|
2026-06-01 18:55:14, 2403 ნახვა
პოლიტიკა
აშშ-ის საელჩო: ფუნქციონალური დემოკრატია საჭიროებს პოლიტიკურ ოპოზიციას
აშშ-ის საელჩო საქართველოში, 25-28 მაისს სახელმწიფო დეპარტამენტის დელეგაციის ვიზიტისას, "ქართული ოცნების" მთავრობასა და ოპოზიციური პარტიების ლიდერებთან შეხვედრის შემდეგ გაკეთებული განცხადებების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს. განცხადებაში აღნიშნულია, რომ ხელისუფლებასთან შეხვედრაზე განიხილეს ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების გაუმჯობესების პერსპექტივები. მხარეებმა იმსჯელეს თანამშრომლობის შესაძლო მიმართულებებზე, მათ შორის ეროვნული სუვერენიტეტის, ეკონომიკური თანამშრომლობის, უსაფრთხოებისა და ენერგეტიკის საკითხებზე. დელეგაციამ ხაზი გაუსვა ამერიკული ინვესტიციებისთვის ხელსაყრელი გარემოსა და სტაბილური პოლიტიკური კლიმატის მნიშვნელობას. ოპოზიციურ პარტიებთან შეხვედრისას აშშ-ის წარმომადგენლებმა მოისმინეს მათი შეშფოთება ქვეყანაში არსებული პოლიტიკური ვითარებისა და ოპოზიციის მიმართ დამოკიდებულების შესახებ. დელეგაციის განცხადებით, ფუნქციონირებადი დემოკრატია საჭიროებს აქტიურ პოლიტიკურ ოპოზიციას და შეერთებული შტატები მზად არის ითანამშრომლოს ყველა პოლიტიკურ ძალასთან, რომელიც ქვეყნის სტაბილურობის, სუვერენიტეტისა და კეთილდღეობის განმტკიცებით არის დაინტერესებული. "25-28 მაისს თბილისში აშშ-ის დელეგაცია შეხვდა პრემიერმინისტრ ირაკლი კობახიძეს, ვიცეპრემიერებს ბოჭორიშვილს, მდინარაძეს და მთავრობის სხვა წარმომადგენლებს ორმხრივი ურთიერთობების გაუმჯობესების სამომავლო გზის განსახილველად. დელეგაციამ საქართველოს მთავრობას მასთან კონსტრუქციულ, მომავალზე ორიენტირებულ ურთიერთობასთან დაკავშირებით ტრამპის ადმინისტრაციის მზადყოფნა გაუზიარა და მისი ინტერესი სუვერენულ პარტნიორებს შორის ორმხრივ ურთიერთობებში ურთიერთპატივისცემაზე, საერთო ინტერესებსა და გულწრფელ დიალოგზე დაფუძნებული ახალი ეტაპის დაწყების შესახებ. მხარეებმა განიხილეს შეერთებულ შტატებსა და საქართველოს შორის შესაძლო თანხვედრის სფეროები, მათ შორის: ეროვნული სუვერენიტეტისადმი საერთო ერთგულება, სამართლიანი ეკონომიკური გარემო, მავნე გარე გავლენებისადმი მდგრადობა და ის ფუნდამენტური ღირებულებები, რომელიც ორივე ერს განსაზღვრავს. ეს თანხვედრა ქმნის მყარ საფუძველს უფრო ღრმა პარტნიორობისკენ წინსვლისთვის. აშშ-ის დელეგაციამ ხაზი გაუსვა ჩვენს ინტერესს, საქართველოსთან კომერციული თანამშრომლობის გაფართოებასთან დაკავშირებით, მათ შორის: ამერიკული საქონლისა და ინვესტიციებისთვის უფრო ფართო ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა, და უსაფრთხოებისა და ენერგეტიკის სფეროებში თანამშრომლობის გაღრმავება. მდგრადი სტრატეგიული პარტნიორობისთვის საჭირო იქნება უწყვეტი პროგრესი იმ პირობების უზრუნველყოფით, რომელიც საქართველოს სანდო პარტნიორად აქცევს, მათ შორის, ამერიკული ბიზნესისთვის ხელსაყრელი ბიზნესგარემოსა და სტაბილური შიდა პოლიტიკური კლიმატით, რაც ხელს უწყობს ოპოზიციის ჩართულობას. დელეგაციამ განიხილა კონკრეტული ნაბიჯები, რომელთა გადადგმაც საქართველოს მთავრობას შეუძლია და დაგვეხმარება ამ მიზნის მიღწევაში. შეერთებული შტატები ელის საქართველოს მთავრობასთან მუშაობას ისეთი პარტნიორობისთვის, რომელიც ორივე ქვეყანას ხელშესახებ სარგებელს მოუტანს და სრულად აამოქმედებს ორმხრივი ურთიერთობის პოტენციალს. შეხვედრა საქართველოს ოპოზიციური პარტიების ლიდერებთან აშშ-ის დელეგაციამ სიღრმისეული საუბრები გამართა საქართველოს ძირითადი ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებთან, მათ შორის: „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“, „კოალიცია ცვლილებისთვის“, „ძლიერი საქართველო - ლელო“-სა და პარტია „გახარია საქართველოსთვის“ წარმომადგენლებთან. დელეგაციამ მოისმინა შეშფოთება ოპოზიციური პარტიების მიმართ მოპყრობის შესახებ 2024 წლის ოქტომბრის შემდეგ, მათ შორის საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარე საქმისა და არსებული პოლიტიკური გარემოს შესახებ. დელეგაციამ მათ გაუზიარა შეერთებული შტატების პოზიცია საქართველოს დემოკრატიულ ინსტიტუტებში ოპოზიციის მონაწილეობის შესახებ. ფუნქციონალური დემოკრატია საჭიროებს პოლიტიკურ ოპოზიციას, რომელიც სახელმწიფო ინსტიტუტებთან ურთიერთობს იმ მოქალაქეების ინტერესების წარმოსაჩენად, რომლებმაც მას ხმა მისცეს. პოლიტიკური სტაბილურობა და ოპოზიციის რეალური წარმომადგენლობა იმ ფაქტორებს შორისაა, რომელიც საქართველოს ამერიკული ინვესტიციებისთვის, უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობისა და გრძელვადიანი სტრატეგიული პარტნიორობისთვის სანდო პარტნიორად აქცევს. შეერთებული შტატები ერთგულია კონსტრუქციული ურთიერთობისა ყველა სერიოზულ პოლიტიკურ აქტორთან, რომელიც დაინტერესებულია საკუთარი ქვეყნის სტაბილურობით, სუვერენიტეტითა და კეთილდღეობით", - ნათქვამია განცხადებაში.
ვადაგასული პროდუქცია და ჰიგიენის უხეში დარღვევები - „ანაკლიას“ საწარმოო პროცესი შეუჩერეს
სასკოლო ფორმის ყიდვა ნაღდი ფულით შეუძლებელი იქნება - სამინისტრომ რეალიზაციის წესი დაამტკიცა
ივლისში, რუსეთსა და უკრაინას შორის ომში რეკორდული რაოდენობის მშვიდობიანი მოსახლეობის დაღუპვა დაფიქსირდა
ზელენსკიმ არჩევნების შემდეგ რუსეთში მობილიზაციის ორი ტალღის შესახებ განაცხადა
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
ივლისში, რუსეთსა და უკრაინას შორის ომში რეკორდული რაოდენობის მშვიდობიანი მოსახლეობის დაღუპვა დაფიქსირდა
ზაპოროჟიეში რუსი ოკუპანტების ბალისტიკით დაბომბვის შედეგად 6 ადამიანი დაიღუპა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)