05:13 - 13 Dec, 2025
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-12-31 16:45:18, 1719 ნახვა

საზოგადოება
შოვის ტრაგედია, მარტის აქციები, გინტურის მკვლელობა და EU-ის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მიღება - რა მოხდა 2023 წელს საქართველოში

2022 წლისგან განსხვავებით, 2023 მნიშვნელოვანი მოვლენებით აღსავსე აღმოჩნდა.

თითოეულმა მომხდარმა მოვლენამ თავისი როლი ითამაშა ყველა ჩვენგანის ცხოვრებაში. მოვლენები თითქმის ყველა მიმართულებას შეეხო და ზოგიც სასიხარულო, გულდასაწყვეტი ან ტრაგიკული აღმოჩნდა საქართველოს მოქალაქეებისთვის. და მაინც, რა მნიშვნელოვანი მოვლენები მოხდა წლის განმავლობაში, ჩვენ გიამბობთ:

  • შოვი - ტრაგედია, რომელიც თავიდან ვერ ავირიდეთ

რაჭაში, შოვში მომხდარი ტრაგედია ერთ-ერთია, თუ არა ერთადერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ამბავი, რომელიც 2023 წლის 3 აგვისტოს მოხდა და 30-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა.

ტრაგედიიდან სამი დღის შემდეგ, 7 აგვისტოს, გარემოს ეროვნულმა სააგენტომ სტიქიის გამომწვევ მიზეზებზე პირველადი დასკვნა გამოაქვეყნა, სადაც აღნიშნულია, რომ ტრაგედიის მიზეზი რამდენიმე სტიქიური გეოლოგიური და ჰიდრომეტეოროლოგიური მოვლენების თანხვედრა იყო, რამაც მდინარე ბუბუსწყლის ხეობაში ექსტრემალური ხასიათის ღვარცოფული ნაკადის ფორმირება გამოიწვია. ამასთან, ერთად, მეწყრულ პროცესებს ხელი კლიმატურმა ცვლილებებმაც შეუწყო. უფრო კონკრეტულად, იმ პერიოდში მომატებულმა ჰაერის ტემპერატურამ მყინვარების ინტენსიური დნობა და ჭარბი ატმოსფერული ნალექი გამოიწვია.

ამასთან დასკვნაში აღნიშნულია, რომ სტიქიის ზუსტი დროის პროგნოზირება შეუძლებელი იყო და ღვარცოფმა კოტეჯებამდე 8-10 წუთში მიაღწია.

მომხდარი სტიქიური უბედურებიდან მალევე შოვში სამძებრო და სამაშველო სამუშაოები დაიწყო. ტრაგედიის ადგილზე სასაზღვრო პოლიციის ორი სამაშველო ვერტმფრენი მოსახლეობის ევაკუაციის მიზნით მიფრინდა და სტიქიის ზონიდან 210 ადამიანი გაიყვანა.

30 აგვისტოს ცნობილი გახდა, რომ შოვში მეწყერის შედეგად დაზარალებულებს უფასო ფსიქოლოგიური დახმარება გაეწეოდათ როგორც თბილისში, ასევე რეგიონებში. ჯანდაცვის სამინისტროს მიერ დაზარალებულებისთვის შეთავაზებულ სერვისებს შორის იყო ფსიქოლოგის კონსულტაცია, ფსიქოთერაპიული სესიები და საჭიროების შემთხვევაში ფსიქიატრთან კონსულტაცია. ექიმების მიერ გამოწერილი მედიკამენტების ღირებულებას სახელმწიფო სრულად გადაიხდიდა.

აღსანიშნავია, ასევე, რომ 7 აგვისტოს ონის მუნიციპალიტეტში სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას ამბროლაურის რაიონული სამმართველოს გამომძიებელი დაიღუპა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, პოლიციელი სტიქიური უბედურების ზონაში მიმდინარე სამაშველო ღონისძიებების ფარგლებში საზოგადოებრივ წესრიგს იცავდა, რა დროსაც შეუძლოდ გახდა და საავადმყოფოში მიყვანამდე გზაში გარდაიცვალა.

რაც შეეხება გამოძიებას, შინაგან საქმეთა სამინისტრომ შოვში მომხდარ ტრაგედიაზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე და 116 მუხლებით დაიწყო რაც სამთო, სამშენებლო ან სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას და გაუფრთხილებლობით ადამიანის სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.

  • თამაზ გინტურის მკვლელობა და ლევან დოთიაშვილის გატაცება

6 ნოემბერს, საქართველოს მოქალაქეები გორის მუნიციპალიტეტის სოფელ კირბალის მიმდებარედ, ოკუპირებულ ტერიტორიაზე, რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლების მიერ საქართველოს მოქალაქის თამაზ გინტურის მკვლელობამ და ლევან დოთიაშვილის გატაცებამ შეძრა.

რუსი ოკუპანტების მიერ საქართველოს მოქალაქის მკვლელობის ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს. აღნიშნულის შემდეგ, 8 ნოემბერს, ოკუპანტების მიერ მოკლული თამაზ გინტურის ძმამ, ნიკოლოზ გინტურმა ძმის სავარაუდო მკვლელები დაასახელა. ნიკოლოზ გინტურის ინფორმაციით, სავარაუდო მკვლელები ვასილ დემიდოვი და ნიკოლაი იშჩენკო არიან, ხოლო 9 ნოემბერს, საქართელოს უსაფრთხოების სამსახურმა გაავრცერლა ინფორმაცია, რომ ოკუპანტების მიერ გატაცებული ლევან დოთიაშვილი თავისუფალი იყო. რაც შეეხება თამაზ გინტურს, ის  11 ნოემბერს, სოფელ კირბალში სამხედრო პატივით დაკრძალეს.

22 ნოემბერს, ევროპარლამენტმა ოკუპანტების მიერ მოკლული თამაზ გინტურის საკითხზე რეზოლუცია წარადგინა და დებატები გამართა, 23 ნოემბერს კი, კენჭი უყარა და მიიღო.

რეზოლუციის პროექტის თანახმად:

  • ევროპარლამენტი კატეგორიულად გმობს თამაზ გინტურის მკვლელობას და ლევან დოთიაშვილის უკანონო დაკავებას რუსეთის ფედერაციის მესაზღვრეების მიერ ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის/"სამხრეთ ოსეთის" ადმინისტრაციულ გამყოფ ხაზთან;
  • ევროპარლამენტი ხაზს უსვამს, რომ სისხლის სამართლის დანაშაულზე უნდა აგონ პასუხი და გადაეცეს მართლმსაჯულებას გინტურის მკვლელობასა და დოთიაშვილის გატაცებაზე პასუხისმგებელი პირები, მათ შორის, რუსეთის უმაღლეს სამხედრო და პოლიტიკურ ეშელონებში და რუსეთის ფედერაციის საგამოძიებო კომიტეტში;
  • ევროპარლამენტი იმეორებს თავის ურყევ მხარდაჭერას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. კატეგორიულად გმობს რუსეთის მიერ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის/"სამხრეთ ოსეთის" უკანონო ოკუპაციას და ამ რეგიონში უკანონო ბორდერიზაციისა და პასპორტიზაციის პროცესს;
  • მოუწოდებს რუსეთს, სრულად განახორციელოს ევროკავშირის შუამავლობით 2008 წლის 12 აგვისტოს დადებული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება და უპირობოდ გაიყვანოს ყველა საოკუპაციო ძალა;
  • ითხოვს საოკუპაციო რეჟიმის უკანონო პატიმრობაში მყოფი საქართველოს ყველა მოქალაქის გათავისუფლებას; მოუწოდებს საბჭოს, შექმნას ევროკავშირის სანქციების სია ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიის გათვალისწინებით და დააწესოს მიზანმიმართული სანქციები საქართველოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და ადამიანის უფლებების დარღვევაზე პასუხისმგებელ პირებზე;
  • ევროპარლამენტი გმობს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დარღვევას და საქართველოს საშინაო პოლიტიკაში ჩარევას. ხაზს უსვამს, რომ ამან გავლენა არ უნდა მოახდინოს საქართველოს ევროატლანტიკურ ინტეგრაციაზე;
  • ევროპარლამენტი მოუწოდებს თავის პრეზიდენტს, გაუგზავნოს ეს რეზოლუცია საბჭოს, კომისიას, წევრ სახელმწიფოებს, ევროპის საბჭოს, გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს, წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტს, ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციას. ასევე, საქართველოს პრეზიდენტს, საქართველოს მთავრობას, პარლამენტს და რუსეთის ხელისუფლებას.

  • რუსეთთან პირდაპირი ფრენების აღდგენა და უვიზო რეჟიმი რუსეთ-ჩინეთთან

ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მოვლენა ასევე, რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის 15 მაისს მიღებული გადაწყვეტილება იყო, რომლის მიხედვითაც, რუსული ავიახაზებისთვის საქართველოსთან ფრენის აკრძალვისა და საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის გაუქმება იყო.

ოფიციალურ პორტალზე გამოქვეყნებული განკარგულების თანახმად, საქართველოს მოქალაქეებს რუსეთის ტერიტორიაზე შესვლა უკვე პასპორტით შეუძლიათ. გამონაკლისი ვრცელდება იმ მოქალაქეებზე, რომლებიც რუსეთში სამუშაო მიზნით ჩადიან ან 90 დღეზე მეტი ვადით გეგმავენ დარჩენას.

„ვწყვეტ: 1. დადგინდეს, რომ 2023 წლის 15 მაისიდან საქართველოს მოქალაქეები შედიან რუსეთის ფედერაციაში და ტოვებენ რუსეთის ფედერაციას ვიზის გაცემის გარეშე მათი ვინაობის დამადასტურებელი მოქმედი საბუთების საფუძველზე (საქართველოს მოქალაქის პასპორტი, დიპლომატიური პასპორტი, სამსახურებრივი პასპორტი, მეზღვაურის წიგნაკი, სამგზავრო დოკუმენტი საქართველოში დასაბრუნებლად), გარდა იმ მოქალაქეებისა, რომლებიც შემოდიან რუსეთის ფედერაციაში შრომითი საქმიანობის განსახორციელებლად ან 90 დღეზე მეტი ვადით რუსეთში დროებით ყოფნისთვის, მათ შორის განათლების მიღების მიზნით.

გარდა ამისა, რუსეთის ფედერაციაში შვეიცარიის საელჩოს საქართველოს ინტერესების განყოფილების ქართველ თანამშრომლებსა და მათ ოჯახის წევრებს ეძლევათ ერთჯერადი ვიზა სამი თვის ვადით. 

აღნიშნულია, რომ ასეთი თანამშრომლების აკრედიტაციის შემდეგ მათ და მათ ოჯახებს შეუძლიათ შევიდნენ რუსეთის ფედერაციაში და დატოვონ რუსეთის ფედერაცია ვიზის გარეშე აკრედიტაციის მთელი პერიოდის განმავლობაში“, - ნათქვამია დოკუმენტში.

ამასთან, როგორც როგორც რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში აცხადებდნენ, საქართველოს მოქალაქეებისთვის ფრენების აღდგენა და ვიზების გაუქმება ორი ქვეყნის მცხოვრებლებს შორის კომუნიკაციის გაადვილებას შეუწყობდა ხელს.

გარდა ამისა, საქართველომ ჩინეთთან სავიზო რეჟიმი გააუქმა. აღნიშნული გადაწყვეტილების  შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა საზოგადოებას 11 სექტემბერს აცნობა და განაცხადა, რომ სავიზო რეჟიმის გაუქმება საქართველოს ტურიზმის სფეროს და ეკონომიკას დაეხმარება.

მოგვიანებით, საკითხზე განმარტება ეკონომიკის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმაც გააკეთა და განაცხადა, რომ ჩინელ ტურისტებს საქართველოში უვიზოდ მოგზაურობა 30 დღის განმავლობაში შეეძლებათ.

  • „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი და მარტის აქციები

ყველაზე მნიშვნელოვანი და გარდამტეხი მოვლენა, 14 თებერვალს ანტიდასავლური მოძრაობა „ხალხის ძალის" მიერ საქართველოს პარლამენტში „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის დაინიცირება გახდა. კანონპროექტს მხარი 2 მარტს, საგარეო ურთიერთობათა და თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე, 6 მარტს კი, იურიდიულ კომიტეტზე დაუჭირეს, თავად პარლამენტში კი პირველი მოსმენით 7 მარტს მიიღო, 8 მარტს კი, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ის ვენეციის კომისიაში გადააგზავნა.

7 მარტს, აღნიშნულმა კანონპროექტმა მოქალაქეების აღშფოთება გამოიწვია, რუსთაველის გამზირზე კი საპროტესტო აქციებმა იფეთქა, რომლებიც 9 მარტამდე გაგრძელდა, თუმცა საბოლოოდ, ძალისმიერი მეთოდებით დაშლაში გადაიზარდა. მოქალაქეებს, რომლებიც კანონპროექტის მიღებას აპროტესტებდნენ, სპეც-დანიშნულების რაზმი წყლის ჭავლითა და ე.წ წიწაკის სპრეით დაუპირისპირდა, რასაც შემდგომ დაკავებებიც მოჰყვა. საერთო ჯამში, „მარტის აქციებზე“ სამართალდამცავებმა 134 პირი დააკავეს, მათგან 133-ს შინაგან საქმეთა სამინისტრო ადმინისტრაციულ დანაშაულს – წვრილმან ხულიგნობასა და სამართალდამცველისადმი დაუმორჩილებლობას, ერთს კი – სამართალდამცველზე თავდასხმას ედავებოდა, რაც სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას ითვალისწინებს.

აღნიშნული მოვლენების ფონზე, 9 მარტს, შალვა პაპუაშვილმა „უცხოური აგენტების“ კანონპროექტი ვენეციის კომისიიდან გამოიწვია, შემდეგ კი პარლამენტმა ჩააგდო. 

  • მოსამართლეებისა და ოთარ ფარცხალაძის სანქცირება

არანაკლებ მნიშვნელოვანი აღმოჩნდა 5 აპრილს, ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ სამი მოქმედი და ერთი ყოფილი მოსამართლის წინააღმდეგ სანქციების დაწესება.

აშშ-ის სახდეპის ცნობით, მიხეილ ჩინჩალაძეს, ლევან მურუსიძეს, ირაკლი შენგელიასა და ვალერიან ცერცვაძეს მოქმედი ვიზები მნიშვნელოვანი კორუფციული საქმიანობის გამო გაუუქმდათ. გარდა ამისა, სახდეპის განცხადებაში აღნიშნული იყო, რომ ზემოთ ხსენებულმა პირებმა, ბოროტად გამოიყენეს მათი თანამდებობა როგორც სასამართლოს თავმჯდომარეებმა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებმა, რითაც ზიანი მიაყენეს სამართლის უზენაესობასა და საზოგადოების ნდობას საქართველოს სასამართლო სისტემის მიმართ. აღსანიშნავია, რომ სანქცია შეეხო არა მხოლოდ ამ მოსამართლეებს, არამედ მათი ოჯახის წევრებსაც.

14 სექტემბერს, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა სანქციების მორიგი პაკეტის შესახებ გაავრცელა ინფორმაცია, სადაც საქართველოს ყოფილი გენერალური პროკურორი ოთარ ფარცხალაძეც მოხვდა.

თავად სახ. დეპის განცხადებაში, ფარცხალაძე, როგორც ქართველი-რუსი ოლიგარქი იყო მოხსენებული. ამასთან, დოკუმენტში აღნიშნული იყო, რომ სანქცირებული ყოფილი გენპროკურორი რუსეთის ფედერაციის ეკონომიკის მენეჯმენტის საკონსულტაციო სექტორში საქმიანობდა და კომპანიებში — LLC MOSCOW BUSINESS BROKERAGE და LLC INTERNATIONAL BUSINESS CORPORATION 50%-ს ფლობდა. გარდა ამისა, მან  სრულად მიიღო რუსული იდენტობა და რეგულარულად მოგზაურობდა რუსეთში.

სანქცირებიდან მეორე დღეს, 15 სექტემბერს, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გაავრცელა განცხადება, რომლის მიხედვითაც, სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადების ირგვლივ საკითხის შესწავლა მიმდინარეობდა. 18 სექტემბერს, კი საქართველოს ეროვნულმა ბანკმა განაცხადა, რომ ქართულმა ბანკებმა ფარცხალაძეს ყველა ანგარიში გაუყინეს და შეჩერებული იყო გადარიცხვები. სებ-ის განცხადების თანახმად, ყოფილ მთავარ პროკურორს საერთაშორისო ფინანსური სანქციების აღსრულების მექანიზმის გათვალისწინებით, ეზღუდებოდა როგორც სახსრების განკარგვა, ისე ყველა სახის ფინანსური ოპერაციის განხორციელების შესაძლებლობა, თუმცა ერთდღიანი ინტერვალით, ეროვნულმა ბანკმა გადაწყვეტილება შეცვალა და 19 სექტემბერს, სანქციათა რეჟიმების შესრულების წესში ცვლილება შეიტანა.

სებ-ის პრეზიდენტის 2023 წლის 4 აგვისტოს N208/04 ბრძანებაში შეტანილი ცვლილების თანახმად, სანქციათა რეჟიმები ვრცელდებოდა:

ა) საქართველოს მოქალაქეზე, თუ მის მიმართ დაწესებული სანქციების საფუძველთან დაკავშირებით გამოტანილია საქართველოს სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გამამტყუნებელი განაჩენი;

ბ) საქართველოში რეგისტრირებულ იურიდიულ პირზე, რომლის წილს ფლობს (ფლობენ) სანქცირებული საქართველოს მოქალაქე (მოქალაქეები), თუ დაწესებული სანქციების საფუძველთან დაკავშირებით გამოტანილია საქართველოს სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გამამტყუნებელი განაჩენი

აღნიშნული მოვლენებიდან მალევე, 17 ოქტომბერს, საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ყოფილ გენერალურ პროკურორს, ოთარ ფარცხალაძეს საქართველოს მოქალაქეობა შეუწყვიტა.

  • ისტორიული დღე - ევროპულმა საბჭომ საქართველოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი მიანიჭა

განაცხადის შეტანიდან კანდიდატის სტატუსის მიღებამდე საქართველოს წელიწადი და ცხრა თვე დასჭირდა. ისტორიული - ასე უწოდეს გადაწყვეტილებას, რომელიც ევროპულმა საბჭომ 14 დეკემბერს გამოაცხადა. გზა კანდიდატობამდე სირთულეებით, მწვავე პოლიტიკური დაპირისპირებითა და არანაკლებ მწვავე შეფასებებით იყო აღსავსე. აღსანიშნავია, რომ ევროინტეგრაციის მიმართულებით შესაძლებლობის ფანჯარა მას შემდეგ გაიხსნა, რაც რუსეთი უკრაინაში შეიჭრა და მეზობელ ქვეყანაში ფართომასშტაბიანი სისხლისმღვრელი ომი გააჩაღა. მანამდე, არსად იყო თუნდაც მხოლოდ ჩანაწერი - უკრაინის, მოლდოვისა და საქართველოს ევროპული პერსპექტივის შესახებ. უკრაინამ გაწევრიანების განაცხადი ევროკავშირში ომის დაწყებიდან 4 დღეში, 2022 წლის 28 თებერვალს შეიტანა; ხოლო მოლდოვამ და საქართველომ - 2022 წლის 3 მარტს. უკრაინამ და მოლდოვამ კანდიდატის სტატუსი განაცხადის შეტანიდან 3 თვეში მიიღეს. საქართველოს შემთხვევაში - წელიწადი და ცხრა თვე გავიდა.

ზემოხსენებულიდან გამომდინარე ასევე არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ევროკომისიამ საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების რეკომენდაცია 9 დათქმით გასცა:

  • ევროკავშირისა და მისი ღირებულებების წინააღმდეგ დეზინფორმაციასთან და უცხოურ საინფორმაციო მანიპულაციასა და ჩარევასთან ბრძოლა;
  • საერთო საგარეო უსაფრთხოების პოლიტიკასთან საქართველოს შესაბამისობის გაუმჯობესება;
  • პოლიტიკური პოლარიზაციის საკითხის შემდგომი განხილვა, მათ შორის, პარლამენტში ოპოზიციურ პარტიებთან ერთად საკანონმდებლო მუშაობა უფრო ინკლუზიური გზით, განსაკუთრებით, საქართველოს ევროინტეგრაციასთან დაკავშირებულ კანონმდებლობაზე;
  • თავისუფალი, სამართლიანი და კონკურენტული საარჩევნო პროცესის უზრუნველყოფა, განსაკუთრებით 2024 წელს და ეუთო/ოდირის რეკომენდაციების გათვალისწინება. საარჩევნო რეფორმის დასრულება, მათ შორის, არჩევნებამდე მუშაობის დაწყება ელექტორატის ადეკვატური წარმომადგენლობის უზრუნველსაყოფად;
  • საპარლამენტო კონტროლის დანერგვის გაუმჯობესება, განსაკუთრებით უსაფრთხოების სამსახურებზე. ინსტიტუციური დამოუკიდებლობის, განსაკუთრებით საარჩევნო ადმინისტრაციის, ეროვნული ბანკის და კომუნიკაციების კომისიის მიუკერძოებლობის უზრუნველყოფა;
  • ჰოლისტური და ეფექტიანი სასამართლო რეფორმის დანერგვა და დასრულება. მათ შორის, იუსტიციის უმაღლესი საბჭოსა და პროკურატურის სამსახურის სრულფასოვანი რეფორმის განხორციელება, ვენეციის კომისიის რეკომენდაციების სრულად გათვალისწინებით და გამჭვირვალე და ინკლუზიური პროცესით;
  • ანტიკორუფციული ბიუროს, სპეციალური საგამოძიებო სამსახურისა და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის ეფექტურობისა, ინსტიტუციური დამოუკიდებლობისა და მიუკერძოებლობის უზრუნველყოფა. ამ ორგანოებთან დაკავშირებით ვენეციის კომისიის რეკომენდაციების გათვალისწინება ინკლუზიურ პროცესით. კორუფციისა და ორგანიზებული დანაშაულის საქმეების ეფექტური გამოძიების ძლიერი გამოცდილების დაგროვება;
  • მიმდინარე სამოქმედო გეგმის გაუმჯობესება დეოლიგარქიზაციასთან დაკავშირებით, რათა დეოლიგარქიზაცია განხორციელდეს მრავალსექტორული, სისტემური მიდგომით, ვენეციის კომისიის რეკომენდაციების შესაბამისად, გამჭვირვალე და ინკლუზიური პროცესის შედეგად, ოპოზიციური პარტიებისა და სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობით;
  • ადამიანის უფლებების დაცვის გაუმჯობესება, მათ შორის, ადამიანის უფლებების ამბიციური სტრატეგიის განხორციელებით, ასევე შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების უზრუნველყოფით. დაიწყოს მიუკერძოებელი, ეფექტური და დროული გამოძიებები მოწყვლადი ჯგუფების, მედია-პროფესიონალებისა და სამოქალაქო საზოგადოების აქტივისტების მიმართ საფრთხისშემცველ შემთხვევებზე და ძალადობის ორგანიზატორებისა და დამნაშავეების პასუხისგებაში მიცემა. სამოქალაქო საზოგადოებასთან კონსულტაციების გამართვა, კანონშემოქმედებით და პოლიტიკის შემუშავების პროცესში მათი ჩართულობისა და თავისუფლად მოქმედების უზრუნველყოფა.

  • თავმჯდომარის არჩევნები „ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში“

2022 წლის 11 დეკემბერს, საზოგადოებისთვის ცნობილი გახდა, რომ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს გადაწყვეტილებით, შიდაპარტიული არჩევნები 2023 წლის 28-29 იანვარს ჩატარდებოდა.

თავმჯდომარის პოსტზე კი საკუთარი კანდიდატურები, ჯერ კიდევ ენმ-ის მოქმედმა თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ,  პარტიის წევრებმა - ლევან ხაბეიშვილმა, გიორგი მუმლაძემ, გიორგი ჩალაძემ (მისი კანდიდატურა წარდგენიდან მალევე მოიხსნა) და ნონა მამულაშვილმა წარადგინეს.

რაც შეეხება თავად პარტიაში მიმდინარე არჩევნებს, ის ელექტრონული წესით ჩატარდა და მასში 50 000 ამომრჩეველი იყო დარეგისტრირებული და 30 დეკემბერს დასრულდა. პარტიის თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი გახდა და ამომრჩევლის ხმების 52.58% (21 656 ხმა) მიიღო. რაც შეეხება პარტიის თავმჯდომარის არჩევნებში მონაწილე კიდევ 3 კანდიდატს, ნიკა მელიამ ხმების 40% (16 476 ხმა), ნონა მამულაშვილმა – 3.73% (1 537 ხმა), გიორგი მუმლაძემ კი – 3.68% (1 516 ხმა) მიიღო.

აღსანიშნავია ასევე, რომ პარტიის თავმჯდომარის არჩევნების დაწყებამდე ერთი დღით ადრე, 27 იანვარს, ლევან ხაბეიშვილმა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ გაძლიერების 12-პუნქტიანი გეგმა წარადგინა, რომელიც ასე გამოყურებოდა:

  1. მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების შტაბისა და პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლების კომიტეტი შექმნა;
  2. პირველ 100 დღეში პარტიის ცენტრალური სამდივნოს რესტრუქტურიზაცია;
  3. პირველ 100 დღეში რეგიონული ორგანიზაციების გაძლიერება;
  4. პირველ 100 დღეში თბილისის საქალაქო ორგანიზაციის გაძლიერება-განახლება;
  5. ახალგაზრდული ორგანიზაციის გაძლიერება;
  6. ენმ-ის საკრებულოს წევრებისგან თვითმმართველობის წევრთა კონგრესის შექმნა;
  7. მოქნილი და მოქმედი პოლიტიკური საბჭოს არჩევა;
  8. ქალთა ორგანიზაციის გაძლიერება;
  9. პარტიის გადაწყვეტილებების მიღების პროცესში ემიგრანტების ჩართულობა;
  10. „ნაციონალურ მოძრაობასთან“ არსებული სათათბირო ორგანოს ჩამოყალიბება;
  11. გამჭვირვალე ბიუჯეტი და პროექტული დაფინანსება;
  12. პირველ 100 დღეში ენმ-ის ყრილობის მოწვევა.



ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ რუსული დარტყმის შედეგად თურქული კომპანიის გემის დაზიანებას უპასუხა
პარლამენტის წინ კობახიძის პუტინთან ფორუმში მონაწილეობის წინააღმდეგ საპროტესტო აქცია მიმდინარეობს
ფრანკფურტის აეროპორტში ერთ-ერთ მგზავრს 11 000-ზე მეტი დაუმუშავებელი ბრილიანტი ჩამოართვეს
დედაქალაქში მთავარი ნაძვის ხე და საახალწლო ილუმინაციები აინთო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics

X
GE25BG0000000606108352 საქართველოს ბანკი
GE41TB7089836080100007 TBC ბანკი