12:00 - 06 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-10-06 10:53:40, 326 ნახვა

სამართალი
სოციალური სამართლიანობის ცენტრი - საქართველოდან რუსეთში პატიმრების ექსტრადირება დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს

„სოციალური სამართლიანობის ცენტრი” ეხმაურება რუსეთში საქართველოდან ექსტრადირებული პატიმრის, 43 წლის დმიტრი პუშკარევის მკვლელობის ფაქტს და საქართველოდან რუსეთის ფედერაციაში პატიმრების ექსტრადირების განახლებას ადამიანის უფლებებთან მკაცრად შეუსაბამოდ მიიჩნევს.

აღნიშნულთან დაკავშირებით ორგანიზაცია განცხადებას ავრცელებს.

მათი ცნობით, 2017 წლიდან 2022 წლამდე რუსეთის ფედერაციამ მათი მოქალაქეების საქართველოდან ექსტრადიციის შუამდგომლობით საქართველოს 33-ჯერ მომართა, 29 შემთხვევაში საქართველომ მოთხოვნა დააკმაყოფილა. ორგანიზაციის შეფასებით, ეს ნიშნავს, რომ საქართველო რუსეთის მოთხოვნების პრაქტიკულად 90% შემთხვევაში აკმაყოფილებს.

„სოციალური სამართლიანობის ცენრტის“ ინფორმაციით, სახელმწიფო ვალდებულია არ განახორციელოს ექსტრადიცია, თუკი არსებობს წამების, არაადამიანური ან ღირსების შემლახველი მოპყრობის რეალური საფრთხე.

„4 ოქტომბერს, მედიაში გავრცელდა ინფორმაცია საქართველოდან რუსეთში ექსტრადირებული დმიტრი პუშკარევის მკვლელობის შესახებ. რუსული მედიის თქმით, ის ყაბარდო-ბალყარეთის ტერიტორიაზე მოძრავ ვლადიკავკავი-ადლერის მატარებელში მოკლეს მას შემდეგ, რაც მან სასჯელაღსრულების სამსახურის ერთი თანამშრომელი მოკლა, სამი კი დაჭრა. 24 სექტემბერს რუსეთის გენერალურმა პროკურატურამ გამოაქვეყნა ინფორმაცია მისი და კორნეი ფედუნოვის გადაცემის შესახებ, რომელთაც რუსეთის პროკურატურა რუსეთში დანაშაულებრივი გაერთიანების შექმნას/მონაწილეობას და ნარკოტიკების უკანონო ბრუნვასთან დაკავშირებულ რამდენიმე დანაშაულს ედავებოდა. საქართველოს პროკურატურას რუსეთში ექსტრადირებასთან დაკავშირებით განცხადება არ გამოუქვეყნებია.

აქვე ნიშანდობლივია, რომ რუსეთის გენერალური პროკურატურის ამ წლის, 2 თებერვლის განცხადებით, საქართველომ რუსეთს გადასცა ნიკიტა პოდსტავინი, რომელიც იძებნებოდა რუსეთის სისხლის სამართლის კოდექსის 111-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის, (ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება, რასაც მოჰყვა მსხვერპლის სიკვდილი). რუსეთის გენერალურმა პროკურატურამ მსგავსი შინაარსის განცხადება ასევე გამოაქვეყნა 2026 წლის 3 ივლისს, სადაც საქართველოდან ექსტრადირებულ მაქსიმ ჩერბაკოვის შესახებ იუწყებოდა, ხოლო 17 ივლისს საქართველოდან მოხდა დაღესტნელი რასულ კაიტმაზოვის ექსტრადირება. 2026 წლის სექტემბერში ასევე განიხილებოდა მიხაილ ტიმოფეევის რუსეთში ექსტრადირება, თუმცა ეს პროცესი გაეროს ადამიანის უფლებათა კომიტეტის გადაწყვეტილების შესაბამისად შეჩერდა და ტიმოფეევი საექსტრადიციო პატიმრობიდან გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს. კომიტეტმა საქართველოს ექსტრადიცია და დეპორტაცია კომიტეტში საქმის განხილვის დამთავრებამდე აუკრძალა. მისი დაკავების საქმეს კი ევროპული სასამართლო განიხილავს.

საქართველომ რუსეთში პატიმრების ექსტრადირების შეჩერების შესახებ გადაწყვეტილება ჯერ კიდევ 2022 წელს მიიღო, რის შესახებაც ქართულმა მხარემ სუმბაევი საქართველოს წინააღმდეგ საქმის განხილვისას განაცხადა და აღნიშნა, რომ საქართველო იღებდა ვალდებულებას რომ არ მოახდენდა პატიმრების ექსტრადირებას რუსეთში, ვიდრე ევროპული სასამართლო ამ საკითხზე ევროპის საბჭო მიდგომას არ ჩამოაყალიბებდა. აქვე საქართველოს მხარემ წარადგინა სტატისტიკა, რომლითაც ამტკიცებდა რომ 2022 წლის მარტის შემდეგ, მას შემდეგ რაც რუსეთის ფედერაცია გაირიცხა ევროპის საბჭოდან, არც ერთი პატიმარი არ იყო გადაცემული საქართველოდან. აქვე აღსანიშნავია, რომ 2017 წლიდან 2022 წლამდე რუსეთის ფედერაციამ მათი მოქალაქეების საქართველოდან ექსტრადიციის შუამდგომლობით საქართველოს 33-ჯერ მომართა, 29 შემთხვევაში საქართველომ მოთხოვნა დააკმაყოფილა. ეს ნიშნავს, რომ საქართველო რუსეთის მოთხოვნების პრაქტიკულად 90% შემთხვევაში აკმაყოფილებს“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

„სოციალური სამართლიანობის ცენტრი“ მოუწოდებს საქართველოს მთავრობას, იუსტიციის სამინისტროსა და გენერალურ პროკურატურას დაუყოვნებლივ შეაჩერონ რუსეთის ფედერაციაში პირთა ექსტრადირება, „ვიდრე არსებითად არ შეიცვლება რეალობა რუსეთის ფედერაციაში და ამაზე არ იარსებებს კონსენსუსი საერთაშორისო საზოგადოებაში“.

„რუსეთის ფედერაციაში ექსტრადიციის არსებული პრაქტიკის გაგრძელება, მით უფრო, სათანადო საჯარო დასაბუთების, განსაკუთრებით მკაცრი ინდივიდუალური რისკის შეფასებისა და რეალურად მოქმედი დამოუკიდებელი მონიტორინგის გარანტიების გარეშე, ქმნის საქართველოს მიერ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-3 მუხლითა და გაეროს წამების წინააღმდეგ კონვენციის მე-3 მუხლით ნაკისრი ვალდებულებების დარღვევის სერიოზულ რისკს.

„სოციალური სამართლიანობის ცენტრი“ მოუწოდებს: საქართველოს მთავრობას, იუსტიციის სამინისტროსა და გენერალურ პროკურატურას დაუყოვნებლივ შეაჩერონ რუსეთის ფედერაციაში პირთა ექსტრადირება ვიდრე არსებითად არ შეიცვლება რეალობა რუსეთის ფედერაციაში და ამაზე არ იარსებებს კონსენსუსი საერთაშორისო საზოგადოებაში;

გენერალურ პროკურატურას გაასაჯაროონ 2022 წლის 16 მარტის შემდეგ რუსეთის ფედერაციიდან მიღებული საექსტრადიციო მოთხოვნების, მიღებული გადაწყვეტილებებისა და განხორციელებული ექსტრადიციების შესახებ სტატისტიკური ინფორმაცია;

იუსტიციის სამინისტროს განმარტოს სუმბაევი საქართველოს წინააღმდეგ საქმეში ევროპული სასამართლოს წინაშე დაფიქსირებული მორატორიუმის შეცვლის სამართლებრივი საფუძველი; ასევე მიუთითონ, რა სახის ინდივიდუალური გარანტიები და შემდგომი მონიტორინგის მექანიზმები იქნა გამოყენებული უკვე განხორციელებულ ექსტრადიციებთან დაკავშირებით“, - ნათქვამია ინფორმაციაში.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
მაჭავარიანი – ვერც რევოლუციას მოგვიწყობენ, ვერც ოპოზიციისთვის ჩატარებული კამპანიებით მოგვიგებენ არჩევნებს
ტრამპმა ირანთან ომის დროს ლოს-ანჯელესისა და სან-დიეგოს განადგურება დაუშვა
Le Figaro: საფრანგეთში სკოლებში გამართული საპროტესტო აქციების გამო 1.8 ათასი სისხლის სამართლის საქმე აღიძრა
კახეთში ყურძენი 13 200-მდე მევენახემ დააბინავა, მათი მოსავლის 99% მაღალი და საშუალო ხარისხისაა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics