრო წარმომადგენელი, პოლკოვნიკი მურთაზ გუჯეჯიანი, ბაზა „მარმალის“ მთავარი სერჟანტი, სერჟანტ-მაიორი ტომას ელ. ფუსი, ასევე გერმანიის, აშშ-ის, ხორვატიის, ჰოლანდიის, მონღოლეთის და სომხეთის სამხედრო მოსამსახურეები. I ქვეითი ბრიგადის გაძლიერებული ასეული "მტკიცე მხარდაჭერის" მისიაში შვიდი თვის განმავლობაში იმსახურებს. გერმანული სარდლობის დაქვემდებარებაში მყოფი ქართული ქვედანაყოფის მთავარი ამოცანა, ოპერაციის რაიონის კონტროლი და სწრაფი რეაგირების დავალებების შესრულება იქნება. (NS)
ხმების 100 % ან 99 % „ქართულმა ოცნებამ“ შუალედურ ე.წ არჩევნებში გამარჯვება მოიპოვა
კობახიძე - დადასტურდა, მათ შორის ვიდეოჩანაწერებით, რომ რაზეც ეს კონკრეტული პატიმარი საუბრობდა, იყო ტყუილი
კობახიძე აღიარებს რომ სურსათის გაზრდილი ფასები ხალხს მტკივნეულად დააწვა
ამერიკა ასჯერ ძლიერია, ვიდრე რუსეთი - ზელენსკიმ ტრამპს მოუწოდა, გაიხსენოს აშშ-ის ძალა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
აშშ-უკრაინის აღდგენის ფონდმა ხელი მოაწერა პირველ სამთომოპოვებით შეთანხმებას
რუსეთმა კიევში კიდევ ერთ ხიდს, დნეპრის მაღალსართულიან შენობასა და ბიზნეს ცენტრს შეუტია, 4 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)