|
2026-03-20 19:04:59, 417 ნახვა
საზოგადოება
პაპი ლეო XIV - თავისი ხანგრძლივი ცხოვრების მანძილზე, პატრიარქი ილია II გახლდათ ღვთისმოსავი მოწმე მკვდრეთით აღმდგარი უფლის რწმენისა
გულისტკივილით შევიტყვე ცნობა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის გარდაცვალების შესახებ, გამოვთქვამ ჩემს გულწრფელ სამძიმარს, – ამის შესახებ ნათქვამია რომის პაპის, ლეო XIV-ის სამძიმრის წერილში, რომელსაც კათოლიკე ეკლესიის საინფორმაციო სააგენტო ავრცელებს. როგორც რომის პაპი წერილში აღნიშნავს, ილია მეორე თავისი მსახურებით გვერდში ედგა ქართველ ხალხს ძნელბედობისა და ძირეული ეპოქალური ცვლილებების პერიოდში. "დიდი გულისტკივილით შევიტყვე ცნობა მისი უწმიდესობის და უნეტარესობის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის გარდაცვალების შესახებ. გამოვთქვამ ჩემს გულწრფელ სამძიმარს და ვუდასტურებ თქვენს მაღალ ყოვლადუსამღვდელოესობას ჩემს ძმურ თანადგომას. თქვენი ერისათვის ამ მწუხარე ჟამს, გიერთდებით ლოცვაში და თქვენთან ერთად მადლიერებით ვიხსენებ მწყემსსა და მამას, რომელიც მრავალი წლის მანძილზე წინ მიგიძღოდათ სიკეთით, სიბრძნით და სახარებისეული ძლიერებით. თავისი ხანგრძლივი ცხოვრების მანძილზე, პატრიარქი ილია II გახლდათ ღვთისმოსავი მოწმე მკვდრეთით აღმდგარი უფლის რწმენისა. იგი თავისი მსახურებით გვერდში ედგა ქართველ ხალხს ძნელბედობისა და ძირეული ეპოქალური ცვლილებების პერიოდში, სიყვარულით მფარველობდა ტრადიციებსა და იმედით აღავსებდა ადამიანთა გულებს და მთელ საზოგადოებას. მსურს განსაკუთრებით აღვნიშნო მისი სიყვარული მუსიკისადმი, რომელიც წარმოგვიჩენს უფლისეულ მშვენიერებას და რომელსაც ძალუძს გააერთიანოს ხალხები, დააახლოვოს ეკლესიები, მიუხედავად მათი კულტურული და თეოლოგიური განსხვავებებისა. უამრავი ადამიანისთვის პატრიარქი ილია II იყო ხმა შერიგებისა, დაუღალავი შემოქმედი ერთობისა. იგი გულთბილი და ძმური სულისკვეთებით შეხვდა ჩემს ორ წინამორბედს - წმიდა იოანე პავლე მეორეს და პაპ ფრანცისკეს. და ახლა, როცა უფალს ანდობთ ამ ერთგულ მსახურს, კვლავაც ჩაგვესმის პავლე მოციქულის სიტყვები, დასტურად იმისა, რომ იესოს აღდგომა ჩვენი რწმენის საფუძველი და იმედის წყაროა, რადგან, თუ იესო არ აღმდგარა, ჩვენი რწმენაც ფუჭი ყოფილა (შდრ, 1 კორ 15:14). ამიტომაც, მწყემსის სიკვდილმა გულები სასოწარკვეთით კი არა, იმის რწმენით უნდა აგვივსოს, რომ სიცოცხლე არ ჰქრება, არამედ გარდაიქმნება. ამ გრძნობებით აღსავსე, ჩემს ძმურ სიახლოვეს ვუდასტურებ თქვენს მაღალ ყოვლადუსამღვდელოესობას, რომელსაც თანამოსაყდრეობის მძიმე ტვირთი აკისრია. დაე, უფალმა მოგმადლოთ სინათლე, სიბრძნე და ძალა, რათა თქვენც იმგვარივე მწყემსისეული სიყვარულით წარუძღვეთ საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას, როგორითაც გარდაცვლილი პატრიარქი მიუძღოდა. შევთხოვ ყოვლადწმიდა ღვთისმშობელს, ნუგეშისა და სიყვარულის მოსასხამით დაიფაროს თქვენი მაღალი ყოვლადუსამღვდელოესობა, წმიდა სინოდი და მთელი ქართველი ერი". ვატიკანიდან, 18 მარტი 2026 პაპი ლეონ XIV სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II 2026 წლის 17 მარტს, 93 წლის ასაკში გარდაიცვალა. ის საქართველოს მართლმადიდებლურ ეკლესიას 1977 წლიდან, თითქმის ნახევარი საუკუნის განმავლობაში, მეთაურობდა. ბოლო წლებში მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდა. პატრიარქი საავადმყოფოში მოთავსებიდან მეორე დღეს, 17 მარტს თბილისის კავკასიის სამედიცინო ცენტრში გარდაიცვალა. საქართველოში გლოვა გამოცხადდა, რომელიც დაკრძალვის დღემდე გაგრძელდება. ილია II-ს 22 მარტს, თბილისის სიონის საკათედრო ტაძარში დაკრძალავენ.
Axios: ტრამპი ირანის ნავთობმომარაგების მთავარი ცენტრის ხელში ჩაგდებას განიხილავს
კრემლმა აშშ-ს შესთავაზა ირანისთვის დაზვერვის გადაცემის შეჩერება უკრაინასთან დაკავშირებით მსგავსი ქმედების სანაცვლოდ
საპატრიარქო - სამების ტაძარი მოსაწესრიგებლად ამაღამ, 02:00 საათიდან 03:00 საათამდე დაიხურება
შსს 21 მარტს თბილისში ტრანსპორტის გადაადგილების შეზღუდვაზე ინფორმაციას ავრცელებს და მოქალაქეებს მოუწოდებს, თავი შეიკავონ ავტომობილებით მოძრაობისგან
|
რედაქტორის რჩევით
93 წლიანი გზა, ილია მეორეს ბიოგრაფია
რა განცხადებები გაკეთდა ევროპარლამენტში დეპუტატების მხრიდან საქართველოზე
ომი უკრაინაში
ევროკავშირმა უნგრეთის ვეტო დაძლია და უკრაინისთვის 90 მილიარდი ევროს ოდენობის სესხი დაამტკიცა
ზელენსკიმ განაცხადა, რომ თავდაცვის ძალებმა რუსეთის ფართომასშტაბიანი შეტევა აღკვეთეს
ვიდეო/LIVE საქართველოს დამოუკიდებლობის დღე
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)