|
2026-03-20 19:32:00, 378 ნახვა
საზოგადოება
სერბეთის პატრიარქი პორფირე - ილია მეორის ღვაწლმა წარუშლელი კვალი დატოვა მრევლზე, შემდგომ კი მთელ მსოფლიოს მოეფინა
პეჩის მთავარეპისკოპოსმა, ბელგრად-კარლოვცის მიტროპოლიტიმა, სერბეთის პატრიარქმა პორფირემ საქართველოს ეკლესიის წმინდა სინოდს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის გარდაცვალების გამო სამძიმრის წერილი გამოუგზავნა. წერილს საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს. როგორც წერილში აღნიშნულია, კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის ქრისტესმიერი პიროვნებიდან გამოსჭვიოდა ჭეშმარიტი მოციქულის, საეკლესიო წესრიგისა და ტრადიციის დამცველის ხატება. „საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდს, თქვენო მაღალყოვლადუსამღვდელოესობანო, ქრისტესმიერ საყვარელო ძმანო და თანამწირველნო, ვიმყოფებით რა დიდმარხვის შუაგულში, მოგვეახლა მწუხარე უწყება ჩვენი ქრისტესმიერი საყვარელი ძმის, მისი უწმინდესობისა და უნეტარესობის, პატრიარქ ილიას აღსრულების შესახებ. პატრიარქისა, რომელიც იყო ქართველი ერის ნეტარსახსენებელი, დაუვიწყარი მამა და მწყემსმთავარი. თუმცა არ ვწუხვართ, როგორც ისინი, რომელთაც არ გააჩნიათ სასოება (1 თეს. 4:13), არამედ ქრისტეს აღდგომისა და მარადიული სიცოცხლის მტკიცე რწმენით, სერბეთის მართლმადიდებელი ეკლესიის სისავსისა და პირადად ჩვენი სახელით, გულწრფელ სამძიმარს ვუცხადებთ და ეკლესიის — საქართველოს ეკლესიის მღვდელმთავართა კრებულს, სამღვდელოებას, ბერმონაზვნებსა და მორწმუნე საზოგადოებას მისი დიდებული პირველიერარქის გარდაცვალების გამო. როგორც „ხე, დანერგილი წყლის ნაკადულებთან“ (ფსალმ. 1:3), ჩვენმა ნეტარმა ძმამ, ილიამ თავის დროზე გამოიღო უხვი ნაყოფი, ხოლო მისმა ღვაწლმა და შრომამ წარუშლელი სულიერი კვალი დატოვა ჯერ მასზე მინდობილ სამღვდელოებასა და მრევლზე, ხოლო შემდგომ მთელ მსოფლიოს მოეფინა. მისი ქრისტესმიერი პიროვნებიდან გამოსჭვიოდა ჭეშმარიტი მოციქულის, საეკლესიო წესრიგისა და ტრადიციის დამცველის ხატება; ასევე იგია მისი თანამემამულეებისთვის ზნეობრივი სვეტი, რომელმაც რთულ ისტორიულ ვითარებაში ხელი შეუწყო სულიერ განახლებას, საეკლესიო ცხოვრების განმტკიცებასა და მართლმადიდებელი ქართველი ერის იდენტობისა და ტრადიციული ღირებულებების შენარჩუნებას. ამას, სხვათა შორის, მოწმობს მისი უნიკალური მწყემსმთავრული მსახურება, როგორც ათიათასობით ბავშვის ნათლიისა, რამაც ძლიერი ბიძგი მისცა მისი სამწყსოს სახარებისეულ ცხოვრებას და იგი ყველა ქრისტიანისთვის „მთაზე მდგარ ქალაქად“ (მათ. 5:14) და მისაბაძ მაგალითად აქცია. დაე, უფალმა ჩვენმა იესო ქრისტემ, აღდგომამ და სიცოცხლემ, დაასვენოს მისი ახალშესვენებული მსახურის, პატრიარქ ილიას სული მართალთა სავანეში, სადაც არ არის ჭირი, მწუხარება და სულთქმა, არამედ სიცოცხლე დაუსრულებელი. საუკუნო და ნეტარი იყოს ხსენება შენი, ჩვენო უნეტარესო ძმაო ილია“, – ნათქვამია სამძიმრის წერილში. სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II 2026 წლის 17 მარტს, 93 წლის ასაკში გარდაიცვალა. ის საქართველოს მართლმადიდებლურ ეკლესიას 1977 წლიდან, თითქმის ნახევარი საუკუნის განმავლობაში, მეთაურობდა. ბოლო წლებში მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდა. პატრიარქი საავადმყოფოში მოთავსებიდან მეორე დღეს, 17 მარტს თბილისის კავკასიის სამედიცინო ცენტრში გარდაიცვალა. საქართველოში გლოვა გამოცხადდა, რომელიც დაკრძალვის დღემდე გაგრძელდება. ილია II-ს 22 მარტს, თბილისის სიონის საკათედრო ტაძარში დაკრძალავენ.
კრემლმა აშშ-ს შესთავაზა ირანისთვის დაზვერვის გადაცემის შეჩერება უკრაინასთან დაკავშირებით მსგავსი ქმედების სანაცვლოდ
საპატრიარქო - სამების ტაძარი მოსაწესრიგებლად ამაღამ, 02:00 საათიდან 03:00 საათამდე დაიხურება
შსს 21 მარტს თბილისში ტრანსპორტის გადაადგილების შეზღუდვაზე ინფორმაციას ავრცელებს და მოქალაქეებს მოუწოდებს, თავი შეიკავონ ავტომობილებით მოძრაობისგან
ჩუბინიძე პატრიარქის დაკრძავლის დღეზე - შევეცდებით, მოსახლეობას ავუხსნათ, რომ მეტი ადგილი არ არის
|
რედაქტორის რჩევით
93 წლიანი გზა, ილია მეორეს ბიოგრაფია
რა განცხადებები გაკეთდა ევროპარლამენტში დეპუტატების მხრიდან საქართველოზე
ომი უკრაინაში
ევროკავშირმა უნგრეთის ვეტო დაძლია და უკრაინისთვის 90 მილიარდი ევროს ოდენობის სესხი დაამტკიცა
ზელენსკიმ განაცხადა, რომ თავდაცვის ძალებმა რუსეთის ფართომასშტაბიანი შეტევა აღკვეთეს
ვიდეო/LIVE საქართველოს დამოუკიდებლობის დღე
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)