21:07 - 02 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-06-02 12:14:21, 288 ნახვა

საზოგადოება
საია-მ ტროტუარზე დგომის საქმესთან დაკავშირებული საჩივარი სტრასბურგში გაგზავნა

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ინფორმაციით, ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში დიმიტრი ჯამბურიას სახელით საჩივარი გაგზავნეს. 

საია-ს ცნობით, საქმე ეხება 2025 წლის 17 დეკემბერს, პარლამენტის წინ, ტროტუარზე მშვიდობიანი პროტესტის გამო პირის ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად ცნობას და მისთვის 4-დღიანი პატიმრობის შეფარდებას.

"აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით საია დავობს ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის შემდეგი მუხლების დარღვევაზე: 6(1) (საქმის სამართლიანი განხილვის უფლება); 11 (შეკრებისა და გაერთიანების თავისუფლება); 14 (დისკრიმინაციის აკრძალვა) მე-6(1) და მე-11 მუხლებთან ერთობლიობაში; 17 (უფლებათა ბოროტად გამოყენების აკრძალვა). კერძოდ: 

შეკრებისა და გაერთიანების თავისუფლება - არ არსებობს არანაირი მითითება, რომ აქციის ორგანიზატორებს ან თავად მომჩივანს რაიმე ძალადობრივი განზრახვა ჰქონდათ. ეროვნულმა სასამართლოებმა სრულად უგულებელყვეს ის ფაქტი, რომ კანონში მითითებული ტერმინის - „ხელის შეშლის“, უკიდურესად ბუნდოვანი და ფართო ფორმულირება სამართალდამცავებს კანონმდებლობის ბოროტად გამოყენების საშუალებას აძლევს. თბილისის საქალაქო სასამართლომ განუხილველად თავისთავშივე დამტკიცებულად მიიჩნია შსს-ის ის მტკიცება ფაქტად, რომ მათი თქმით, ამ აქციასთან მიმართებით გაკეთებული გაფრთხილებები არ იყო სათანადო ფორმით წარმოდგენილი, რის საფუძველზეც აქცია შსს-მ ჩათვალა არაკანონიერად. აქედან გამომდინარე, სასამართლომ მომჩივანი დამნაშავედ სცნო მხოლოდ იმიტომ, რომ, მისი მტკიცებით, მცირერიცხოვანმა აქციამ ფეხით მოსიარულეთა ნაწილი დროებით შეაფერხა. თუმცა მოსამართლეს საერთოდ არ შეუფასებია არც ის ფაქტი, რომ მომჩივანს რეალურად ჰქონდა გაგონილი შსს-ის გაფრთხილების შესახებ, რომ აქცია დაშლილიყო, არც დაბრკოლების სიმძიმე, არც ალტერნატიული ადგილმდებარეობების შეთავაზების გაკეთების არსებობა და, რაც მთავარია, არც მომიტინგეთა მხრიდან გადაადგილების შეზღუდვის წინასწარი განზრახვა. იმის გათვალისწინებით, რომ პროტესტი, თავისი ბუნებით, გარკვეულ ფიზიკურ სივრცეს იკავებს და ყოველთვის იწვევს ჩვეული ცხოვრების რიტმის გარკვეულ, გარდაუვალ შეფერხებას, კანონის ამგვარი უკიდურესად ფართო და თვითნებური განმარტება პრაქტიკულად კრძალავს ნებისმიერი სახის მშვიდობიან შეკრებას და სრულად აქრობს კონვენციით გარანტირებული უფლების არსს.

საქმის სამართლიანი განხილვის უფლება - ეროვნულმა სასამართლოებმა არ შეაფასეს მტკიცებულებები ობიექტურად, მხედველობაში არ მიიღეს დაცვის მხარის მნიშვნელოვანი შუამდგომლობები, მიიღეს შაბლონური გადაწყვეტილებები, არასწორად გამოიყენეს საერთაშორისო სამართლებრივი სტანდარტები და პრეცედენტები, რითაც დაარღვიეს დასაბუთებული გადაწყვეტილების მიღების პრინციპი. ამასთანავე, სასამართლოებმა უგულებელყვეს ის ფაქტი, რომ შსს-მ ვერ დაამტკიცა მომჩივნის მიერ ტროტუარის განზრახ ბლოკირება და „საზოგადოებრივი საჭიროების“ არსებობა.

უფლებათა ბოროტად გამოყენების აკრძალვა - მომჩივნის საქმე არ არის ერთადერთი ინციდენტი, არამედ წარმოადგენს სახელმწიფოს მხრიდან ძალაუფლების სისტემური, წინასწარ დაგეგმილი ბოროტად გამოყენების ნათელ მაგალითს, რაც ქვეყანაში 2024 წლიდან მიმდინარე დემოკრატიული უკუსვლისა და მზარდი ავტორიტარიზმის პირდაპირი შედეგია. ხელისუფლებამ პროევროპული აქციების ჩასახშობად მიზანმიმართულად მიიღო რეპრესიული კანონები, ტროტუარზე დგომა ტრანსპორტის სავალ ნაწილზე შეკრებას გაუთანაბრა და ამ ქმედებისთვის ერთადერთ სასჯელად პატიმრობა დააწესა, ხოლო შინაგან საქმეთა სამინისტრო და სასამართლო თავისუფალი პროტესტის წინააღმდეგ მიმართულ სადამსჯელო ინსტრუმენტებად აქცია. ამასთანავე, აღნიშნული ქმედების ხელახლა ჩადენა (“ტროტუარზე დგომა”) გამოიწვევს სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას. 

აქციის მონაწილეების იდენტიფიცირების მიზნით სახის ამომცნობი ტექნოლოგიების გამოყენება, ეროვნული სასამართლოების დაუსაბუთებელი გადაწყვეტილებები, დაცვის მხარის არგუმენტების სრული უგულებელყოფა, აქციის მონაწილეებისა და ჟურნალისტების წამება/არასათანადო მოპყრობა, დემონსტრანტებისა და აქტივისტების მიმართ სისხლის სამართლის საქმეების აღძრვრა, ათასობით მშვიდობიანი აქციის მონაწილის დასჯა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის საფუძველზე ემსახურება არა საზოგადოებრივი წესრიგის დაცვას, არამედ საზოგადოებაში „მსუსხავი ეფექტის“ (chilling effect) შექმნას, რათა სრულიად განადგურდეს ევროპული კონვენციით დაცული შეკრების თავისუფლება, ჩაიხშოს განსხვავებული აზრი და მოისპოს დემოკრატიული საზოგადოების საფუძვლები. 

დისკრიმინაციის აკრძალვა საქმის სამართლიანი განხილვის უფლებასთან და შეკრებისა და გაერთიანების თავისუფლებასთან ერთად - მომჩივნის უფლებების დარღვევა დაკავშირებულია მის პოლიტიკურ შეხედულებებთან, რადგანაც მომჩივანი არის პროევროპული აქციების მონაწილე. 2024 წლის დეკემბრიდან დღემდე, ხელისუფლებამ მიზანმიმართულად მიიღო კანონები, რომლებსაც შსს და სასამართლო ექსკლუზიურად პროევროპული აქციების მონაწილეების დასასჯელად იყენებს. ის ფაქტი, რომ უბრალოდ ტროტუარზე დგომისთვის მოქალაქეებს ფაქტობრივად ყოველდღიურად უფარდებენ ადმინისტრაციულ პატიმრობას, ნათლად ადასტურებს, რომ მომჩივნის საქმე რიგითი სამართალწარმოება კი არა, პროევროპული აქციების მონაწილეების წინააღმდეგ მიმართული ფართომასშტაბიანი და სისტემური დისკრიმინაციის ნაწილია", ნათქვამია ინფორმაციაში. 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ISW: უკრაინაში რუსული არმია ტერიტორიებს ზედიზედ მეორე თვეა კარგავს
პენცენტრი: თავისუფალი სიტყვის შეზღუდვა ქვეყანას საბჭოთა ცენზურის ბნელ წლებში აბრუნებს
საგარეო საქმეთა სამინისტრო პრეზიდენტის ყოფილ სასახლეში გადავიდა
ქარტია: აჭარის ტელევიზიიდან ჟურნალისტების გათავისუფლება უსამართლო და დაუსაბუთებელია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics