08:51 - 29 Mar, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2021-11-28 15:07:01, 828 ნახვა

პოლიტიკა
კახა კუჭავა - პოლიტიკური პოლარიზაცია რეალური გამოწვევაა, საზოგადოებრივ დაყოფას ბოლო არ უჩანს

პოლარიზაცია დღესდღეობით განსაკუთრებით მძაფრად იგრძნობა, საზოგადოებრივ დაყოფას კი ბოლო არ უჩანს, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ კახა კუჭავამ მადრიდში, საპარლამენტთაშორისო კავშირის 143-ე გენერალურ ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისი თქმით, ძლიერი პოლიტიკური პოლარიზაცია და რადიკალური პოლიტიკური რიტორიკა დემოკრატიის ფუნქციონირებისთვის რეალურ გამოწვევას წარმოადგენს.

 „მაშინ, როდესაც ჩვენ ამბიციურ სამომავლო მიზნებზე ვსაუბრობთ, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ჩვენი მმართველობის სისტემები არსებითი საფრთხეების წინაშე დგანან. ძლიერი პოლიტიკური პოლარიზაცია და რადიკალური პოლიტიკური რიტორიკა დემოკრატიის ფუნქციონირებისთვის რეალურ გამოწვევას წარმოადგენს და მთლიან საზოგადოებას ვნებს. აუცილებელია სახელმწიფო ინსტიტუტების მიმართ ნდობის აღდგენა და დემოკრატიული განვითარებისთვის ხელახალი ენერგიის მიცემა.

ჩვენ შეიძლება ვერ ვეთანხმებოდეთ ერთმანეთს ცალკეულ თემატურ საკითხებზე. ეს ნორმალური და საჭირო უთანხმოებაა, რაც დემოკრატიას ამოძრავებს. თუმცა, გასული ათწლეულის მანძილზე პოლარიზაციის ჯერ არნახული ხარისხის მომსწრე გავხდით.

კოვიდ-19 ვირუსის პანდემიამ კიდევ უფრო მეტად მოახდინა გავლენა ბევრი ქვეყნის პოლიტიკურ სტაბილურობაზე. ვირუსთან დაკავშირებულმა შეზღუდვებმა დამატებით შეუწყო ხელი პოლიტიკური პოლარიზების ზრდას.

პოლარიზაცია დღესდღეობით განსაკუთრებით მძაფრად იგრძნობა, საზოგადოებრივ დაყოფას კი ბოლო არ უჩანს.

ჩემი ქვეყანა ამ მხრივ არ არის გამონაკლისი. პოლიტიკური პოლარიზაცია საზოგადოების გამოწვევაა საქართველოშიც.

ამას ემატება ისიც, რომ საქართველოს ტერიტორიის 20%, ორი ისტორიული რეგიონი - აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი, რუსული ოკუპაციის ქვეშაა. ამ რეგიონების მაცხოვრებლები ეთნიკურ ნიადაგზე განხორციელებული ძალადობის და გაუმართლებელი შეზღუდვების მსხვერპლნი არიან, ყოველდღიურად იბრძვიან საკუთარი სიცოცხლისთვის, არ აქვთ წვდომა სათანადო სამედიცინო დახმარებაზე, განათლებაზე და მათი კანონიერი ინტერესები უხეშად არის იგნორირებული.

მჯერა, რომ დემოკრატიული მედეგობის განმტკიცებისთვის, ძლიერი საზოგადოების და მდგრადი მომავლის ასაშენებლად საჭიროა ინოვაციური, გამბედავი და ერთობლივი სტრატეგიები. სასურველია, ეს სტრატეგიები მოიცავდეს შემდეგს:

პირველი, საჭიროა მდგრადი თემებისა და საზოგადოების მშენებლობა. ძლიერი ადგილობრივი ხელისუფლებები, სკოლები, ოჯახები, საზოგადოებრივი ინსტიტუტები და მათი ძალისხმევის გაერთიანება აუცილებელია დემოკრატიის გასამტკიცებლად მისსავე საფუძველში.

მეორე, პოლიტიკურმა აქტორებმა, მედიამ, სამოქალაქო საზოგადოებამ, საზოგადოების ყველა წევრმა პასუხისმგებლიანი როლი უნდა ითამაშონ დემოკრატიისთვის რეალური შინაარსის შეძენაში - მაშასადამე, ააშენონ მოქალაქეზე ორიენტირებული მომავალი, სადაც თითოეული ადამიანი შეძლებს საკუთარი თავის წარმატებით რეალიზებას.

მესამე, ჩვენ ყველამ თავიდან უნდა აღმოვაჩინოთ პარლამენტების მნიშვნელოვანი როლი დემოკრატიის დაცვასა და განმტკიცებაში, ასევე, აქტიური პოლიტიკური კონკურენციიდან დესტრუქციულ პოლარიზაციად გადაქცევის თავიდან არიდების საქმეში. მოსახლეობამ თითოეულ ჩვენგანს ანდო თავიანთი მომავალი, ოცნებები და იმედები; ეს უზარმაზარი ლეგიტიმაცია და პასუხისმგებლობაა, რაც არ უნდა დაიკარგოს.

მშვიდობიანი და კეთილდღეობით სავსე საზოგადოების მშენებლობის მიზნით, საქართველოს პარლამენტმა უნდა განაგრძოს პროგრესი დემოკრატიული განვითარების, ადამიანის უფლებების დაცვის, ეფექტიანი სახელმწიფო ინსტიტუტების მშენებლობის და პროდასავლური საგარეო პოლიტიკის განხორციელების სფეროებში და გაუძღვეს ახალი, არსებითი რეფორმების გატარებას. ეს ასევე დადებითად წაადგება საქართველოს განზრახვას, 2024 წელს გააკეთოს განაცხადი ევროკავშირის წევრობაზე.

როგორც პარლამენტის თავმჯდომარე, პრიორიტეტად ვაქციე პარლამენტში კონსტრუქციული და ინკლუზიური დიალოგის და გარემოს ხელშეწყობა. ჩვენ ყველა უნდა ჩავერთოთ შინაარსობრივ, შედეგზე ორიენტირებულ და კონსტრუქციულ საპარლამენტო დისკუსიებში. ეს განსაკუთრებით საინტერესო პროცესია ახლა, ვინაიდან 2017-2018 წლების საკონსტიტუციო რეფორმისა და პარლამენტის ახალი რეგლამენტის გათვალისწინებით, საქართველოს პარლამენტს გააჩნია მძლავრი ინსტრუმენტები ეფექტიანი საკანონმდებლო და საზედამხედველო საქმიანობისთვის საქართველოს მოსახლეობის საუკეთესო ინტერესების დასაცავად.

მეოთხე, ჩვენ გაგვიმართლა, რომ ვცხოვრობთ სიცოცხლით სავსე და მრავალფეროვან პლანეტაზე. თუმცა, მომავალი თაობებიც იგივეს იმსახურებენ. კლიმატური ცვლილებები ყველა ჩვენგანზე უარყოფით გავლენას ახდენს იმის მიუხედავად, თუ მსოფლიოს რომელ წერტილში ვცხოვრობთ. ჩვენი შვილებისთვის ჯანსაღი და მდგრადი მომავლის უზრუნველსაყოფად, საჭიროა ქმედება, საჭიროა ახლავე მოქმედება. პარლამენტებს შეუძლიათ და უნდა გაუძღვენ კიდეც ამ პროცესს ვითარების არსებითად გასაუმჯობესებლად",- განაცხადა კახა კუჭავამ.

 




ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
რუსეთის საგამოძიებო - Crocus City Hall-ზე მომხდარ ტერაქტთან უკრაინელი ნაციონალისტების კავშირის დამადასტურებელი მტკიცებულება მოვიპოვეთ
სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს ხელმძღვანელობასა და გადამზიდველთა შორის შეთანხმება შედგა
ხერსონში რუსმა სამხედროებმა ტაქსის მძღოლს ცეცხლი გაუხსნეს - დაიღუპა ერთი და დაშავდა ორი ადამიანი
ზელენსკი - მაისი-ივნისში რუსეთი მორიგ მასიურ შეტევას ამზადებს

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics