|
2026-03-25 13:24:42, 318 ნახვა
ეკონომიკა
ეროვნულმა ბანკმა მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი უცვლელად, 8%-ზე შეინარჩუნა
საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა 2026 წლის 25 მარტის სხდომაზე მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი (რეფინანსირების განაკვეთი) უცვლელად შეინარჩუნა. მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი 8.0 პროცენტს შეადგენს. „ახლო აღმოსავლეთში გამწვავებული გეოპოლიტიკური ვითარებისა და ჰორმუზის სრუტის გავლით ტრანსპორტირების მნიშვნელოვანი შეფერხებების შედეგად, ტრადიციული მიწოდების ჯაჭვები დროებით დაირღვა. აღნიშნულმა პროცესებმა, ერთი მხრივ, საერთაშორისო ბაზრებზე უკვე მნიშვნელოვნად გაზარდა ენერგომატარებლებისა და ტრანსპორტირების ფასები. მეორე მხრივ, ამ ტენდენციის ხანგრძლივად შენარჩუნების შემთხვევაში, იზრდება რისკი, რომ გლობალურად ინფლაციური პროცესები უფრო ყოვლისმომცველი გახდეს. საყურადღებოა, რომ გეოპოლიტიკური ვითარების გამწვავებამდე ინფლაციის დინამიკა საქართველოს ეროვნული ბანკის ცენტრალურ სცენარს შეესაბამებოდა, რომლის მიხედვითაც, 2026 წლის მეორე კვარტლიდან, დროებითი ფაქტორების ზემოქმედების მილევის ფონზე, ინფლაცია მიზნობრივ 3 პროცენტიან მაჩვენებელს უნდა დაახლოებოდა. 2026 წლის თებერვალში, მოლოდინების შესაბამისად, მთლიანმა ინფლაციამ 4.6 პროცენტი შეადგინა. მნიშვნელოვანია, რომ სურსათის ფასების წვლილმა ინფლაციაში კლება დაიწყო, ხოლო ხისტი ფასების ინდიკატორები და ინფლაციური მოლოდინების საზომები კვლავ მიზნობრივ მაჩვენებელთან ახლოს იყო. თუმცა, მიმდინარე გეოპოლიტიკური პროცესების ფონზე გაზრდილი ნავთობის ფასები, საქართველოს ბაზარს ნაწილობრივ უკვე გადმოეცა, რაც მარტში მთლიან ინფლაციაზე ზრდის მიმართულებით იმოქმედებს. შესაბამისად, ეროვნული ბანკის განახლებული შეფასებით, მოკლევადიან პერიოდში ინფლაცია ცენტრალურ სცენართან შედარებით უფრო მაღალი იქნება. საშუალოვადიან პერიოდში კი ინფლაციის მოსალოდნელ ტრაექტორიას უმთავრესად განსაზღვრავს გლობალური ინფლაციური პროცესების სიმწვავე და ხანგრძლივობა, რის გარშემოც მაღალი გაურკვევლობა ნარჩუნდება. მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის შეფასებით, მიმდინარე მდგომარეობა ბოლო გამოქვეყნებული ცენტრალური სცენარიდან მაღალინფლაციური სცენარისკენ გადაიხარა, რომელიც ერთ-ერთ რისკად სწორედ გამწვავებული გეოპოლიტიკური ვითარების ფონზე გაზრდილ ნავთობის ფასებს მოიაზრებდა. საყურადღებოა, რომ გეოპოლიტიკური მდგომარეობიდან მომდინარე ინფლაციური ზეწოლის საქართველოს ეკონომიკაზე გადმოცემის სიმწვავე და ხანგრძლივობა მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული პროცესების შემდგომ განვითარებაზე. ასევე აღსანიშნავია, რომ მიუხედავად ამ ტენდენციებისა, საქართველოს სუვერენული რისკის პრემიის მაჩვენებელი სტაბილურად დაბალ დონეზე ნარჩუნდება. აღნიშნული კი საგარეო შოკის სიმწვავეს გარკვეულწილად ანეიტრალებს. მიმდინარე სხდომაზე მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა დამატებით იმსჯელა არსებული ვითარებისთვის რელევანტურ მაღალინფლაციურ და დაბალინფლაციურ რისკებზე. კერძოდ, ენერგომატარებლების მაღალი ფასების ხანგრძლივად შენარჩუნება გლობალურ დონეზე გაზრდის ტრანსპორტირებისა და წარმოების ხარჯებს, რაც დამატებითი მიწოდების შოკს გამოიწვევს. ერთმანეთის მიყოლებით წარმოქმნილი შოკების პირობებში, ასევე იზრდება მეორე რაუნდის ეფექტების გამწვავების რისკი. ამ პროცესებზე საპასუხოდ, განვითარებული ქვეყნების ცენტრალურ ბანკებს შესაძლოა მონეტარული პოლიტიკის გამკაცრებაც კი მოუწიოთ, რაც, თავის მხრივ, განვითარებადი ეკონომიკებიდან კაპიტალის გადინების რისკს შექმნის. აღნიშნული ფაქტორების გათვალისწინებით, საქართველოში იმპორტირებული ინფლაციის ზრდის რისკები გაძლიერდება. აღნიშნული რისკების რეალიზების შემთხვევაში, ფუნდამენტური პროცესები მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის უფრო მაღალ ტრაექტორიას მოითხოვს. მეორე მხრივ, იკვეთება დაბალინფლაციური რისკების რეალიზების ნიშნებიც. კერძოდ, გეოპოლიტიკური ფაქტორებიდან მომდინარე ინფლაციური წნეხი შესაძლოა დროებითი აღმოჩნდეს. ჰორმუზის სრუტეში არსებული შეფერხებების შედარებით სწრაფი აღმოფხვრისა ან ნავთობის სხვა მწარმოებელი ქვეყნების მხრიდან მიწოდების ზრდის შემთხვევაში, ენერგომატარებლების ფასები შესაძლოა, პიკურ ფასთან შედარებით სწრაფად შემცირდეს. ამასთან, საქართველოს სუვერენული რისკის პრემიის დაბალ დონეზე ხანგრძლივად შენარჩუნების შემთხვევაში, შესაძლოა საგარეო ბალანსი უფრო მეტად გაუმჯობესდეს, რაც ინფლაციაზე შემცირების მიმართულებით იმოქმედებს. დაბალინფლაციური რისკების რეალიზაცია მონეტარული პოლიტიკის პოზიციის შერბილების შესაძლებლობას მოიაზრებს. მიმდინარე მაკროეკონომიკური ანალიზისა და არსებული რისკების განხილვის შედეგად, მპკ-მ ოპტიმალურად მიიჩნია ამ ეტაპზე მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის, უცვლელად, 8 პროცენტზე დატოვება. მაღალი გაურკვევლობის პირობებში, სებ განაგრძობს აქტიურად დაკვირვებას მიმდინარე მოვლენებსა და მათი ადგილობრივ ბაზარზე გადმოცემის ინტენსივობაზე. იმ შემთხვევაში, თუ გეოპოლიტიკური ვითარების შედეგად გამოწვეული ინფლაციური შოკები ხანგრძლივი იქნება და/ან მათი მასშტაბი ე.წ „მეორე რაუნდის“ ეფექტების რისკებს გააძლიერებს, მპკ გამოთქვამს მზაობას, არსებული მკაცრი პოზიცია მოსალოდნელზე ხანგრძლივად შეინარჩუნოს და საჭიროების შემთხვევაში დამატებით გაამკაცროს“, - აღნიშნულია მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის გადაწყვეტილებაში. მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის შემდეგი სხდომა 2026 წლის 6 მაისს გაიმართება.
სამხარაძე: აშშ-ში შეხვედრებისას გამოვხატავდი, რომ არ ვართ კმაყოფილები ურთიერთობების დონით
გორის მუნიციპალიტეტში ავარიას 22 წლის ბიჭი ემსხვერპლა, დაშავებულია 1 პირი
ირანი იმუქრება, რომ აშშ-ის სახმელეთო ოპერაციის შემთხვევაში წითელ ზღვაზე წვდომას დაბლოკავს
ზახაროვა კვლავ საქართველოსთან პოლიტიკური დიალოგის შესაძლებლობებზე საუბრობს
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილთან ერთად ვინ აფინანსებს ტელეიმედს და ვის ემუქრება მეორადი სანქციები
რეჟიმის წარმომადგენლები ხოშტარიას შვილებს ესხმიან თავს
ომი უკრაინაში
დღეს რუსეთმა 556 თავდასხმის დრონი გაუშვა
რუსებმა ლვოვში ბერნარდინის სამონასტრო კომპლექს, იუნესკოს მემკვიდრეობის ძეგლი დაბომბეს - ვიდეო
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პაპუაშვილი ილია II-ის გარდაცვალების თემასაც საერთაშორისო პარტნიორებზე თავდასხმისთვის იყენებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)