|
2025-02-12 14:48:25, 529 ნახვა
პოლიტიკა
სანქციები “ოცნების“ მაღალჩინოსნებსა და მედია მფლობელებზე - რა წერია ევროპარლამენტის რეზოლუციის სამუშაო ვერსიაში?
საქართველოში პოლიტიკური ვითარების შემდგომი გაუარესების შესახებ ევროპარლამენტში ახალი რეზოლუციები მომზადდა. პროექტების პირველად ვერსიებში საუბარია ბიძინა ივანიშვილის და საქართველოს დემოკრატიულ უკუსვლაზე პასუხისმგებელი სხვა მაღალჩინოსნების სანქცირებაზე. ასევე ახალი, თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების საჭიროებაზე. კერძოდ, ევროპარლამენტის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა 7 რეზოლუციის პროექტი, რომლებიც შემდეგი ჯგუფების მიერაა წარდგენილი: ECR Group, Verts/ALE Group, S&D Group, ESN Group, Renew Group, The Left Group და PPE Group. რეზოლუციებში ბიძინა ივანიშვილის გარდა, არის მოწოდება ირაკლი კობახიძის, კახა კალაძის, ირაკლი ღარიბაშვილის და შალვა პაპუაშვილის სანქცირებაზე. ასევე, იმ მოსამართლეების სანქცირებაზე, რომლებიც პოლიტიკურად მოტივირებულ გადაწყვეტილებებს იღებენ. კიდევ ერთი მოწოდება პოლიტპატიმრების გათავისუფლებას ეხება. უკვე არსებობს რეზოლუციის ერთიანი პროექტიც, რომელიც ჯერ არ გამოქვეყნებულა. როგორც "ფორმულა" წერს, ერთიან პროექტში საუბარია სახელისუფლებო მედიის მფლობელების სანქცირების საჭიროებაზეც. "ევროპარლამენტი მოუწოდებს ევროკავშირს და წევრ ქვეყნებს, დააწესონ პერსონალური სანქციები საქართველოს იმ ოფიციალურ პირებისა და პოლიტიკური ლიდერების წინააღმდეგ, რომლებიც პასუხისმგებელი არიან დემოკრატიულ უკუსვლაზე, არჩევნების გაყალბებაზე, ადამიანის უფლებების დარღვევასა და პოლიტიკური ოპონენტებისა და აქტივისტების სამართლებრივ დევნაზე, როგორიცაა პრემიერმინისტრი ირაკლი კობახიძე, პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი თბილისის მერი და ქართული ოცნების გენერალური მდივანი კახა კალაძე, პარტია ქართული ოცნების თავმჯდომარე ირაკლი ღარიბაშვილი, ასევე გაავრცელოს ეს სანქციები მოსამართლეებზე, მათ შორის საკონსტიტუციო სასამართლოს, რომლებსაც გამოაქვთ პოლიტიკურად მოტივირებული განაჩენები, ასევე სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლებზე, ასევე, ასევე ფინანსურ ხელშემწყობებზე, რომლებიც ფარულად ან ღიად უჭერენ მხარს რეჟიმს, სახელისუფლებო მედიის მფლობელებს, ტელეკომპანია იმედის, პოსტ ტვ-ისა და რუსთავი 2-ის ჩათვლით, დეზინფორმაციის გავრცელებისა და საჯარო დისკურსის მანიპულირების მცდელობისთვის, რათა მხარი დაუჭირონ ამჟამინდელი მმართველი პარტიის ავტორიტარულ მმართველობას... ევროპარლამენტი იმეორებს მოწოდებას საბჭოსა და წევრი ქვეყნების მიმართ, შეუერთდნენ აშშ-სა და გაერთიანებული სამეფოს ბიძინა ივანიშვილისა და მისი ოჯახის წინააღმდეგ პერსონალური სანქციების დაუყოვნებლივ დაწესებაში და გაყინონ ევროკავშირში მთელი მისი ქონება საქართველოში პოლიტიკური პროცესის გაუარესებაში მისი როლის გამო, დემოკრატიული უკუსვლის ხელშეწყობისთვის და ქვეყნის კონსტიტუციურად გაცხადებული ევროატლანტიკური ინტეგრაციის წინააღმდეგ მოქმედებისთვის. ევროპარლამენტი მოუწოდებს საფრანგეთის მთავრობას, ჩამოართვას ბიძინა ივანიშვილს საპატიო ლეგიონის ორდენი და დაუწესოს ინდივიდუალური სანქციები",- აღნიშნულია ერთიანი რეზოლუციის სამუშაო ვერსიაში. დოკუმენტში საუბარია მზია ამაღლობელზეც, რომელიც 12 იანვარს დააკავეს, მას შემდეგ წინასწარ პატიმრობაშია და შიმშილობს. აღნიშნულია, რომ ის პოლიტიკურად მოტივირებული ბრალდებითაა დაკავებული და 4-დან 7 წლამდე პატიმრობა ემუქრება.
გიორგი დავითაძემ, გაურკვეველი მცირე საგანი გადაყლაპა - პენიტენციური
საფრანგეთში, მოსწავლეების საპროტესტო აქციების ერთკვირიანი პერიოდის განმავლობაში, 24 ლიცეუმი დააზიანეს ან დაწვეს.
გერმანელების თითქმის ნახევარი თვლის, რომ მერკელი ქვეყნის პრობლემების მოგვარებაში მერცზე უკეთესად იმუშავებს
ცხედარი მისმა თანამესაკნემ იპოვა – პენიტენციური სამსახური გარდაცვლილ მსჯავრდებულზე
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
მერცი კიევში ჩავიდა და უკრაინას ათასობით გამანადგურებელ-ჩამჭრელ დრონს დაჰპირდა
აშშ-უკრაინის აღდგენის ფონდმა ხელი მოაწერა პირველ სამთომოპოვებით შეთანხმებას
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)