03:04 - 31 Jan, 2025
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-01-30 15:36:58, 381 ნახვა

საქართველოს 26 წელი PACE-ში - რას მოუტანს ქვეყანას ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის დატოვება?

29 იანვარს ცნობილი გახდა, რომ „ქართული ოცნება“ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში (PACE) მუშაობას წყვეტს. ამის შესახებ „ქართული ოცნების“ საპარლამენტო დელეგაციის ხელმძღვანელმა, თეა წულუკიანმა სტრასბურგში მას შემდეგ განაცხადა, რაც PACE-მ საქართველოსთან დაკავშირებული რეზოლუცია მიიღო.

საქმე ისაა, რომ 2025 წლის ზამთრის პლენარული სესიის გახსნის დღეს საქართველოს დელეგაციის უფლებამოსილება გასაჩივრდა. საბოლოოდ, PACE-მ გადაწყვიტა, რომ „ქართული ოცნების” დელეგაციას მომდევნო სესიამდე შეზღუდული უფლებამოსილება ექნებოდა, სრულად რატიფიცირებისთვის კი კონკრეტული წინაპირობები უნდა შესრულდეს დემოკრატიულ გზაზე დასაბრუნებლად. 114 ხმით 13-ის წინააღმდეგ მიღებული რეზოლუციით, საპარლამენტო ასამბლეა მოითხოვს "ქართულმა ოცნებამ" მიმდინარე წლის აპრილამდე ხელახალი საპარლამენტო არჩევნები დანიშნოს და პოლიტპატიმრები გაათავისუფლოს. ამასთან, PACE საქართველოს ოფიციალური პირებისგან მოითხოვს დაუყოვნებლივი და ეფექტიანი ნაბიჯები გადადგან, რათა საშუალება მისცენ საქართველოს განაახლოს ევროპული ინტეგრაციის გზა. როგორც წულუკიანმა თქვა, დოკუმენტის დათქმები მიუღებელია.

რას წარმოადგენს ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეა (PACE)?

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეა ევროპის საბჭოს ორი საწესდებო ორგანოდან ერთ-ერთია, რომელიც შედგება მინისტრთა კომიტეტისგან (საგარეო საქმეთა მინისტრები, რომლებიც შეხვედრებს მართავენ, ჩვეულებრივ, თავიანთ მოადგილეთა დონეზე) და საპარლამენტო ასამბლეისგან, რომელიც წარმოადგენს მის წევრ სახელმწიფოთა პოლიტიკურ ძალებს.

ევროპის საბჭო და ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეა 1949 წელს ჩამოყალიბდა. PACE, რომელმაც პირველი სესია 1949 წლის 10 აგვისტოს გაიმართა, შეიძლება ჩაითვალოს უძველეს საერთაშორისო საპარლამენტო ასამბლეად, დემოკრატიულად არჩეული პარლამენტის წევრების პლურალისტური შემადგენლობით, რომელიც შეიქმნა მთავრობათაშორისი ხელშეკრულების საფუძველზე.

ამ დროისთვის, ასამბლეა აერთიანებს 306 პარლამენტარს ევროპის საბჭოს 46 წევრი ქვეყნის პარლამენტებიდან. მასში შედიან ევროკავშირის როგორც წევრი, ისე არაწევრი ქვეყნები. ისინი იკრიბებიან წელიწადში ოთხჯერ ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხების განსახილველად და მოითხოვენ ევროპის ქვეყნების მთავრობებისაგან ინიციატივასა და გამოხმაურებას. მისი მისიაა ადამიანის უფლებების, დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის საერთო ღირებულებების დაცვა.

საპარლამენტო ასამბლეას შეუძლია სამი სხვადასხვა სახის დოკუმენტის - რეკომენდაციის, რეზოლუციისა და მოსაზრების მიღება.

საქართველოს 26 წელი PACE-ში

საქართველო ევროპის საბჭოს და შესაბამისად, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამპლეის რიგით 41-ე წევრი 1999 წლის 27 აპრილს გახდა.

„მე ვარ ქართველი, და მაშასადამე, ვარ ევროპელი...“ - სწორედ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს გაწევრიანებისას წარმოთქვა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, ზურაბ ჟვანიამ ეს ისტორიული სიტყვა, მას შემდეგ, რაც საპარლამენტო ასამბლეამ ერთსულოვნად დაუჭირა მხარი საქართველოს გაწევრიანებას.

 

გაწევრიანებას კი წინ შემდეგი პროცესი უძღოდა:

  • 1993 წლის 4 მარტს საქართველოს პარლამენტმა მოითხოვა ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში სპეციალური სტუმრის სტატუსი, რომელიც მიენიჭა 1996 წლის 28 მაისს.
  • 1996-1999 წლებში საქართველო დამკვირვებლის სტატუსით იღებს მონაწილეობას საორგანიზაციო კომიტეტების შემადგენლობაში, ევროპის საბჭოს თანამშრომლობისა და დახმარების სამთავრობათშორისო პროგრამებში. თანამშრომლობა მოიცავს ისეთ სფეროებს, როგორიცაა: სამართალი, დამნაშავეობის პრობლემები, ადამიანის უფლებები, მასმედია.
  • 1996 წლის 14 ივლისს საქართველო ითხოვს ევროპის საბჭოში გაწევრიანებას.
  • 1997 წლის ივნისში საქართველოს ეწვია გამოჩენილ იურისტთა დელეგაცია, რათა შეემოწმებინა, თუ რამდენად შეესაბამება საქართველოს სამართლებრივი სისტება პლურალისტური დემოკრატიის, ადამიანის უფლებებისა დასამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპებს.
  • 1997 წლის სექტემბერში სტრასბურგში გაიხსნა ევროპის საბჭოსთან საქართველოს მუდმივი წარმომადგენლობა.
  • 1998 წლის 27 ნოემბერს ქალაქ ბუდაპეშტში გაიმართა ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პოლიტიკური კომიტეტის სხდომა, რომელმაც განიხილა საქართველოს ევროპის საბჭოში გაწევრიანების განაცხადთან დაკავშირებული მოხსენება.
  • 1999 წლის 27 იანვარს ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ 209-ე რეზოლუციის საფუძველზე რეკომენდაცია მისცა მინისტრთა კომიტეტს, მიეწვია საქართველო ევროპის საბჭოს სრულუფლებიან წევრად.
  • 1999 წლის 23-24 მარტს გამართულ 665-ე სხდომაზე ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტმა აღიარა საქართველოში მიმდინარე დემოკრატიული რეფორმების შეუქცევადი ხასიათი და მიიღო გადაწყვეტილება საქართველოს ევროპის საბჭოს 41-ე წევრად მიწვევის თაობაზე.
  • ვროპის საბჭოში საქართველო გაწევრიანდა 1999 წლის 27 აპრილს ევროპის საბჭოს წესდების რატიფიცირების სიგელის დეპონირებისა და ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის ხელმოწერის შემდეგ.

 

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეა რეგულარულად იღებს საქართველოს, როგორც წევრი ქვეყნის მიერ ნაკისრი ვალდებულებების შესრულების მონიტორინგის ანგარიშებს. საქართველო საპარლამენტო ასამბლეაზე წარმოდგენილია დელეგაციით, რომელიც 5 ძირითადი და 5 სათადარიგო წევრისაგან შედგება.

ქვეყნები, რომლებსაც PACE-ს წევრობა შეუჩერდა

რუსეთის ფედერაცია ორგანიზაციის წევრი 1996 წლის 28 თებერვალს გახდა. 2014 წელს ყირიმის ანექსიის გამო ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში რუსეთს ხმის და მმართველ ორგანოებში წარმომადგენლობის უფლება ჩამოართვეს. 2019 წელს რუსეთის დელეგაციას უფლებამოსილება აღუდგა. უკვე 2022 წელს უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომის წამოწყების შემდეგ კი რუსეთი PACE-დან ერთხმად გარიცხეს.

2024 წელს აზერბაიჯანმა შეაჩერა ევროპის საბჭოს ასამბლეაში მონაწილეობა, მას შემდეგ, რაც დეპუტატთა უმრავლესობამ მიიღო რეზოლუცია აზერბაიჯანის დელეგაციის უფლებამოსილების შეზღუდვის შესახებ ქვეყანაში ადამიანის უფლებების დარღვევისა და პოლიტპატიმრების რაოდენობის გაზრდის გამო. ამასთან, აზერბაიჯანმა ქვეყანაში შესვლა აუკრძალა იმ დეპუტატებს, რომლებმაც აზერბაიჯანის დელეგაციის უფლებამოსილების რატიფიკაციის წინააღმდეგ მისცეს ხმა. აზერბაიჯანი წევრი 2001 წლიდან იყო.

რას მოუტანს საქართველოს PACE-ს დატოვება?

სამართლის დოქტორი ანა ფირცხალაიშვილი განმარტავს, რომ ევროპის საბჭოს დატოვებას საქართველოსთვის ძალიან სერიოზული ნეგატიური შედეგები მოჰყვება. განსაკუთრებით ადამიანის უფლებების, დემოკრატიისა, კანონის უზენაესობის და საერთაშორისო ურთიერთობების კუთხით.

“1. ქვეყანას მოუწევს ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციიდან (ECHR) გასვლა. რადგან:

  • ევროპის საბჭოს ყოველი წევრი ქვეყანა ავტომატურად არის ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის ხელმომწერი, რომლის დაცვის მექანიზმიც არის სტრასბურგის სასამართლო.
  • ჩვენ, საქართველოს მოქალაქეები, იურიდიული პირები და თვით სახელმწიფო, დავკარგავთ უფლებას საჩივრით მივმართოთ სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლოს
  • ევროსაბჭოდან გასვლის შემთხვევაში სახელმწიფოს (საქართველო) აღარ აქვს ვალდებულება აღასრულოს სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებები.

2. ჩვენ აღმოვჩნდებით პოლიტიკური იზოლაციაში, რადგან:

  • ევროპის საბჭო არის მნიშვნელოვანი პლატფორმა ევროპული თანამშრომლობისთვის დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის საკითხებში.
  • გასვლა განიხილება, როგორც დისტანცირება ევროპული ღირებულებებისგან, რაც ნიშნავს ავტორიტარიზმის ოფიციალურ აღიარებას.
  • ევროკავშირთან ურთიერთობა კიდევ უფრო გაუარესდება, რადგან ეს უკანასკნელი დიდ მნიშვნელობას ანიჭებს ევროპის საბჭოსთან თანამშრომლობას.

3. ექნება ნეგატიური ეკონომიკური და დიპლომატიური შედეგები, რადგან:

  • ევროპის საბჭოს წევრობა რეპუტაციულად მნიშვნელოვანია საერთაშორისო ვაჭრობისა და ინვესტიციების საკითხებში.
  • გამოსვლა კი შეაჩერებს ინვესტიციებს, რადგან ეს ჩაითვალება პოლიტიკური არასტაბილურობის ნიშნად.

4. საერთაშორისო ურთიერთობებზე ნეგატიური ზეგავლენას მოახდენს, რადგან:

  • ევროსაბჭოდან ჯერჯერობით მხოლოდ ბელორუსმა და რუსეთმა დატოვა.
  • თუ საქართველო ორგანიზაციას დატოვებს, ეს იქნება ძლიერი სიგნალი, რომ ისიც შორდება ევროპულ ინსტიტუტებს და რუსეთის მსგავსად ავტორიტარიზმის გზას ირჩევს”,- დაწერა ანა ფირცხალაიშვილმა სოციალურ ქსელში.







ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
უკრაინის ხელმძღვანელობის გაყოფა, - რის მიღწევასაც ცდილობს პუტინი სამშვიდობო მოლაპარაკებების გაჭიანურებით
თვითმფრინავის ჩამოვარდნა ვაშინგტონზე: რა არის ცნობილი
ტრამპი ვაშინგტონში თვითმფრინავის ჩამოვარდნაზე: ეს ჩვენი ქვეყნის ტკივილის საათია
ბადრი ჯაფარიძემ - ჩვენი მარშის მიზანია, გადავარჩინოთ მზია ამაღლობელის სიცოცხლე
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს მეხუთე პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის ბრიფინგი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics