10:40 - 09 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-02-02 16:40:40, 321 ნახვა

ვაშაძე: პროკურატურა და შსს პოლიტიკური ხელმძღვანელობისგან მიღებულ დავალებას ასრულებენ

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრი გიორგი ვაშაძე კორტებთან ჩატარებულ სპეცოპერაციასთან დაკავშირებით დღევანდელ დაკავებებს გამოეხმაურა. როგორც ვაშაძემ განაცხადა,  პროკურატურა  და შსს პოლიტკური  ხელმძღვანელობისგან  მიღებულ დავალებას ასრულებენ.

"ეს ყველაფერი ძირითადად გამოიყენება პოლიტიკური სპეკულაციისთვის. სამართალდამცავი ორგანოები უნდა იძიებდნენ საქმეს და წერტილს უნდა სვამდნენ ნებისმიერ საქმესთან დაკავშირებით. უნდა მიჰქონდეთ ეს საქმე სასამართლოში და იქ უნდა ხდებოდეს ამ ყველაფრის განხილვა. არ უნდა ხდებოდეს ამ საქმეების პოლიტიკური მანიპულაციებისთვის გამოყენება. ვწუხვარ,  რომ დღეს ის რეალობაა ქვეყანაში, როცა პოლიტიკურად მოტივირებული პროკურატურაა და შსს აკეთებს იმას, რა დავალებასაც იღებს პოლიტიკური  ხელმძღვანელობისგან",-განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

ცნობისთვის, პროკურატურამ ე.წ.  კორტებთან ჩატარებული სპეცოპერაციის საქმე გახსნა. გამოძიების ინფორმაციით, 2006 წლის 02 მაისს კორტებთან ჩატარებული სპეცოპერაციის დროს  ზურაბ ვაზაგაშვილი და ალექსანდრე ხუბულოვი მოკლულ იქნენ შსს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის  დირექტორის ყოფილი მოადგილის ირაკლი ფირცხალავას ხელმძღვანელობით მომხდარი შეიარაღებული თავდასხმისას, რომელსაც ყალბად ყაჩაღობის მომზადების აღსაკვეთად ჩატარებული წარმატებული სპეცოპერაცია უწოდეს.

უწყების ცნობით, ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილეს ირაკლი ფირცხალავას  ალექსანდრე ხუბულოვის მიმართ პირადი დაინტერესება ჰქონდა.
კერძოდ, გამოძიების ინფორმაციით,  2006 წლის 07 აპრილს, სოდის თანამშრომლების მიერ, ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით დაკავებულ იქნა ირაკლი ფირცხალავას ძმა ლევან ფირცხალავა. ლევან ფირცხალავას მიერ დანაშაულის ჩადენის შესახებ ინფორმაცია სამართალდამცავებს, მის დაკავებამდე რამოდენიმე დღით ადრე მიაწოდა მოგვიანებით სპეცოპერაციის დროს მოკლულმა ალექსანდრე ხუბულოვმა, რის შესახებაც ცნობილი გახდა ირაკლი ფირცხალავასთვის. პროკურატურაში განმარტავენ, რომ  ირაკლი ფირცხალავასთვის, როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროს მაღალჩინოსნისთვის, მიუღებელი აღმოჩნდა მისი თანამდებობრივი ავტორიტეტისა და რეპუტაციის ამგვარი ფორმით საფრთხის ქვეშ დაყენება, რის გამოც გადაწყვიტა ლიკვიდაციის გზით, შური ეძია მისი ძმის დაკავების საქმეში მთავარ ფიგურანტ ალექსანდრე ხუბულოვზე.

ხსენებულ საქმეზე, პროკურატურის მიერ სასამართლოს განჩინების საფუძველზე, განზრახ მკვლელობის, მტკიცებულებათა ფალსიფიკაციის და განზრახ უკანონო დაკავების ბრალდებებით დაკავებულ იქნა 11 პირი: შსს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის  დირექტორის ყოფილი მოადგილე ირაკლი ფირცხალავა; შსს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის  სამძებროს სამმართველოს უფროსის ყოფილი მოადგილე გიორგი ცააძე; შსს კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ყოფილი გამომძიებელი ლევან ბეროძე; შსს ქ.თბილისის შს მთავარი სამმართველოს სპეცდანიშნულების ჯგუფის ყოფილი უფროსი კახაბერ ნაკანი და მისი ყოფილი მოადგილე გიორგი გულბიანი; სპეცდანიშნულების ჯგუფის წევრები: იასონ მილაძე, ალექსანდრე ციმაკურიძე, ზურაბ ჯოხაძე, დავით ალელიშვილი, სოსო ჩაკვეტაია, ალექსანდრე სანიკიძე.
ხოლო ერთი პირის - შსს კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ყოფილ გამომძიებელ გრიგოლ კვინიკაძის მიმართ, რომელსაც დატოვებული აქვს საქართველოს საზღვარი, გამოტანილ იქნა დადგენილება ბრალდების შესახებ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
თეთრ სახლში თქვეს, რომ ტრამპი რუტესთან შეხვედრაზე NATO-ს დატოვების შესაძლებლობასაც განიხილავს
ირანი აშშ-ს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების რამდენიმე პუნქტის დარღვევაში ადანაშაულებს
ირანული მედია: თეირანში აფეთქებების ხმა გაისმა
რუსეთის ნავთობიდან შემოსავალმა 2022 წლის შემდეგ მაქსიმუმს მიაღწია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics