16:05 - 26 Mar, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-03-26 13:32:32, 292 ნახვა

სამართალი
საჯაროობის შეზღუდვა არის უკიდურესი ღონისძიება - საიას შეფასება ე.წ. საბოტაჟის საქმეზე

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია განცხადებას ავრცელებს, სადაც კრიტიკულად აფასებს ე.წ საბოტაჟის საქმეზე მიმდინარე სხდომების სრულად დახურვას და საიასთვის დაკვირვების შეზღუდვას.

შეფასებაში ორგანიზაცია განიხილავს გარემოებებს, თუ რატომ იწვევს ეს საქმე საზოგადოების განსაკუთრებულ ინტერესს და რატომ არ უნდა იყოს სრულად დახურული.

შეჯამებაში საია ასკვნის, რომ სხდომების დახურვა აჩენს ეჭვს, იმასთან დაკავშირებით, რომ მოსამართლე, თამარ მახარობლიძემ თავიდან აირიდა დისკომფორტი, რაც შეიძლება უკავშირდებოდეს სხდომაზე გაჟღერებულ საქმის ფაქტობრივ გარემოებებს, ან მის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებზე საზოგადოებრივი აზრის ფორმირებას.

"2026 წლის 25 მარტს საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე თამარ მახარობლიძეს, მის წარმოებაში არსებულ მიხეილ სააკაშვილის, გიორგი ვაშაძის, ზურაბ გირჩი ჯაფარიძის, ნიკა გვარამიას, ნიკანორ მელიას, მამუკა ხაზარაძის, ბადრი ჯაფარიძის და ელენე ხოშტარიას მიმართ მიმდინარე სისხლის სამართლის საქმის სასამართლო სხდომებზე საიას წარმომადგენლის დასწრების თხოვნით.

როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, 2026 წლის 23 თებერვალს არსებითი განხილვის პირველივე სხდომაზე თამარ მახარობლიძემ, წესრიგის დაცვის მოტივით, აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეზე მიმდინარე სასამართლო სხდომები სრულად დახურა. ადგილზე თხოვნის მიუხედავად, სასამართლო პროცესების მონიტორინგის განმახორციელებელი ორგანიზაციებისა და მედიის წარმომადგენლებს არ მიეცათ დასწრების შესაძლებლობა.

25 მარტს სასამართლოსთვის გაგზავნილ წერილობით განცხადებაში საია მიუთითებდა, რომ ორგანიზაცია სასამართლოს მონიტორინგს 2011 წლიდან ახორციელებს (ამას აკეთებდა, მათ შორის, კოვიდ პანდემიის დროსაც კი, როდესაც სხდომაზე დამსწრეთა რაოდენობა შეზღუდული იყო).

ამ დროისთვის ორგანიზაციას სისხლის სამართლის პროცესების მონიტორინგის 18 ანგარიში აქვს მომზადებული, ასევე, გამოქვეყნებული აქვს 3 სპეციალური ანგარიში, მათ შორის, 2025 წელს პოლიტიკურ პატიმრებთან დაკავშირებით. სისხლის სამართლის პროცესებს საია სპეციალურად მომზადებული მეთოდოლოგიით აკვირდება. მონიტორინგი, ძირითადად, მიმდინარეობს უშუალოდ სასამართლო სხდომების დარბაზში დასწრებით. განცხადებაში, ასევე, ხაზგასმით იყო მითითებული, რომ, საიას წარმომადგენელს არასდროს დაურღვევია სხდომის მიმდინარეობისას წესრიგი.

მოსამართლე თამარ მახარობლიძემ მიმდინარე სასამართლო სხდომაზე არც კი გააჟღერა განსახილველ საქმესთან დაკავშირებული საიას განცხადება. უფლებადაცვითი ორგანიზაციის წარმომადგენლის განცხადების განუხილველად დატოვება და მისი არსებობის შესახებ მხარეთათვის ინფორმაციის მიუწოდებლობა, საიას შეფასებით, არღვევს მხარეთა ინფორმირებულობის პრინციპს.

საიას განცხადება მიმართული იყო სასამართლო განხილვის საჯაროობის, თუნდაც ნაწილობრივ უზრუნველყოფისკენ, შესაბამისად, გავლენას ახდენდა საქმის განხილვის ფორმაზე. აქედან გამომდინარე, მისი შინაარსი უნდა გაჟღერებულიყო სხდომის მიმდინარეობისას, მით უფრო, იმ პირობებში, როდესაც დაცვის მხარემ იმავე სხდომაზე დააყენა შუამდგომლობა სხდომის საჯაროობის საკითხთან დაკავშირებით.

შუამდგომლობის განხილვის ეტაპზე სასამართლოს ევალებოდა მხარეთათვის მიეწოდებინა ინფორმაცია აღნიშნული განცხადების შესახებ, რათა მათ ჰქონოდათ შესაძლებლობა, წარედგინათ საკუთარი პოზიცია. აღნიშნული ვალდებულების უგულებელყოფით მხარეებს შეეზღუდათ როგორც საქმის მასალებზე სრულყოფილი წვდომა, ისე პროცესში ეფექტიანი მონაწილეობის შესაძლებლობა.

აქვე აღვნიშნავთ, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოში წარსულში არაერთხელ დაფიქსირდა შემთხვევა, როდესაც, მიუხედავად იმისა, რომ სხდომა წესრიგის უზრუნველყოფის საფუძვლით დაიხურა, დასწრების შესაძლებლობა მაინც მიეცათ სასამართლო მონიტორინგის განმახორციელებელი ორგანიზაციების ან /და მედიის წარმომადგენლებს.

ხსენებულ სისხლის სამართლის საქმეში ბრალდებული პირები არიან ოპოზიციური პარტიების ლიდერები. ბუნებრივია, მათი საქმეების მიმართ მაღალია საზოგადოების ინტერესი. აღნიშნული ინტერესი შესაძლოა რამდენიმე არსებითი გარემოებით იყოს განპირობებული. პირველ რიგში, მათ მომხრეებს, მხარდამჭერ პირებს, აქვთ უფლება საჯარო სხდომაზე მიიღონ ინფორმაცია იმ ფაქტობრივი გარემოებების შესახებ, რომელთა საფუძველზეც ხსენებულ პირებს წარედგინათ ბრალდება.

ამავდროულად, მსგავსი ტიპის საქმეები ხშირად განიხილება, არა მხოლოდ, ინდივიდუალური სისხლის სამართლის საქმეების ჭრილში, არამედ პროცესებად, რომლებსაც შეუძლიათ გავლენა მოახდინონ პოლიტიკურ გარემოზე, დემოკრატიული ინსტიტუტების განვითარებასა და საარჩევნო პროცესებზე. შესაბამისად, პროცესის საჯაროობა არის ის მინიმალური გარანტია, რომელიც მნიშვნელოვანია დემოკრატიული და სამართლებრივი სახელმწიფოს საზოგადოების თითოეული წევრისთვის, პოლიტიკური შეხედულებების მიუხედავად.

ამასთან საყურადღებოა, რომ მიმდინარე სისხლის სამართლის საქმეზე ბრალი წარდგენილი აქვთ ძირითადად იმავე პირებს, რომლებსაც ადრე ბრალი ჰქონდათ წარდგენილი საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობისთვის, ხოლო, სასჯელის მოხდის შემდეგ მათ მიმართ კვლავ დაიწყო ახალ საქმეზე სისხლისსამართლებრივი დევნა. ეს ტენდენცია შესაძლოა მიუთითებდეს პოლიტიკურად აქტიური პირების მიმართ მიზანმიმართული ბრალდებების პრაქტიკაზე, რაც კიდევ უფრო ზრდის აღნიშნული საქმის მიმართ საჯარო ინტერესს.

მართალია, მოსამართლე უფლებამოსილია, წესრიგის დაცვის მიზნით, საკუთარი ინიციატივით ნაწილობრივ ან სრულად დახუროს სასამართლო სხდომა, თუმცა ამ უფლებამოსილების განხორციელებისას აუცილებელია საჯაროობის პრინციპთან მიმართებით თანაზომიერი ბალანსის დაცვა. მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ კანონმდებლობა მოსამართლეს ანიჭებს კონკრეტული და ეფექტიანი ინდივიდუალური მექანიზმების გამოყენების შესაძლებლობას სხდომაზე წესრიგის უზრუნველსაყოფად, მათ შორის, წესრიგის დამრღვევ პირთა მიმართ გაფრთხილების, დარბაზიდან გაძევების თვალსაზრისით. შესაბამისად, ცალკეული პირების მხრიდან წესრიგის დარღვევა ვერ იქნება საკმარისი საფუძველი სასამართლო სხდომის სრულად ან ნაწილობრივ დახურვისთვის, განსაკუთრებით მაშინ, როცა განსახილველი საქმის მიმართ მაღალია საზოგადოების ინტერესი.

საჯაროობის შეზღუდვა არის უკიდურესი ღონისძიება, რომელიც უნდა გამოიყენებოდეს მხოლოდ მაშინ, როდესაც ნაკლებად შემზღუდავი საშუალებები ამოწურულია და ვერ უზრუნველყოფს სასამართლო პროცესის ნორმალურ მიმდინარეობას. წინააღმდეგ შემთხვევაში, არსებობს რეალური რისკი, რომ სხდომის დახურვა აღქმული იქნას როგორც გაუმჭვირვალობის ზრდა და საზოგადოების ინფორმირების უფლების შეზღუდვა, რაც კიდევ უფრო ამცირებს მართლმსაჯულების სისტემის მიმართ ისედაც შელახულ ნდობას.

როდესაც სასამართლო მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის მქონე საქმეებზე სხდომებს სრულად ხურავს და, ერთი შეხედვით ნეიტრალური მიდგომით, ყველასთვის ზღუდავს მათზე დასწრებას, ფაქტობრივად, მომეტებულად ზიანდება სწორედ უფლებადაცვითი ორგანიზაციების საქმიანობა, რომლებიც ახორციელებენ პროცესების მონიტორინგს. შედეგად, კიდევ უფრო სუსტდება ის მნიშვნელოვანი გარანტიები, რომლებიც ობიექტურად ხელს უწყობს უფლებადარღვევების დოკუმენტირებასა და, შედეგად, ანგარიშვალდებულებას.

აქვე საყურადღებოა, რომ მოსამართლის პროფესიონალიზმის შეფასების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კრიტერიუმია მისი უნარი, ეფექტიანად მართოს სასამართლო სხდომა ისე, რომ ერთდროულად დაცული იყოს როგორც წესრიგი, ისე საჯაროობის ფუნდამენტური პრინციპი.

მოსამართლემ გარდა იმისა, რომ არ გამოიყენა ინდივიდუალური ღონიძიებები, იმდენად უგულვებელყო საჯაროობის პრინციპი, რომ პროცესებზე მრავალწლიანი დაკვირვების გამოცდილების მქონე ორგანიზაციის განცხადებაც კი არ განიხილა. მოსამართლე თამარ მახარობლიძის მიერ სასამართლო სხდომის სრულად დახურვა ვერ შეფასდება საჯაროობის პრინციპის შეზღუდვის თანაზომიერ საშუალებად (არ გააჩნია ლეგიტიმური მიზანი, ხოლო, ჩარევის ინტენსივობა იმდენად მაღალია, რომ ვერ აკმაყოფილებს აუცილებლობისა და პროპორციულობის კრიტერიუმს)." - წერია საიას განცხადებაში. 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
საჯაროობის შეზღუდვა არის უკიდურესი ღონისძიება - საიას შეფასება ე.წ. საბოტაჟის საქმეზე
რეჟიმის წარმომადგენელი მახაშვილი - ხოშტარიასგან ვერც შუშანიკს გამოძერწავენ და ვერც თინათინს რამდენი შვილიც არ უნდა ჰყავდეს
რუმინეთში რუსული დრონი ჩამოვარდა
თურქეთის სანაპიროსთან რუსული ნავთობის გადამზიდავ ტანკერს დრონი თავს დაესხა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics