19:47 - 03 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-05-03 18:44:18, 265 ნახვა

რეჟიმის მიერ წნეხში მოქცეული ქართული მედია - როგორ ხვდება ოცნების პირობებში პრესის თავისუფლების დღეს საქართველო

მსოფლიო პრესის თავისუფლების დღე ყოველწლიურად 3 მაისს აღინიშნება. მისი მიზანია პრესის თავისუფლების ფუნდამენტური პრინციპების დაცვა, მსოფლიოში მედიის მდგომარეობის შეფასება და იმ ჟურნალისტების ხსოვნის პატივგება, რომლებმაც პროფესიული მოვალეობის შესრულებისას სიცოცხლე დაკარგეს. 

2026 წლის მონაცემებით, საქართველოში მედიის თავისუფლების კუთხით გამოწვევები ნარჩუნდება. ქვეყნის რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში ბოლო პერიოდში გაუარესდა, რაც მედიაგარემოსა და ჟურნალისტების საქმიანობაზე არსებულ ზეწოლას უკავშირდება. 

საფრანგეთისა და გერმანიის საელჩოები საქართველოში მსოფლიო პრესის თავისუფლების დღესთან დაკავშირებით განცხადებებს ავრცელებენ.

„ვინაიდან მოქალაქეებისთვის სანდო ინფორმაციის გარეშე დემოკრატია შეუძლებელია, ვინაიდან ხარისხიანი ინფორმაცია მწირი და მყიფე გახდა იმ დროს, როდესაც პროპაგანდა და პოლიტიკური მარკეტინგი ზოგჯერ მარტივი ჭეშმარიტების ძიებას ახშობს, საფრანგეთის საელჩოს საქართველოში, პრესის თავისუფლების მსოფლიო დღეს, 3 მაისს, სურს, მხარდაჭერა დაუდასტუროს ყველა ქართველ ჟურნალისტს, რომლებიც, პოლიტიკური შეხედულებების მიუხედავად, თავიანთ საქმიანობას ასრულებენ გულმოდგინედ და გაბედულად, საზოგადოებრივი განხილვის გაშუქების მიზნით“, - ვკითხულობთ საფრანგეთის საელჩოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

იქ ამასთანავე აღნიშნულია, რომ საჯარო ხელისუფლების პასუხისმგებლობაა, შექმნას ისეთი პოლიტიკური და პრაქტიკული სამართლებრივი პირობები, რომელშიც შესაძლებელი იქნება ჟურნალისტების გამოხატვის აუცილებელი თავისუფლების განხორციელება.

საქართველოში გერმანიის საელჩოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში წერია, რომ გერმანია მტკიცედ დგას იმ ჟურნალისტების გვერდით, რომლებიც ფაქტების გულისთვის საკუთარ უსაფრთხოებას რისკავენ:

„მამაცი ხმების გარეშე სიმართლე სინათლეს ვერ ხედავს. დღეს პრესის თავისუფლების მსოფლიო დღე აღინიშნება. დღე, რომელიც გვახსენებს, რომ პრესის თავისუფლება არა პრივილეგია, არამედ ყველა დემოკრატიის ფუნდამენტია. განსაკუთრებით, რთულ პერიოდებშია დამოუკიდებელი მედიის არსებობა აუცილებელი. იგი ხედავს, იმას რასაც სხვები არ ამჩნევენ, ამხელს კორუფციას და ხალხს გამოხატვის შესაძლებლობას აძლევს. გერმანია მტკიცედ დგას იმ ჟურნალისტების გვერდით, რომლებიც ფაქტების გულისთვის საკუთარ უსაფრთხოებას რისკავენ".

გერმანიის საელჩოს განცხადებაში ასევე მითითებულია ლინკი ონლაინ მედიის ქსელის, „სინათლის“ მუშაობის შესახებ.

საქართველო პრესის თავისუფლების ინდექსში ერთ წელიწადში 114-დან 135-მდე ჩამოქვეითდა. ახალი რეიტინგით, ქვეყანა ჩამორჩება ისეთ სახელმწიფოებს, როგორებიცაა ზიმბაბვე, სომალი, უგანდა, მალი, ნიგერია, ჩადი და პაპუა-ახალი გვინეა.

135-ე ადგილი ამ რეიტინგში მიუთითებს, რომ საქართველოში პრესის თავისუფლების მდგომარეობა „რთულად“ არის შეფასებული.

საია სოლიდარობას უცხადებს თავისუფალ მედიას! - საქართველოში პრესის თავისუფლება უაღრესად დიდი რისკის ქვეშ დგას - ჟურნალისტებისთვის საქართველო არ წარმოადგენს უსაფრთხო ადგილს პროფესიული მოვალეობის შესრულებისთვის, - ამის შესახებ "საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის" მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული.

მათივე განცხადებით, საქართველოში ხშირია ჟურნალისტების მიმართ მტრული რიტორიკა, თავდასხმები და საქმიანობაში ხელის შეშლა, რომელსაც არანაირი სამართლებრივი რეაგირება არ აქვს.

„3 მაისს მსოფლიო თავისუფალი პრესის დღეს აღნიშნავს. საია სოლიდარობას უცხადებს თავისუფალ მედიას!

საქართველოში პრესის თავისუფლება უაღრესად დიდი რისკის ქვეშ დგას. მედია ფუნქციონირებს ავტორიტარიზმის კონსოლიდაციის რეალობაში, რომელიც ხასიათდება სამოქალაქო სივრცის სისტემური შევიწროებით, მედიის საქმიანობის შემზღუდავი საკანონმდებლო გარემოს დამკვიდრებითა და ჟურნალისტებისთვის მტრული პირობების ფორმირებით.

ჟურნალისტი ქალი, „აზრის თავისუფლებისთვის“ სახაროვის პრემიის ლაურეატი, მზია ამაღლობელი, პოლიტიკური პატიმარია. საია მზია ამაღლობელის ინტერესებს ახლა ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში იცავს. გაგზავნილია მისი 3 საჩივარი: აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობის განსაზღვრის თაობაზე; ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის თაობაზე; არასათანადო მოპყრობის თაობაზე; მზადებაშია მე-4, პოლიტიკურად მოტივირებულ სისხლის სამართლის საქმესთან დაკავშირებული საჩივარი.

ჟურნალისტებისთვის საქართველო არ წარმოადგენს უსაფრთხო ადგილს პროფესიული მოვალეობის შესრულებისთვის - დღემდე არავინ დასჯილა 2024 წლის ნოემბერ-დეკემბერში საპროტესტო აქციების დროს ჟურნალისტების მიმართ განხორციელებული მასობრივი ძალადობისთვის. ხშირია მათ მიმართ მტრული რიტორიკა, თავდასხმები და საქმიანობაში ხელის შეშლა, რომელსაც არანაირი სამართლებრივი რეაგირება არ აქვს, რაც კიდევ უფრო აძლიერებს დაუსჯელობის განცდას“, - ნათქვამია განცხადებაში.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კობახიძე ერევანში ევროპული პოლიტიკური გაერთიანების (EPC) მე-8 სამიტში მონაწილეობისთვის ჩავიდა
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
რეჟიმის მიერ წნეხში მოქცეული ქართული მედია - როგორ ხვდება ოცნების პირობებში პრესის თავისუფლების დღეს საქართველო
პაპი ლეონ XIV-ე- სამწუხაროდ, ჟურნალისტების უფლება ხშირად ირღვევა, ზოგჯერ აშკარა გზებით, ზოგჯერ უფრო ფარული ფორმით
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics