01:47 - 24 Sep, 2021
2021-09-14 10:45:48, 348 ნახვა

პოლიტიკა
DRI - უკანონო ფარული მიყურადება და თვალთვალი სერიოზულ საფრთხეს უქმნის ქვეყნის განვითარებას

„დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი“ ეხმაურება გუშინ, 12 სექტემბერს „ტვ პირველის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური კონტროლს ახორციელებს საჯარო სამსახურში დასაქმებულ პირებზე, მათ შორის „ქართული ოცნების“ წევრებსა და საპატრიარქოს ადმინისტრაციის თანამშრომლებსა და მღვდელმთავრებზე. 

როგორც DRI-ის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ვკითხულობთ, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მხრიდან, შესაბამისი სამართლებრივი საფუძვლის გარეშე, სხვადასხვა სოციალური ჯგუფების უკანონო აუდიო და ვიდეო მიყურადება, ახალ პრაქტიკას არ წარმოადგენს.  აღნიშნული მეთოდები მმართველი პოლიტიკური ძალის ხელში კონტროლის და პოლიტიკური ანგარიშსწორების იარაღად იქცა.

ამასთანავე, განცხადებაში აღნიშნულია, რომ შესაბამისი სამართლებრივი საფუძვლის გარეშე საჯარო მოხელეებისა და სასულიერო პირების ფარული მოსმენა და თვალთვალი, მათი პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების მოპოვება, წარმოადგენს სახელმწიფო ინსტიტუტების კონსტიტუციური მართლწესრიგიდან გადახვევას და სერიოზულ საფრთხეს უქმნის  ქვეყნის განვითარებას.  

„საქართველოს კონსტიტუციითა და მოქმედი კანონმდებლობით, პირადი ცხოვრების უფლება, მხოლოდ კანონიერი მიზნის მისაღწევად შეიძლება შეიზღუდოს, სასამართლოს გადაწყვეტილებით ან მის გარეშე, კანონით გათვალისწინებული გადაუდებელი აუცილებლობისას.  თუმცა, ადამიანის ინტიმური ცხოვრების ხელშეუვალობის დარღვევა არ შეიძლება გამართლებული იქნას არავითარი გარემოების არსებობისას. პირად ცხოვრებაში ლეგიტიმური ჩარევის შემთხვევაშიც კი, როგორიცაა თვალთვალი კონკრეტული კანონიერი მიზნებისთვის, თვალთვალი დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს, თუ არსებობს ადამიანის პირადი ცხოვრების ძირითადი სფეროს შელახვის საფრთხე და ჩანაწერები განადგურდეს/წაიშალოს. 

სუს-ის მხრიდან განხორციელებული ფარული მოსმენა და თვალთვალი, სამართლებრივი საფუძვლის გარეშე, მათ შორის, ინტიმური ცხოვრების ხელშეუხებლობის დარღვევა, წარმოადგენს ადამიანის პირადი ცხოვრების ყველაზე უხეშ ხელყოფას, რასაც თან ახლავს კონსტიტუციით გარანტირებული სხვა უფლებების - თანასწორობის, მიმოსვლის, სიტყვისა და გამოხატვის, საარჩევნო უფლების უგულებელყოფაც. 

აღსანიშნავია, რომ მოქმედი კანონმდებლობით, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების უგულებელყოფის გზით,  ე.წ. „მოსმენების გასაღები“ სუს-ის მმართველობის სფეროში შემავალი ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს ხელშია,  რაც სერიოზული რისკის ქვეშ აყენებს ადამიანის უფლებებსა და ძირითად თავისუფლებებს, განსაკუთრებით შესაბამის სამსახურებზე სათანადო ზედამხედველობა/კონტროლის მექანიზმების არარსებობის პირობებში“, - ვკითხულობთ განცხადებაში.

დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი მოუწოდებს საქართველოს პარლამენტს, შეიქმნას დროებითი საგამოძიებო კომისია, რომელიც საჯაროობის და გამჭვირვალეობის მაღალი ხარისხით უზრუნველყოფს სუს-ის/სხვა სამართალდამცავი ორგანოების მიერ განხორციელებული უკანონო ფარული მიყურადების ფაქტების შესწავლას.  

ამასთანავე, DRI მოუწოდებს საკანონმდებლო ორგანოს, დაუყოვნებლივ დაიწყოს მსჯელობა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის და ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს ეფექტიანი სამოქალაქო მონიტორინგის და მაღალი ხარისხის ანგარიშვალდებულების უზრუნველმყოფი საკანონმდებლო ჩარჩოს შესაქმნელად, რომელიც მინიმუმამდე შეამცირებს ხელისუფლების მხრიდან უკანონო თვალთვალის რისკებს. 

გარდა ამისა, „დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი“ მიმართავს „ქართულ ოცნებას“ და მის კონტროლის ქვეშ მყოფ სამართლდამცველ სტრუქტურებს, დაბრუნდნენ კონსტიტუციურ ჩარჩოებში და უარი თქვან ფარული მოსმენის, როგორც პოლიტიკური და პირადი ანგარიშსწორების იარაღად გამოყენებაზე.  




ავტორი: ლანა მრავალაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
კომენტარები

კორონავირუსი - ყველა სიახლე

ვიდეო/LIVE

ლიდერთა შეხვედრა - ერთობლივი განცხადებები












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics