2025-04-12 09:12:14, 650 ნახვა
პოლიტიკა
37 წევრი ქვეყანა „ეუთოს“ საქართველოში ადამიანის უფლებების გაუარესებულ ვითარებაზე მიმართავს
![]() ეუთოს წევრმა 37 ქვეყანამ საქართველოში ადამიანის უფლებების გაუარესებულ ვითარებაზე ერთობლივი განცხადებით მიმართა, რომელიც ეუთოში გერმანიის ელჩმა, სუზან შუტცმა წარადგინა. განცხადება გაერთიანებული სამეფოს მთავრობის გვერდზე გამოქვეყნდა. შუტცი წერს, რომ წევრი ქვეყნები "საქართველოში ადამიანის უფლებების ვითარების გაუარესებაზე ღრმა შეშფოთებას კვლავ გამოხატავენ". მისივე თქმით, თებერვალში გამართული დისკუსიის შემდეგ იხილეს, "რომ საქართველოს ხელისუფლება თავის ადამიანის უფლებებისა და დემოკრატიის დაცვის ვალდებულებებს კიდევ უფრო ჩამოშორდა". "საქართველოს მხრიდან განმეორებითი განცხადებების მიუხედავად, რომ ისინი ერთგულები არიან დიალოგის და ეუთოს პრინციპებისა და ვალდებულებების, ჯერჯერობით ჩართულობისკენ გადადგმული ნებისმიერი კონკრეტული ან გულწრფელი ნაბიჯი არ გვიხილავს. ნაცვლად ამისა, საქართველოს ხელისუფლების ბოლოდროინდელმა ქმედებებმა საქართველო დემოკრატიას კიდევ უფრო დააშორა. საქართველოს ხელისუფლებას მოვუწოდებთ, რომ ყველა პოლიტიკურ პარტიასა და სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციასთან ინკლუზიური დიალოგი გახსნას, რათა მიმდინარე კრიზისს მშვიდობიანი და დემოკრატიული გამოსავალი მოუძებნოს". - წერია განცხადებაში. განცხადებაში აღნიშნულია, რომ 37 ქვეყნის შეშფოთებები ძირითადად სამმხრივია. "ჩვენი ძირითადი შეშფოთებები სამმხრივია: სამოქალაქო სივრცის საკანონმდებლო შეზღუდვა, დამოუკიდებელი მედიის მიზანში ამოღება, პოლიციის მხრიდან გადაჭარბებული ძალის გამოყენებისთვის, ასევე არაიდენტიფიცირებული ჯგუფების მხრიდან მშვიდობიანი მომიტინგეების წინააღმდეგ განურჩეველი ძალადობისთვისა და წინასწარი პატიმრობისთვის ზედმეტად ხანგრძლივი ვადებისთვისა და წინასწარ პატიმრობაში მყოფი ადამიანების მიმართ არასათანადო მოპყრობაზე ცნობებისთვის ანგარიშვალდებულების ნაკლებობა". - წერია განცხადებაში. 37 ქვეყანა წერს, რომ კვლავ ღრმად შეშფოთებულები არიან "პოლიციის მხრიდან ძალადობისთვის ანგარიშვალდებულების მუდმივი ნაკლებობით". განცხადებაში აღნიშნულია, რომ საქართველოს ხელისუფლების მხრიდან მშვიდობიანი მომიტინგეების წინააღმდეგ არაპროპორციული ძალის გამოყენების, უსამართლო დაკავებების, წინასწარი დაკავების ხანგრძლივ ვადებზე გადაჭარბებული დამოკიდებულებისა და დაკავებულების მიმართ არასათანადო მოპყრობის შესახებ ცნობების გამოძიების არანაირი მცდელობა არ უნახავთ. "საქართველოს ხელისუფლებას მოვუწოდებთ, რომ დაუყოვნებლივ გადადგას ნაბიჯები მათ დასაცავად, ვინც თავიანთ ფუნდამენტურ თავისუფლებებს იცავენ და 2024 წლის 28 ნოემბრიდან მშვიდობიანი პროტესტების დროს პოლიციის მხრიდან ძალის გამოყენების შესახებ გამოძიება ჩაატაროს, რათა პასუხი აგებინოს ადამიანის უფლებების დარღვევაზე პასუხისმგებელ პირებს. წინააღმდეგ შემთხვევაში, საქართველოს ინსტიტუტებისადმი საზოგადოებრივ ნდობას კიდევ უფრო გამოეთხრება ძირი". - წერია განცხადებაში. განცხადებაში წერია, რომ ეუთო იზიარებს ODIHR-ის შეშფოთებებს ე.წ. FARA-ს კანონის შესახებ, რომ "ამ კანონმა, სხვა ბოლოდროინდელ საკანონმდებლო ინიციატივებთან ერთად, შესაძლოა სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისა და ადამიანის უფლებების დამცველთა საქმიანობები კიდევ უფრო შეზღუდოს მათი საქმიანობისთვის საჭირო დაცვების მოშლით". განცხადებაში აღნიშნულია, რომ ე.წ. FARA-ს კანონი არა გამჭვირვალობას, "არამედ კრიტიკის ჩახშობასა და სამოქალაქო საზოგადოებაზე კონტროლის გამკაცრებას"ემსახურება. 37 ქვეყანა ხაზს უსვამს, რომ ეს განსაკუთრებით შემაშფოთებელია მომავალი ადგილობრივი არჩევნების ფონზე. "ამ კანონს აკლია სამართლებრივი გარანტიები, რომლებიც სამოქალაქო საზოგადოებას, მედიასა და კერძო პირებს მხოლოდ და მხოლოდ დაფინანსების წყაროს გამო უცხოური გავლენის ინსტრუმენტად დასახელებისგან დაიცავდა". - წერია განცხადებაში. 37 ქვეყანა განცხადებაში ასევე წერს, რომ საქართველოს საარჩევნო კანონმდებლობას ყურადღებით აკვირდებიან და აუცილებელია, რომ "საარჩევნო ჩარჩოს ნებისმიერმა ცვლილებამ გაზარდოს გამჭვირვალობა და საზოგადოებრივი ნდობა, რომ რეფორმები ინკლუზიური დიალოგის ფარგლებში და ეუთო-ს ვალდებულებების შესაბამისად ჩამოყალიბდეს". განცხადებაში გამოთქმულია შეშფოთება "საკანონმდებლო შესწორებების შესახებ, რომლებიც მშვიდობიანი შეკრების თავისუფლებას ძირს უთხრის, მათ შორის სისხლის სამართლისა და ადმინისტრაციული დანაშაულების კოდექსის შესახებ და შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ კანონებში შეტანილი შესწორებები". "შესწორებები ძირს უთხრის თანასწორი საარჩევნო უფლების პრინციპს და ზღუდავს შეკრების თავისუფლებას, როგორც ეს ODIHR-ისა და ვენეციის კომისიის ბოლოდროინდელ შესაბამის მოსაზრებებში არის აღნიშნული. საქართველოს ხელისუფლებას მოვუწოდებთ, რომ მათი რეკომენდაციები შეასრულონ". - წერია განცხადებაში. "ჩვენ მოვუწოდებთ ამ პრაქტიკების დაუყოვნებლივ შეწყვეტისკენ და ყველა უსამართლოდ დაკავებული ჟურნალისტის, მათ შორის მზია ამაღლობელის, დაუყოვნებლივ გათავისუფლებისკენ, რომელიც კვლავ დაკავებულია და 7 წლამდე პატიმრობა ემუქრება". - წერია განცხადებაში. განცხადებაში აღნიშნულია, რომ 37 ქვეყნის "ერთგულება საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ უცვლელია". "ჩვენ მტკიცედ ვუჭერთ მხარს ქართველ ხალხს მათ ძალისხმევაში დემოკრატიული, სტაბილური და ევროპული მომავლისთვის და მზად ვართ, რომ საქართველოსთან ვიმუშაოთ, რათა უზრუნველვყოთ, რომ ის თავის საერთაშორისო ვალდებულებებს დაიცავს და უზრუნველყოფს, რომ ადამიანის უფლებები და ფუნდამენტური თავისუფლებები სრულად დაცულია". განცხადებას ხელს აწერს:
|
რედაქტორის რჩევით
![]() მსოფლიო სამეულში სამხედრო თავდასხმის შიშით - საქართველო ახალ გამოკითხვაში
![]() პუტინის და ოცნების პროპაგანდისტები ევროპის ლიდერების გასაშავებლად გაერთიანდენ
ომი უკრაინაში![]() სტამბოლში დაგეგმილი რუსეთ-უკრაინის მოლაპარაკებები 16 მაისისთვის გადაიდო.
![]() ვოლოდიმირ ზელენსკი - უკრაინა არასდროს აღიარებს ოკუპირებულ ტერიტორიებს რუსეთად, ეს ჩვენი მიწაა
ვიდეო/LIVE გახარიას გამოკითხვა წულუკიანის კომისიაში
ოცნების რეჟიმი თავისუფალი პრესის წინააღმდეგ: ჟურნალისტების უფლებების დარღვევის 342 შემთხვევა
მთავარი თემა
|