„ქართული ოცნების“ რეჟიმი თავგამოდებული ცდელობს რუსეთის ფედერაციის ხელისუფლებას აამოს და ყოველ დღე, ახალ ნაბიჯებს დგამს ვლადიმერ პუტინის საამებლად. ამჰერად „ოცნების“ არაღიარებულ პარლამენტს თავში მოუვიდა 2008 წლის ომის გადახედვა და ისტორიის ხელახალი გადაწერა.
ე.წ პარლამენტში „ოცნებამ“ შექმნა წინა ხელისუფლების საქმიანობის საგამოძიებო კომისია სადაც აგვისტოს ომის შესწავლა დაიწყეს.
კომისიის მეხუთე სხდომაზე დაბარებულები იყვნენ: პაატა დავითაია, მიხეილ ქარელი, გრიგოლ ვაშაძე, ირაკლი ოქრუაშვილი, თამაზ ბესტაევი და ზურაბ ნოღაიდელი.
საგამოძიებო კომისიის წევრების ინფორმაციით, ირაკლი ოქრუაშვილი სხდომაზე არ გამოცხადდება. საპარლამენტო უმრავლესობის წევრის პაატა სალიას თქმით, ოქრუაშვილმა უწყისის ჩაბარებაზე უარი განაცხადა.
„ევროპელი დემოკრატების“ თავმჯდომარე პაატა დავითაია პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე მივიდა. მან თქვა, რომ ყველას ვუსვამდი კითხვას, როგორ მოხდა კოდორის ხეობიდან გამოყვანა, ვინ გასცა ეს ბრძანება - ეს იყო პრინციპული საკითხი ჩემთვის, - განაცხადა პაატა დავითაიამ
„ძალიან ხშირად, დაწყებული დამლაგებლიდან, დამთავრებული ჟურნალისტ-პოლიტიკოსით, ყველა კითხულობს ამ თემას. სრული სერიოზულობით, ღმერთის წინაშე ვაცხადებ, რომ კომისიის მუშაობის პერიოდში, ერთხელაც კი არ ყოფილა ზეწოლა, მითითება ან შემოვლითი მითითებაც კი, იმასთან დაკავშირებით, რომ ჯობდა ასე, ისე, ან სხვანაირად ყოფილიყო, პირობითად ვამბობ. პირიქით, თუ საუბარია ზეწოლის მექანიზმების გამოყენებაზე, ღიად ვიძახი, რომ მე, როგორც კომისიის თავმჯდომარე, ვიყენებდი ზეწოლის ბერკეტებს, რათა კომისიის დაკითხვაზე ხალხი მოსულიყო. პირდაპირ გეუბნებით. როგორც თქვენ გაქვთ სამართლებრივი ბერკეტი, მე ეს ბერკეტი ასეთ დონეზე მქონდა. მხოლოდ და მხოლოდ ნაწილი მქონდა. მაგრამ ამ ბერკეტს ბევრი მიზეზის გამო ვიყენებდი. ცალსახად ვადასტურებ, რომ შემდგომაც, კომისიის დამთავრების პერიოდშიც არცერთი თანამდებობის პირის მხრიდან არ ყოფილა ასეთი რამ. ერთ რამეს მინდა ხაზი გავუსვა, ამ დასკვნას მხოლოდ პაატა დავითაიამ არ მოაწერა ხელი. ამ დასკვნას მოაწერა ხელი ცხრავე წევრმა და აქედან, ხუთი წარმოადგენდა „ნაციონალური მოძრაობის“ პარტიას, მაშინდელ უმრავლესობას. კომისია გადაწყვეტილებებს კონსენსუსის გზით იღებდა. ეს ხარვეზები აღიარეს. ამიტომ, ზეწოლის განხორციელება ძალიან გაუჭირდებოდათ, პირდაპირ ვამბობ“,- აღნიშნა დავითაიამ.
თეა წულუკიანის კომისიის სხდომაზე მივიდა მაშინდელი საგარეო საქმეთა მინისტრი გიორგი ვაშაძე, კომისიის წევრების, ქართული ოცნების წარმომადგენლების ისტერიული კითხვების მიუხედავად ვაშაძემ თქვა, რომ პრეზიდენტიდან დაწყებული ატაშემდე დამთავრებული, თავში არავის მოსვლია, რომ სუვერენიტეტის ნაწილი ვინმესთვის დაეთმო
თუმცა ამ პასუხის შემდეგ რეჟიმის თვანათელმა წარმომადგენელმა აგრესიულ ტონალობას მოუმატა და ისტერიულად დასძინა, რომ „იმაზე ნუ დაიფიცებთ, რომ სააკაშვილს თავში ეს არ მოსვლია“
არასდროს არავის, პრეზიდენტიდან დაწყებული ატაშემდე დამთავრებული, თავში არ მოსვლია ეს იდიოტური აზრი - ჩვენი სუვერენიტეტის ნაწილი ვინმესთვის დაგვეთმო, - ასე უპასუხა საქართველოს საგარეო საქმეთა ყოფილმა მინისტრმა „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების საქმიანობის შემსწავლელ პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისიის სხდომაზე, კომისიის მდივნის სოზარ სუბარის კითხვას, რომელიც მიხეილ სააკაშვილის მიერ ტელეეთერში გაკეთებულ განცხადებას შეეხებოდა.
საქმე ეხება მესამე პრეზიდენტის ერთ-ერთ ინტერვიუს, სადაც სუბარის თქმით, სააკაშვილი ამბობს, რომ „უარს ამბობს ნატო-ში გაწევრიანებაზე, თუ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონთან დაკავშირებით რუსეთთან დალაგდება“.
გრიგოლ ვაშაძის განცხადებით, მას არ სჯერა, რომ მიხეილ სააკაშვილს მსგავსი განცხადება აქვს გაკეთებული.
„არასოდეს არსად არცერთ საუბარში, პრეზიდენტ სააკაშვილს ფიქრადაც არ გაუვლია ჩვენი სუვერენიტეტის ნაწილზე უარის თქმა. პარლამენტის წევრები ბრძანდებით და დამეთანხმებით, საქართველოს საგარეო პოლიტიკურ არჩევანზე უარის თქმა ნიშნავს სუვერენიტეტის ნაწილის დათმობას. არსად არასდროს, ოფიციალურად და არაოფიციალურად, არ გამიგია, არ მინახავს, არ დავსწრებივარ და არ მჯერა, რომ მიხეილ სააკაშვილს, პრეზიდენტს ასეთი განცხადება გაკეთებინოს. თეორიულად შეიძლება სატელეფონო საუბარში ეკითხა, რა რაში იცვლება, მაგრამ მე ამას არ დავსწრებივარ. თუმცა, როგორც გესმით, დიპლომატიაა და უხეშად რომ ვთქვათ, აღებ-მიცემობაა. მაგრამ არასდროს, საქართველოს სუვერენიტეტის ნაწილზე უარის თქმა არავის იმ ადმინისტრაციაში, თავში არ მოსვლია. იმ მიზეზითაც არ მოსვლია არავის თავში, როცა რუსებმა თქვეს, რომ „ნატო-ზე ვაჭრობაც კი არ შეიძლება, იმიტომ, რომ თქვენი ნების მიუხედავად, შეგათრევენ, რაკეტებს დააყენებენ თქვენს ტერიტორიებზე და დაუმიზნებენ რუსეთის ფედერაციას“. რაც შეეხება სამართლებრივ პროცესებს, ყველა მასალა, რომელიც გამოთხოვილი იყო სხვა უწყებებიდან, ჩვენ დავაგზავნეთ“, - განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.
ვაშაძის ამ განცხადებას კომისიის მდივანმა, სოზარ სუბარმა უპასუხა და აღნიშნა, რომ არსებობს მიხეილ სააკაშვილის ვიდეოკომენტარი, რომელიც ადასტურებს, რომ მესამე პრეზიდენტმა ეს თქვა.
„იმედია ჟურნალისტები მონახავენ ამ ჩანაწერს და აჩვენებენ საზოგადოებას, როგორ ამბობს სააკაშვილი სიტყვებს, რომლის მიხედვითაც, მან შეუთვალა, რომ ნატო-ზე უარს ამბობდა. თუ ეს ხდებოდა საგარეო საქმეთა სამინისტროს გვერდის ავლით, ასეთი სერიოზული განცხადებების გაკეთება პრეზიდენტის მხრიდან, წარმოუდგენელია და კარგად მეტყველებს, რა ტიპის მმართველობა არსებობდა იმ რეჟიმის პირობებში,“ - განაცხადა სუბარმა.
თავის მხრივ, ვაშაძემ აღნიშნა, რომ 2003 -2012 წლებში მმართველობა იყო ეფექტური.
„მმართველობა იყო ეფექტური. რაც შეეხება ქართულ დიპლომატიასა და საგარეო პოლიტიკას, ადამიანს შეიძლება შეეშალოს, მაგრამ ჩვენ ვსაუბრობთ სერიოზულ თემებზე და სერიოზული თემაა ის, რაც დოკუმენტურად მტკიცდება და რასაც მე როგორც ყოფილი საგარეო საქმეთა სამინისტროს პირველ პირს შემიძლია ყოველ წუთში მოვაწერო ხელი. არასდროს არავის თავში პრეზიდენტიდან დაწყებული ატაშემდე დამთავრებული, თავში არ მოსვლია ეს იდიოტური აზრი - ჩვენი სუვერენიტეტის ნაწილი ვინმესთვის დაგვეთმო, შეთავაზებაც არ გაკეთებულა რუსეთის მხრიდან“, - განაცხადა ვაშაძემ, რასაც კომისიის თავმჯდომარე თეა წულუკიანმა შემდეგი რეპლიკის უპასუხა: „სააკაშვილს თავში რა მოუვიდა, ახლა ამაზე... იმაზე ნუ დაიფიცებთ, რომ სააკაშვილს თავში ეს არ მოსვლია“.
შიდა ქართლში პრეზიდენტის ყოფილმა რწმუნებულმა, მიხეილ ქარელმა საგამოძიებო კომისიას ჩვენება მისცა თუმცა ურთიერთგამომრიცხავ ჩვენებაში თავად აირია. ქარელი ცნობილია იმით რომ მაციონალურ მოძრაობას დაუპირისპირდა და „ქართული ოცნების“ ბანაკში გადავიდა, როგორც „ნაციონალური მოძრაობის“ ბევრი წევრი დღეს ოცნების რეჟიმის სამსახურშია, შესაბამისად საკუთარ მუშაობას 2008 წელს ჩრდილს აყენებს.
მიხეილ ქარელმა სხდომაზე განაცხადა, ის მზად არის კომისიის ყველა შეკითხვას უპასუხოს, თუკი კომისიას მასთან დამატებითი კითხვები ექნება.
„ბოლო დროს, სააკაშვილი ხელისუფლებაში ყოფნის ხიბლში იმდენად შევიდა, რომ უკვე აღარ შეეძლო ნებისმიერი განსხვავებული აზრის მოსმენა, ეს იმდენად აღიზიანებდა, რომ უკვე მდგომარეობიდან გამოდიოდა. გითხარით, რომ ერთხელ აფექტურ მდგომარეობაშიც ვნახე და ადამიანისთვის სულაც არ არის ჰქონდეს უმაღლესი სამედიცინო განათლება, რომ დაუსვა დიაგნოზი, თუ ის ფსიქიკურად მართლაც ავადმყოფია, სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით. მაშინ, მე განცხადებაც დავწერე თანამდებობიდან წასვლის შესახებ; დამიბარა და დახია [განცხადება], გაგიჟებულმა თავის კაბინეტში მიმოფანტა და გამაფრთხილა,რომ მეორედ მსგავსი რამ არ გამებედა და თუ გავბედავდი, თვითონ იცოდა, სად გამგზავნიდა. სხვათა შორის, უკვე ამ ურთიერთობებიდან გამომდინარე, მე თვითონ ოქრუაშვილისთვისაც არაერთხელ მითქვამს, რომ ერთ მშვენიერ დღეს, დადგებოდა ის დღე, როცა მოვხვდებოდი ციხეში იმიტომ, რომ მისი ქმედებები უკვე ჩემთვისაც აბსოლუტურად მიუღებელი იყო და ამ ყველაფერზე თმენის ვალდებულებაც კი, ფაქტობრივად, უკვე არა მქონდა. მიუხედავად იმისა, რომ მაინც ვერ ავცდი ამ უბედურებას, ვერც კი წარმომედგინა, თუ რა ელოდებოდა ჩემ ოჯახს და საახლობლოს ამ ყველაფრის შემდეგ.
რა თქმა უნდა, მან ვერ აიტანა ის, რომ ოპოზიციის და საპროტესტო მუხტს მხარი დავიჭირე და მაშინვე გასცა ჩემი დაპატიმრების ბრძანება. ჯერ ორთაჭალის ციხეში მიმიყვანეს, სადაც ფიზიკურად გამისწორდნენ. ოთხი დღის განმავლობაში ბეტონის ოთახში დამტოვეს. ითხოვდნენ ოქრუაშვილის წინააღმდეგ ჩვენების მიცემას და ამას რომ ვერ იღებდნენ, უფრო და უფრო სასტიკად იქცეოდნენ. შემდეგ, ოქრუაშვილიც დააპატიმრეს. ოქრუაშვილის სამარცხვინო ჩვენებაც გახსოვთ. ჩემგან რომ ვერ მიიღო ის ყველაფერი, რაც თვითონ სურდა, უკვე შემდეგ მთელი ზეწოლა ჩემ ოჯახის წევრებზე, ჩემ მოხუცებზე გადაიტანა. მშობლების სახელზე აღრიცხული [ქონება] მთლიანად წაგვართვა, ჩამოგვართვა. ცალკე თემაა, სამართლებრივად ეს როგორ შეფუთა“, - განაცხადა მიხეილ ქარელმა
მისი თქმით, სახელიდან მის მშობლებს აძევებდნენ და ამ ფაქტს სოფელში სამეზობლო უპირისპირდებოდა.
„ეს ვერ მოახერხეს, რადგან ამათ სამეზობლო, სოფელი უპირისპირდებოდა და საბოლოოდ, მერე ამ ომმა, რომელიც მისი ერთ-ერთი უდიდესი ავანტიურა გახლდათ - ომის დროს ჩემი ის სახლი, სადაც მე დავიბადე და გავიზარდე, პაპაჩემის აშენებული, დაწვეს და მთლიანად გაანადგურეს. ამიტომ ვამბობ, რომ ის ფსიქიკურად საშიში ადამიანია, ფსიქიკურად ავადმყოფია და მიმაჩნია, რომ დღესაც საშიშია, ჩემი აზრით. გულწრფელად გეტყვით, ამიტომ აბსოლუტურად მხარს ვუჭერ თქვენი კომისიის მუშაობას. თუ დამატებითი კითხვები იქნება ჩემთან მიმართებაში მზად ვარ, რომ გამოვცხადდე თქვენი კომისიის სხდომაზე.
გულწრფელად გეტყვით, ყოველთვის მქონდა იმის განცდა, რომ სადღაც შორს, წინა ცხოვრებაში ჰიტლერის თანაშემწე ვიყავი“, - განაცხადა მიხეილ ქარელმა.
ცირკი სახელად საგამოძიებო კომისია საქართველოს არაღიარებულ პარლამენტში გრძელდება. 13 წლის შემდეგ მოქმედმა რეჟიმმა წინა რეჟიმის გასამართლება გადაწყვიტა, რაც თავისთანად ქმნის პრეცედენტს, რომ ამ რეჟიმს მომავალი ხელისუფლება გაასამართლებს. მითუმეტეს, მაშინ როცა გასასამართლებელი საქმეები „ოცნების“ ხელისუფლებამ ბევრი დააგროვა.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან